ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი სტუ-ში ფუნქციონირებს სტუდენტების აკადემიური წარმატების, პიროვნული განვითარების და პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით. ცენტრი შექმნილია Erasmus+ პროექტ PROMENT-ის (Promoting professional education and students engagement through comprehensive mentoring and tutoring system at HEIs) ფარგლებში და ეფუძნება ევროპულ პრაქტიკებს, რომლებიც აერთიანებს ინდივიდუალური და ჯგუფური ტუტორინგის, მენტორინგის, კარიერული მხარდაჭერისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ელემენტებს.
ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ პირველკურსელებს, უცხოენოვან და იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებს, ასევე მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ გააძლიერონ აკადემიური უნარები, განივითარონ პიროვნული და სოციალური კომპეტენციები და გაზარდონ კარიერული შესაძლებლობები.
ტუტორები (წარმატებული უფროსი კურსის სტუდენტები) და მენტორები (მეოთხე კურსის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და სფეროს სპეციალისტები) სტუდენტებს სთავაზობენ: ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტუტორინგს, მენტორინგს პროფესიული, აკადემიური და პიროვნული განვითარების მიმართულებით, მხარდაჭერას უცხოენოვანი და იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის, დახმარებას უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პროცესებში ორიენტაციაში, ქალ სტუდენტების გააქტიურებას STEM მიმართულებებში (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) მიმართულებებში, ასევე soft skills-ის განვითარებას (კომუნიკაცია, დროის მენეჯმენტი, პრობლემების გადაწყვეტა, გუნდური მუშაობა).
ცენტრის მიზანია შექმნას მხარდამჭერი, ინკლუზიური და სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, სადაც თითოეული სტუდენტი მიიღებს დროულ, მრავალმხრივ და პერსონალიზებულ დახმარებას, შეძლებს საკუთარი პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებას და აქტიურად ჩაერთვება უნივერსიტეტის აკადემიურ, კვლევით და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.