„კლიმატის გლობალური ცვლილებების ფონზე საქართელოში მკვეთრად გაიზარდა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების ინტენსივობა და ხანგრძლივობა. ამის დასტურია გრიგალური ქარისა და ქარბორბალას გახშირებული შემთხვევები, რაც ადრე არ დაფიქსირებულა. მაგალითად, 2021 წლის 25 სექტემბერს, ქალაქ ფოთში ერთ-ერთ ტერმინალზე, განვითარდა ტორნადო (ქარბორბალა), რასაც მოჰყვა ინფრასტრუქტურის დაზიანება. 2023 წლის 4 ივნისს კი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა ტორნადო. სოფელ ვაჩიანში ძლიერ სეტყვას ქარი მოჰყვა, რომელიც ტორნადოში გადაიზარდა და სოფელში ბევრ სახლს სახურავი გადახადა. 2024 წლის 25 ივნისის ტორნადომ კახეთში დაგლიჯა ხეები. სტიქიამ დააზიანა ალავერდის გუმბათი, როგორც შიდა, ასევე, გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. 2024 წლის 9 ივნისს, იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სტიქიამ დააზარალა მოსახლეობა. საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები და საცხოვრებელი სახლები.მოსალოდნელია, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეები, როგორიცაა ძლიერი წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, ზვავი, სეტყვა, ქარიშხალი, გვალვა და ა.შ. უფრო ხშირი და მძიმე გახდება კლიმატის ცვლილების, ეკოსისტემის დეგრადაციის, მოსახლეობის ზრდისა და ურბანიზაციის გამო”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მიხეილ ფიფია საგრანტო პროექტის - „საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების კვლევა საქართველოს ტერიტორიაზე”, შეფასებისას აცხადებს.
საგრანტო პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თანაწამყვანი კი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შესაბამისად, პროექტი ხორციელება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ბაზებზე, სადაც დასახული ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი კვლევითი გარემოა შექმნილი.
პროექტში ჩართულნი არიან - სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნაზიბროლა ბეგლარაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი) და მიხეილ ფიფია (პროექტის კოორდინატორი), თანაწამყვანი ორგანიზაციიდან კი, თსუ-ის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფეროს ფიზიკის სექტორის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ნინო ჯამრიშვილი (პროექტის ძირიტადი შემსრულებელი). ზემოთ ჩამოთვლილი მეცნიერები საგრანტო პროექტის “საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების კვლევა საქართველოს ტერიტორიაზე” ფარგლებში, კვლევას ატარებენ.
როგორც ნაზიბროლა ბეგლარიშვილი აცხადებს, კვლევის მიზანია საქართველოში საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების (თავსხმა ნალექი, გვალვა, წაყინვა, ძლიერი ქარი, სეტყვა, ნისლი) კლიმატური მახასიათებლების გამოკვლევა (ინტენსივობა, დღეთა რიცხვი, არეალები, განმეორადობა, ხანგრძლიობა).
„საქართველოსთვის შეიქმნება ბოლო 50 წლის პერიოდის1973-2022 წლებისთვის, მეტეოროლოგიური მოვლენების მონაცემთა ბაზა, შემუშავდება კლიმატური მახასიათებლების - ინტენსივობის, დღეთა რიცხვის, განმეორადობის გეოინფორმაციული რუკები. დადგინდება ძირითადი არეალები, ხანგრძლიობა და გამოვლინდება ამ მახასიათებლების გეოგრაფიული კანონზომიერებები. პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების (თავსხმა ნალექი, გვალვა, წაყინვა, ძლიერი ქარი, სეტყვა, ნისლი) მონაცემთა ბაზის ფორმირებაში მდგომარეობს. ხდება მონაცემთა დამუშავება, ეს მონაცემებია: ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისა და მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის საარქივო მასალები, მუნიციპალიტეტებიდან მიღებული კლიმატური ცნობარები სტიქიისგან მიყენებული დაზიანებების შესახებ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით და ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციები. თითოეული საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა თავისებურებებით ხასიათდება, სწორედ ამ თავისებურებების გათვალისწინებით მოხდება ამ მოვლენების ინტენსივობის კომპლექსური შეფასება. შესრულებული სამუშაოს საფუძველზე შეიქმნება სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების ინტენსივობის, აგრეთვე მათი საშუალო და უდიდეს დღეთა რიცხვის გეოინფორმაციული რუკები. ასევე, მოხდება საკვლევი საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების შეფასება. დასკვნით ეტაპზე მოხდება წინა პერიოდებში შესრულებული სამუშაოების შეჯამება. ჩატარდება შემუშავებული გეოინფორმაციული რუკების და გამოკვლეული საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების სივრცულ-დროითი ანალიზი, მათი მრავალწლიური ცვლილების შეფასება, გამოვლინდება ახალი გეოგრაფიული კანონზომიერებები. საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კვლევაში მეთოდების კომპლექსური გამოყენებით განისაზღვრება პროექტის განხორციელების ინოვაციური მიდგომა“, - აცხადებს ნაზიბროლა ბეგლარიშვილი.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტის დასრულების შედეგად შეიქმნება დამხმარე/საგანმანათლებლო ლიტერატურა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ინტელექტუალურ საკუთრებად და მკვლევართა გუნდის წევრების მიერ გამოყენებული იქნება უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის შესაბამისი სალექციო კურსებში.