საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM ინოვატორთა ასოციაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის - „საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსი“ - დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც სპეციალურმა ჟიურიმ მოსწავლეთა სამ საუკეთესო გუნდურ პროექტს I, II და III საპრიზო ადგილი მიაკუთვნა.
„საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსს“ საფუძვლად დაედო STEM ინოვატორთა ასოციაციის მიერ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების STEM საგნების მასწავლებლებისთვის გამოცხადებული ტრენინგ-მოდული - „STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება“, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი - დავით სონღულაშვილი უძღვებოდა.
კონკურსმა სტარტი მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღო. მასში მონაწილეობის მიზნით, რეგისტრაცია თბილისისა და საქართველოს რეგიონების 60-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებითა და მათი მენტორებით (STEM მასწავლებელი) დაკომპლექტებული გუნდი დარეგისტრირდა. ტექნიკური გადარჩევის შედეგად, კონკურსში 52 სკოლის გუნდი ჩაერთო. სტუ-ის „იმს“ ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრებით, ასევე, STEM ინოვატორთა ასოციაციისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიურის გადაწყვეტილებით, ნახევარფინალური ტური 15-მა გუნდმა გადალახა.
კონკურსის დასკვნითი ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამ ეტაპად ჩატარდა. ფინალისტმა გუნდებმა, მენტორების ხელმძღვანელობით, ჟიურის წევრებს საკონკურსო პროექტების პრეზენტაციები წარუდგინეს, რის შემდეგაც მოეწყო საკონკურსო STEM პროექტების გამოფენა, რომელზეც გუნდებმა დამწრე საზოგადოებას თავიანთი პროექტები გააცნეს და მათზე მუშაობისას მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ნახევარფინალისტმა გუნდებმა, ასევე, კონკურსის მონაწილე სხვადასხვა სკოლის 15 გუნდმა, რომელთა პროექტები ჟიურის წევრებმა საინტერესოდ მიიჩნიეს.
საკონკურსო STEM პროექტების გამოფენა დაათვალიერეს და სასკოლო გუნდებს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ, ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა აკაკი გიგინეიშვილმა, კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან იმნაიშვილმა, „იმს“ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, ასევე, STEM ინოვატორთა ასოციაციის თავმდომარე უტა კილასონიამ, ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ზარდიაშვილმა და ასოციაციის წარმომადგენლმა მარეხ მაზანაშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ და ამავე ცენტრის ფიზიკის მიმართულების ექსპერტ-კონსულტანტმა ზურაბ ბერაიამ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა, ასევე, სხვა მიწვეულმა სტუმრებმა.
„საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსის“ დასკვნითი ღონისძიების დასასრულს, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა გახსნა. ზურაბ გუდავაძე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და კონკურსის მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვა.
„ამაყი ვარ, რომ დღეს თქვენ წინაშე გამოვდივარ. გამოფენაზე წარმოდგენილმა საკონკურსო STEM პროექტებმა, კონკურსში მონაწილე სასკოლო გუნდებმა და მათმა მენტორებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს. ამ ახალგაზრდებში ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ვხედავთ! მრავალი მათგანი გახდება მეცნიერი, სხვადასხვა დარგისა და სფეროს პროფესიონალი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი - სწორედ ასეთი ახალგაზრდები არიან ის ფასეულობა, რომელსაც განვითარებისა და აღორძინების გზაზე მავალი ჩვენი ქვეყანა დაეყრდნობა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსის მონაწილე ყველა გუნდს, მათ მენტორებს, ყველა სკოლას! მეტი განსაწავლულობა STEM საგნებში, მეტი ინოვაცია, მეტი ღირსეული წარმატება ჩვენს მომავალ თაობებს!“, - აღნიშნა ზურაბ გუდავაძემ.
STEM ინოვატორთა ასოციაციის თავმჯდომარე უტა კილასონიამ, ასოციაციის წარმომადგენლმა მარეხ მაზანაშვილმა და სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, თალიკო ჟვანიამ აუდიტორიას ჟიურის გადაწყვეტილება გააცნეს და კონკურსის სამი საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეთა გუნდები წარუდგინეს. მათი განცხადებით, საკონკურსო ჟიურიმ სამი გამარჯვებული თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების 15 ნახევარფინალისტ გუნდს შორის გამოავლინა.
I საპრიზო ადგილი პროექტისთვის - „მეწყრული პროცესების პროგნოზირების სისტემა“ - აჭარის ქედის მუნიციპალიტეტის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. I ადგილის მფლობელ გუნდს კუთვნილი ჯილდო - სიგელი და 2000-ლარიანი ვაუჩერი - უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა გადასცა.
მე-2 საპრიზო ადგილი, პროექტისთვის - „ჭკვიანი სახაზავი“, ჟიურიმ თბილისის 157-ე საჯარო სკოლის გუნდს მიაკუთვნა. მას სიგელი და 1000-ლარიანი ვაუჩერი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ გადასცა.
საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტისთვის - „მარწყვის სათბური“ - მე-3 საპრიზო ადგილის მფლობელი ქ. ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელიც სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აკაკი გიგინეიშვილმა სიგელითა და 500-ლარიანი ვაუჩერით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიაზე STEM ინოვატორთა ასოციაციის „რჩეული“ მცხეთის მე-2, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტახტიძირის საჯარო სკოლების გუნდები გახდნენ. ასოციაციამ „რჩეული გუნდები“ STEM სასწავლო ნაკრებით დაასაჩუქრა. სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერმა დავით სონღულაშვილმა „რჩეულ გუნდად“, პროექტისთვის - „ვირტუალური დიაგნოსტიკა“, თბილისის მე-2 საჯარო სკოლის გუნდი და მენტორი მარიამ ჩახვაშვილი აღიარა და საჩუქრად თავისივე შექმნილი „ვირტუალური ლაბორატორია“ გადასცა. „2024 წლის საუკეთესო STEM ინოვატორის“ წოდება კი პირველ საპრიზო ადგილზე გასული გუნდის მენტორს, ქედის მუნიციპალიტეტის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს, ნაირა გოგიტიძეს მიენიჭა.