სტუ-ის სტუდენტებმა, არქეოლოგიური ექსპედიციისას, რომის იმპერიის დამაარსებლის მონეტა აღმოაჩინეს

სტუ-ის სტუდენტებმა, არქეოლოგიური ექსპედიციისას, რომის იმპერიის დამაარსებლის მონეტა აღმოაჩინეს

 

სტუ-ის სტუდენტებმა, არქეოლოგიური ექსპედიციისას, რომის იმპერიის დამაარსებლის მონეტა აღმოაჩინეს

15-04-2024
სტუ-ის სტუდენტებმა, არქეოლოგიური ექსპედიციისას, რომის იმპერიის დამაარსებლის მონეტა აღმოაჩინეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, ცნობილი არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ხელმძღვანელობით, ქვემოჭალის (ქართლი) მიმდებარე ტერიტორიაზე, არქეოლოგიური არტეფაქტების გადარჩენის სამუშაოები აწარმოეს და  მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენის უშუალო თანამონაწილეები გახდნენ. 

ქვემოჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელშიც სტუ-ის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მკვლევრები და არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ, მიაკვლია გვიანელინისტური და შუასაუკუნეების ხანის სამაროვანსა და ნამოსახლარებს. მათ შორის საყურადღებოა სამაროვნის რიგით N3 სამარხი, რომელშიც ორი მიცვალებული იყო დაკრძალული.  ექსპედიციის მონაწილეებმა, პირველი მიცვალებულის თავის ქალასთან  ახ.წ. I-II ს. დათარიღებულ ოქროს ორ  საყურეს და  რომის იმპერიის დამაარსებლისა და მისი პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დროინდელ მონეტას მიაკვლიეს.

არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდნენ მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორები მერაბ ძნელაძე და ვაჟა სადრაძე.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილის განცხადებით არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა აღმოჩენილი სამარხი შეიწავლეს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია მომავალი არქეოლოგების პროფესიული დახელოვნების კუთხით. დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ექსპედიციისთვის სტუდენტები სათანადოდ მომზადებული და კარგად ეკიპირებული იყვნენ.


„ქვემოჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე  არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების რამდენიმე წელია ეპიზოდურად მიმდინარეობს. ექსპედიციის მიზანი სტრატიგრაფიული მონაცემების დაზუსტება იყო. გათხრითი სამუშაოების ჩატარებისას კი ექსპედიციამ მიაკვლია გვიანელინისტური და შუასაუკუნეების ხანის სამაროვანსა და ნამოსახლარებს. სამარხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეისწავლეს, მიიღეს უშუალო მონაწილეობა, როგორც დაზვერვით სამუშაოებსა და სტაციონარულ გათხრებში, ასევე, ძეგლის აღმოჩენილი მონაკვეთის აგეგმვაში, ქვაყრილის ზედაპირის გაწმედასა და სამარხების პრეპარაციაში.

 „არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდანენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ცნობილი არქეოლოგი მერაბ ძნელაძე და მკვლევარი, პროფესორი ვაჟა სადრაძე. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა მათი ხელმძღვანელობით გაიარეს საველე კვლევა-ძიების მეთოდიკის კურსი და გახდნენ კიდეც არქეოლოგიური აღმოჩენის თანამონაწილეები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია სათანადოდ იყო მომზადებული, მონაწილეები უზრუნველყოფილი იყვნენ ეკიპირებით: კარვებით, საძილე ტომრებით, კარვის ნათურებით, სამუშაო და საპრეპარაციო იარაღებით, სტაციონარული კარვით, კვებითა და ტრანსპორტით. დარწმუნებული ვართ, სტუდენტებისთვის დაუვიწყარი იქნება ექსპედიცია, რომელიც მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენას უკავშირდება. გარდა ამისა, საველე სამუშაოებით მათ თეორიული ცოდნაც გაიღრმავეს და პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც შეიძინეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უშუალო მხარდაჭერით, არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა  არაერთ საინტერესო არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებთ“, - განაცხადა ივანე ჯაგოდნიშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, ქვემოჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე  ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის აღმოჩენის შედეგები სტუ-ის არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ჟურნალში „ალმანახი“ გამოქვეყნდება, სამარხებში აღმოჩენილი არქეტიპების გამოფენა კი საქართველოს ტექნიკური უნუვერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის სამუზეუმო ფონდებში მოეწყობა.

სიახლეებში დაბრუნება