საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა, ნინო ომანაძემ მონაწილება მიიღო კონფერენციაში „პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოში - არსებული სამართლებრივი მექანიზმები და პრაქტიკული გამოწვევები”.
კონფერენციაში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრის (IP & Tech Law Research Center) ორგანიზებითა და სტუ-ის მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები, იურიდიული კომპანიები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტები.
კონფერენცია გახსნეს IP & Tech Law Research Center-ის დამფუძნებელმა ლიკა შიხიაშვილმა და თანადამფუძნებელმა ნინო ჯიბუტმა.
მათი ინფორმაციით, კონფერენციაზე დარეგისტრირდა 100-მდე პრაქტიკოსი იურისტი, დარგის სპეციალისტი, სტუდენტი, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი. ისინი განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი საკითხები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი, ხელოვნური ინტელექტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვა, საქართველოში არსებული გამოწვევები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის, ნინო ომანაძის თქმით, პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ძალაში შესვლისთანავე უნივერსიტეტში შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია, უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობს.
„საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებისთანავე უნივერსიტეტში შეიქმნა შესაბამისი სამსახური, გავიარეთ ტრენინგები და შევუდექით საქმიანობას. პირველ რიგში, შევიმუშავეთ სამართლებრივი აქტები, რითაც ჩვენი საქმიანობა მოვიყვანეთ კანონთან შესაბამისობაში. კონფერენცია მეტად მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუცია ახალი შექმნილია და IP & Tech Law Research Center-ს, რომელიც ევროპაში მოქმედი ორგანიზაციაა, საშუალება აქვს, გაგვიზიაროს ევროპული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია”, - აცხადებს ნინო ომანაძე.
ინფორმაციისთვის: პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 2023 წელს მიიღო.
ამ თანამდებობის შემოღების აუცილებლობა გათვალისწინებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს სამართლებრივი აქტებით. კანონი უკვე მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში.