სტუ-ში სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულები გაიხსნა

სტუ-ში სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულები გაიხსნა

 

სტუ-ში სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულები გაიხსნა

25-09-2024
სტუ-ში სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულები გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „ენების ევროპულ დღესთან“ (European Day of Languages) დაკავშირებით, მოწოდებით - „ქართული და აფხაზური ენებით, კულტურებითა და ტრადიციებით მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველოთი ევროპისკენ“ - საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულები გაიხსნა. 

კვირეულების გახსნა დააანონსა და აღნიშნული ციკლური ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, სტუ-თან არსებული „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“ დირექტორი კონსტანტინე ფხაკაძე, ცენტრის მკვლევრები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ვიცე-რექტორის, თამარ ლომინაძის განცხადებით, 26 სექტემბერს „ენების ევროპულ დღეს“ ევროპის საბჭო ყველა ქვეყნისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი დევიზით - „ენები მშვიდობისთვის“ (Languages for Peace) აღნიშნავს. თამარ ლომინაძის თქმით, 21-ე საუკუნეში, მსოფლიოს ქვეყნები დგანან ტექნოლოგიური ანბანების შემუშავების უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე, ხოლო მკვლევრები აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად ერთიანდებიან. 

2 (2).png

„21-ე საუკუნეში, მსოფლიოს ქვეყნები და ერები კიდევ ერთხელ დადგნენ თავიანთი ენებისთვის ტექნოლოგიური ანბანების შემუშავების აუცილებლობის წინაშე, რაც ამ ენებისა და ამ ენებით მოცემული სააზროვნო და საკომუნიკაციო სისტემების სრულყოფილად მცოდნე, ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემების შემუშავებას გულისხმობს.

გამოწვევა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვისაც, სადაც ორი სახელმწიფო ენაა - ქართული და აფხაზური. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ასეთი ტექნოლოგიური ანბანების არმქონე ენები განწირულნი არიან ციფრული კვდომისთვის, რაც კულტურის მატარებელი და მაწარმოებელი ენის სტატუსის დაკარგვას ნიშნავს. პრობლემის გლობალურობიდან გამომდინარე, ევროპის საბჭო, დევიზით - „ენები მშვიდობისათვის“, ენების ევროპულ დღეს აღნიშნავს და ყურადღებას ამახვილებს ენების სამშვიდობო მისიაზე.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი“, რომლის ეგიდით 2020 წლიდან ჩვენს უნივერსიტეტში ქართული და აფხაზური ენების დღეებს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება მიეძღვნა, მოწოდებით - „ქართული და აფხაზური ენებით ევროკავშირში“.

კვირეულები მნიშვნელოვანი ციკლური ღონისძიებაა და ის გაიხსნება მოხსენებით, რომელსაც საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე წარმოადგენს. ვფიქრობთ, მოხსენებაც და კვირეულებიც განსაკუთრებით საინტერესო ჩვენი მომავალი თაობისთვის, სტუდენტებისთვის აღმოჩნდება“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ. 

ღონისძიების მონაწილეთა დიდი დაინტერესება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“ დირექტორის, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრის, პროფესორ კონსტანტინე ფხაკაძის მოხსენებამ გამოიწვია. 

თავის მოხსენებაში - „ქართული და აფხაზური ენების ტექნოლოგიური ანბანების შემუშავების აუცილებლობები და საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნების მიზნები“ - მან ისაუბრა სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულების მისიაზე, ასევე, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გადადგმული იმ მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის ეპოქალური მნიშვნელობის მქონე კულტურულ გამოწვევებთან.

როგორც კონსტანტინე ფხაკაძემ აღნიშნა, სამეცნიერო ღონისძიება, გარდა ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის ეპოქალური მნიშვნელობების მქონე გამოწვევებისა, არსებითად ეხმიანება აგრეთვე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და მშვიდობიანი გზებით საქართველოს გაერთიანების მიზნებს.

კონსტანტინე ფხაკაძის განცხადებით, „უკვე კარს მომდგარ ციფრულ ეპოქაში ანუ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საქართველოს მთავარი სახელმწიფო ენა - ქართული და, ასევე, საქართველოს მეორე სახელმწიფო ენა - აფხაზური ციფრული კვდომის საფრთხის ქვეშ მყოფ ენათა შორის იმყოფებიან, მთელ რიგ სხვა ევროპულ ენებთან ერთად.

ამდენად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს და არის კიდეც ციფრულ ეპოქაში საქართველოს სახელმწიფო ენების ანუ ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვა. ეს კი, თავის მხრივ, აუცილებლობით ითხოვს სწავლის უნარებით აღჭურვილი ქართული და აფხაზური ენების თითქმის სრულყოფილად მცოდნე ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემების, სხვა სიტყვებით, ქართული და აფხაზური ენების ტექნოლოგიური ანბანების შემუშავებას, რის გარეშეც, ცხადია, ვერაფრით ვერ მოხერხდება მომავლის ციფრულ სამყაროში თვითმყოფადი ქართული და აფხაზური ენებისა და კულტურების ვერც დაცვა, ვერც შენარჩუნება და ვერც განვითარება. 

ცხადია, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერა ზემოაღნიშნული უმნიშვნელოვანესი მიზნების მიღწევაში, რასთან დაკავშირებითაც მოხსენებისას კონსტანტინე ფხაკაძემ ხაზი გაუსვა შემდეგს: „23 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით გამართულ "მომავლის სამიტზე" საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 4-წუთიანმა გამოსვლამ გეგმები მცირედ შეგვიცვალა, რისი მიზეზიც ბატონი პრემიერის ამ სიტყვის შინაარსისა და ჩვენი დღევანდელი მოხსენების მიზნების პირდაპირი ურთიერთკავშირებია.

უფრო გასაგები რომ იყოს, ვციტირებთ ამ 10-აბზაციანი გამოსვლის ერთ-ერთ მთავარ აბზაცს: „ჩვენს ციფრულ სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები წარმოადგენენ უზარმაზარ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, გლობალურმა ციფრულმა შეთანხმებამ უნდა ითამაშოს საგზაო რუკის როლი ღია, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული მომავლის ფორმირებაში. ასევე, ამ შეთანხმებას ენიჭება საკვანძო როლი უახლესი ტექნოლოგიების უპირატესობების ფართო გამოყენებასა და საინტერნეტო და არასაინტერნეტო სივრცეებში ადამიანის უფლებების დაცვაში.“

ირაკლი კობახიძის ამ მეტად მნიშვნელოვან სიტყვაში, რომელიც ქართულ მედიაში მისი მნიშვნელობების შესაბამისად ვერ გაშუქდა, ხაზი ესმება „ღია, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული მომავლის“ ფორმირების საკითხს, რაც არსებითად ეხმიანება ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის ეპოქალური მნიშვნელობების მქონე გამოწვევებს.“

საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაარსებასთან დაკავშირებით კონსტანტინე ფხაკაძემ განაცხადა, რომ ინსტიტუტი დაფუძნდება „სტუ-თან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“ ბაზაზე და შესაბამისად, დაფუძნებისთანავე კვლევითი ინსტიტუტი ცენტრში მოქმედი ორი გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში - „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ და „აფხაზური ენის სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის გეგმა-პროგრამა“ - იმუშავებს.“ ასევე, მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ინსტიტუტში იფუნქციონირებს ლოგიკის, ენისა და ხელოვნური ინტელექტის განყოფილება და ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია.“

კონსტანტინე ფხაკაძის თქმით, „საქართველოს სახელმწიფო ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და აკადემიური საბჭოს მხარდაჭერით და, აგრეთვე, სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) შესაბამისად უკვე დაგეგმილია ფაკულტეტთაშორისო სამსაფეხურიანი (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) სასწავლო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია და გამოთვლითი ლინგვისტიკა“ დაფუძნება-ამოქმედება.“

მოხსენების დასრულების შემდეგ შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. პროფესორმა კონსტანტინე ფხაკაძემ სტუდენტებისა და კოლეგების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

„საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვირეულების“ ფარგლებში, სტუ-სთან არსებული „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი“ გეგმავს ერთი თვის განმავლობაში სადისკუსიო რეჟიმში გამართოს ღონისძიებები საქართველოს თითქმის ყველა მოწინავე უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტებში.

ციკლური ღონისძიება მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი კვირეულით დასრულდება. 

სიახლეებში დაბრუნება