სტუ-ში ჰიდრავლიკის კათედრის დაარსებიდან 98 და ჰიდროტექნიკის კათედრის დაარსებიდან 94 წლისთავი აღინიშნა

სტუ-ში ჰიდრავლიკის კათედრის დაარსებიდან 98 და ჰიდროტექნიკის კათედრის დაარსებიდან 94 წლისთავი აღინიშნა

 

სტუ-ში ჰიდრავლიკის კათედრის დაარსებიდან 98 და ჰიდროტექნიკის კათედრის დაარსებიდან 94 წლისთავი აღინიშნა

27-01-2025
სტუ-ში ჰიდრავლიკის კათედრის დაარსებიდან 98 და ჰიდროტექნიკის კათედრის დაარსებიდან 94 წლისთავი აღინიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ უძველეს, ჰიდრავლიკის კათედრას დაარსებიდან 98 წლისთავი, ხოლო ჰიდროტექნიკის კათედრას, დაარსებიდან 94 წლისთავი შეუსრულდა. 

კათედრების დაარსების მნიშვნელობაზე, საქართველოში ჰიდროინჟინერიის განვითარების ეტაპებსა და მიმდინარე კვლევებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ესაუბრნენ სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მირიან ყალაბეგიშვილი და დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრები - პროფესორები: ნიკოლოზ დანელია, არჩილ მოწონელიძე, რობერტ დიაკონიძე, ლალი ღოღელიანი, ამირან საყვარელიძე, გიორგი დალაქიშვილი და სხვა ღვაწლმოსილი ჰიდროინჟინრები. 

ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკის კათედრების დაარსების თარიღების აღნიშვნას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჰიდროინჟინრები ესწრებოდნენ. 

ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მირიან ყალაბეგიშვილმა, კოლეგების სახელით, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტებსა და დარგის სპეციალისტებს. 

როგორც მირიან ყალაბეგიშვილმა აღნიშნა, საქართველოში ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსთა მომზადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე 1922 წელს დაიწყო, ხოლო ჰიდრავლიკის კათედრის დაარსების თარიღად 1927 წლის იანვარია მიჩნეული. 

„1928 წელს, პირველი გამოშვების რვა ქართველ ინჟინერს შორის ოთხი - ინჟინერ-ჰიდრომშენებელი იყო. პოლიტექნიკური ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სწორედ 1928 წელს გამოეყო და ჰიდრავლიკის კათედრა, თავისი შემადგენლობით, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გადავიდა. ოთხი წლის შემდეგ, 1931 წელს კი, დაფუძნდა ჰიდროტექნიკის კათედრა. ჰიდრავლიკის კათედრა გაფართოვდა და 1933 წელს „ჰიდრავლიკისა და ჰიდრომანქანების“ კათედრად ჩამოყალიბდა, რომლის ხელმძღვანელობა ისევ პროფესორმა იური ესმანმა გააგრძელა. 1942 წელს, პროფესორ გალაქტიონ ჯიმშელეიშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანდა ჰიდრავლიკისა და ჰიდრონაგებობათა კათედრები. 1955 წლიდან გაერთიანებულ კათედრას უძღვებოდნენ ცნობილი მეცნიერ-ჰიდროინჟინრები: ანდრო ლოსაბერიძე და ნიკოლოზ დანელია.

კათედრაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი სპეციალისტები, როგორებიც იყვნენ პროფესორები: ბესარიონ ჭიჭინაძე, პარმენ ჯიქია, ლევან გველესიანი, ნიკოლოზ ქართველიშვილი, გიორგი ჩოგოვაძე, ნოდარ კერესელიძე, შიო ნაფეტვარიძე, თეიმურაზ ვოინიჩ-სიანოჟენსკი, პავლე შენგელია და სხვები. ეს იყო ერთ-ერთი ძლიერი და წამყვანი კათედრა, რომელზეც სტაჟირებას გადიოდნენ არა მხოლოდ საბჭოთა რესპუბლიკების, არამედ შვედი, ეგვიპტელი და კანადელი სპეციალისტებიც.

1971 წლიდან, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა, ჰიდრავლიკისა და ჰიდრომანქანების, წყალმომარაგებისა და წყალარინების, ასევე, თბომომარაგებისა და ვენტილაციის კათედრების ბაზაზე, შეიქმნა ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი, რომლის პირველი დეკანი იყო პროფესორი ივანე ამაღლობელი. სხვადასხვა წლებში ფაკულტეტს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები: ანდრო ლოსაბერიძე, ნიკოლოზ დანელია, ნიკოლოზ მოწონელიძე, თამაზ ამბროლაძე, ვაჟა ჩიხლაძე, ოთარ ფურცელაძე, ზურაბ დანელია, ლალი ღოღელიანი. 

ამიერკავკასიაში უდიდესი, ბაზისური ელექტროსადგურის - ენგურჰესის, ასევე სხვა დიდი ჰესების მშენებლობის პარალელურად, დღემდე, უნივერსიტეტის ჰიდროინჟინრების მიერ დამუშავდა და წარმოებაში ფართოდ დაინერგა სამდინარო წყალამღები ნაგებობების სრულყოფილი ტიპები და მათი ტექნიკური ექსპლუატაციის რაციონალური ჰიდრავლიკური სქემები; გადაიჭრა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს მდინარეებში კალაპოტშიგა პროცესების მიმდინარეობისას, კაშხლური წყალამღების ბიეფების ფორმირებისას, კალაპოტის საერთო და ადგილობრივი ეროზიის, ნაპირდაცვისა და კალაპოტის რეგულირების პროცესში, დამუშავდა ნაკადების მდგრადობისა და მდგრადი ნაკადების მოდელირების საკითხები, კოლხეთის დაბლობის რეგიონებიდან ზედაპირული წყლების დაჩქარებული არინების გაანგარიშების მეთოდიკა, ასევე, სხვადასხვა სიმკვრივის ნაკადების ჰიდრავლიკის ამოცანები ჰიდროტექნიკური მშენებლობისათვის და ჩატარდა მრავალი სამეცნიერო კვლევა, ასევე, დაიძლია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი გამოწვევა. 

დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკის უძველესი კათედრების სამართალმემკვიდრე ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტია, რომელიც სამშენებლო ფაკულტეტზე მოქმედებს და აქვს ჯანსაღი ამბიცია მოამზადოს სპეციალისტთა და მკვლევართა ახალგაზრდა თაობები და უნივერსიტეტის სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კოლაბორაციით, გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნიკური ამოცანები“, - აღნიშნა მირიან ყალაბეგიშვილმა.

ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის ამოცანებზე, მიმდინარე კვლევებსა და საგანმანათლებლო პროცესზე, ვიზუალური მასალის თანხლებით, პროფესორმა ლალი ღოღელიანმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰიდროტექნიკური მშენებლობის მიმართულებით, მზადდება მაღალი დონის საინჟინრო და სამეცნიერო კადრები, რომელთა პროფესიული დონე უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტების კონკურენტუნარიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 
 
„დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, განვავითაროთ მაღალი დონის, კონკურენტუნარიანი სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, უზრუნველვყოთ ჰიდრო და სამოქალაქო ინჟინერიის განვითარების უწყვეტობა და მისი ინტეგრირება საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. უნივერსიტეტის მიზანია, კურსდამთავრებული ახალგაზრდები გახდნენ წამყვანი საინჟინრო ძალა ქვეყანაში ჰიდროტექნიკური ობიექტების პროექტირების, საინჟინრო კვლევებსა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. სწორედ ამისთვის, საგანმანათლებლო პროგრამებით სასწავლო პროცესში უზრუნველყოფილია ექსპლუატაციაში არსებული ჰიდროტექნიკური ობიექტების საინჟინრო პრობლემებში ჩართულობა, საინჟინრო საკითხების დამუშავება და მათი წარდგენა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებზე. ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომია მაღალი დონის სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიები.

დეპარტამენტის მკვლევრები აქტიურად არიან ჩართულნი ენგურჰესის, ჟინვალჰესის, ხრამჰესის, სიონჰესის, ალგეთის და სხვა მაღალ და დაბალდაწნევიანი კაშხლებისა და გვირაბების მონიტორინგის შედეგების ანალიზსა და მათი საიმედოობის შეფასებაში, ექსპერტიზაში, სამეცნიერო კვლევებში. თითოეულ ჩვენგანს, პედაგოგებს, სიხარულით გვავსებს ჩვენი კურსდამთავრებული ახალგაზრდების წარმატებები - დღეს ისინი ღირსეულად არიან დასაქმებული სხვადასხვა წამყვან საინჟინრო ორგანიზაციაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა ლალი ღოღელიანმა. 

შეხვედრაზე ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორებმა სტუდენტებსა და ჰიდროინჟინრებს დეპარტამენტში მიმდინარე ახალი სამეცნიერო კვლევები და საერთაშორისო პროექტები გააცნეს.

სიახლეებში დაბრუნება