სტუ-ში პროფესორ ფრიდონ შატბერაშვილის 100 წლის იუბილე აღინიშნა

სტუ-ში პროფესორ ფრიდონ შატბერაშვილის 100 წლის იუბილე აღინიშნა

 

სტუ-ში პროფესორ ფრიდონ შატბერაშვილის 100 წლის იუბილე აღინიშნა

28-11-2024
სტუ-ში პროფესორ ფრიდონ შატბერაშვილის 100 წლის იუბილე აღინიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, რესპუბლიკის დამსახურებული მელიორატორის, პროფესორ ფრიდონ შატბერაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სამეცნიერო სემინარი „კალაპოტური პროცესები და გარემოს დაცვა“, გაიმართა.

სამეცნიერო სემინარი სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა გახსნა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ინსტიტუტში მრავალი საერთაშორისო დონის მეცნიერი მოღვაწეობდა, მათ შორის, აკადემიკოსები: ცოტნე მირცხულავა, ოთარ ნათიშვილი.

პროფესორები: მიხეილ გაგოშიძე, იოსებ ბუაჩიძე, ფრიდონ შატბერაშვილი, თამაზ ჟორდანია, ვახტანგ თევზაძე, ჯამლეტ მკერვალიშვილი, გიორგი ვოინიჩ-სიანოჟენსკი.
 
გივი გავარდაშვილის თქმით, პროფესორი ფრიდონ შატბერაშვილი 1952 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 46 წლის განმავლობაში საყვარელ საქმეს ემსახურებოდა. 

„ფრიდონ შატბერაშვილის მეცნიერული მოღვაწეობა კოლხეთის დაბლობის დაშრობისა და მიწების ათვისების პრობლემების შესწავლას მოიცავდა. მან შეიმუშავა მდინარეთა რეგულირებისა, მათ შორის, მეანდრეობა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების გაანგარიშების მეცნიერული მეთოდები. საქართველოში, პირველმა დაამუშავა კოლხეთის დაბლობზე არსებული მძიმე თიხოვანი დანალექი ჭარბტენიანი ნიადაგებისათვის მელიორაციული ძირითადი პარამეტრების გაანგარიშების მეთოდოლოგია.

იგი დიდხანს მოღვაწეობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ბატონმა ფრიდონმა, 1986 წელს, აკადემიკოს ოთარ ნათიშვილთან თანაავტორობით გამოსცა ბოლო მეცნიერული ნაშრომი - ,,მელიორაციის ცნობარი“, რომელიც მელიორაციის დარგის მთელ სპექტრს მოიცავს.

ის ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ათამდე მონოგრაფიის ავტორია, მისი ხელმძღვანელობით მომზადებული ახალგაზრდები დღეს მეცნიერებათა დოქტორები და კანდიდატები არიან და წარმატებით მოღვაწეობენ დარგში”, - აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში გივი გავარდაშვილმა. 

სამეცნიერო სემინარს - „კალაპოტური პროცესები და გარემოს დაცვა“, ესწრებოდნენ ფრიდონ შატბერაშვილის ოჯახის წევრები, კოლეგები, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევრები და სტუდენტები. 


სიახლეებში დაბრუნება