საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ მკვლევრებმა სამეცნიერო პროცესების მართვის მიმართულებით, დანიაში მეცნიერების მენეჯერთათვის განკუთვნილი კვალიფიკაციის ამაღლების ინტენსიური სასერტიფიკატო კურსი გაიარეს, რომელსაც დანიური ორგანიზაცია DARMA (კვლევის მენეჯერებისა და ადმინისტრატორების დანიური ასოციაცია) უძღვებოდა.
მეცნიერების მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - „ტექინფორმის“ თანამშრომლები დანიის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და კვლევების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ, ასევე, დანიის წამყვანი უნივერსიტეტების საქმიანობას გაეცნენ.
სასერტიფიკატო პროგრამის ერთ-ერთი მონაწილის, „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარიამ რაზმაძის განცხადებით, კურსი, რომელიც ორგანიზაცია DARMA-ს მაღალპროფესიონალმა ტრენერებმა ჩაატარეს, დატვირთული იყო პრეზენტაციებითა და დებატებით იმ თემების შესახებ, რაც საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, სამეცნიერო კვლევების ადმინისტრირების მიმართულებით, აქტუალური და პრიორიტეტულია.
„ინტენსიური კურსის ფარგლებში გავეცანით ევროპულ კვლევით პოლიტიკას, რასაც მეცნიერების მენეჯერთა პროფესიაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, უმნიშვნელოვანესი, ხშირად კი გადამწყვეტი გავლენა აქვს.
DARMA-ს სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ჩვენს სფეროში ცნობიერების ამაღლებასა და შესაძლებლობების განვითარებაზე, სამეცნიერო კვლევების ადმინისტრატორთათვის ეროვნული ქსელების შექმნის აუცილებლობასა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებზე, კვლევითი პროექტების ადმინისტრაციული მხარდაჭერის აღწერასა და განაცხადების შეფასების აუცილებელ დეტალებზე, დაფინანსების წყაროების მოძიების შესაძლებლობებზე, ასევე, მენტორინგის სისტემის ამოქმედებაზე კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ თუ ევროპულ ქსელებში და სხვა“, - აღნიშნავს მარიამ რაზმაძე.
მისივე ინფორმაციით, სასერტიფიკატო პროგრამის ეგიდით, გაიმართა ინფორმაციული და საინტერესო შეხვედრა დანიის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და კვლევების სააგენტოს წარმომადგენლების - ანდერს დეგარდის, ჟოზეფინ თემ პარნასის, იონას ტოფტ ლუდვიგსენისა და ემა ჰოლმის მონაწილეობით. შეხვედრაზე განიხილეს მეცნიერების მართვის დანიური მოდელი და სამეცნიერო ეკოსისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, დაფინანსების წყაროები და საერთაშორისო პარტნიორობის შესაძლებლობები.
როგორც მარიამ რაზმაძე აღნიშნავს, კურსის მონაწილეებმა დანიის წამყვან უნივერსიტეტებში მეცნიერების მართვის მოდელები შეისწავლეს და მათთან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
ამ მიზნით ისინი ესტუმრნენ კოპენჰაგენის უნივერსიტეტს, კოპენჰაგენის IT უნივერსიტეტს, არჰუსის, ალბორგის და სამხრეთ დანიის უნივერსიტეტებს, ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დანიურ ბიზნესსკოლას (CBS), რომელიც არაერთი წელია წამყვან პოზიციაზეა უნივერსიტეტების რეიტინგის საერთაშორისო სისტემებში.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, კვალიფიკაციის ამაღლების კონკურსში გამარჯვების შედეგად, მეცნიერების მენეჯერთათვის განკუთვნილი კვალიფიკაციის ამაღლების ინტენსიური სასერტიფიკატო კურსი, „ტექინფორმის“ მკვლევრებთან ერთად, საქართველოს სამი უნივერსიტეტისა და ერთი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა გაიარეს.