საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა გერმანელმა მეცენატმა, ხელოვანმა და მეწარმემ, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდ HIPP-ის დამფუძნებელმა, სტუ-ის საპატიო დოქტორმა კლაუს ჰიპმა 2024 წლის ჰიპის კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა.
ჰიპის კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად გამართული ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა.
როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კომპანია HIPP-თან მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის საფუძველზე, კომპანია სტუდენტებისათვის, წელიწადში ორჯერ, ატარებს კონკურსს და გამარჯვებულები გერმანიაში გადიან სტაჟირებას.
ვიცე-რექტორის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტმა გაიარა სტაჟირება.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მსოფლიო ბრენდ HIPP-ის დამფუძნებელთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. კლაუს ჰიპი ატარებს კონკურსს და გამარჯვებულ სტუდენტებს იწვევს გერმანიაში, საკუთარ საწარმოში ერთთვიანი საზაფხულო პრაქტიკის გასავლელად. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების მოგზაურობის, ცხოვრებისა და კვების სრულ დაფინანსებას კლაუს ჰიპი უზრუნველყოფს.
კონკურსის გამარჯვებულებს საშუალება ეძლევათ, ერთი თვის განმავლობაში იმუშაონ HIPP-ის საწარმოს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ, საფინანსო თუ ლოჯისტიკურ განყოფილებებში. ეს არის უნიკალური საშუალება, სტუდენტებმა მიიღონ ევროპული გამოცდილება ისეთ მაღალტექნოლოგიურ და წარმატებულ კომპანიაში, როგორიცაა HIPP-ი“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.
კლაუს ჰიპმა სტუდენტებს შესთავაზა, ქართული ბიზნესისთვის შექმნან კრეატიული, ექსკლუზიური, მარტივი, ბრენდირებული პროდუქტი.
მეცენატის განცხადებით, კონკურსის გამარჯვებულებმა - არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ სულაბერიძემ და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა ელისაბედ გუნთაიშვილმა წარმოადგინეს უნიკალური და ორიგინალური იდეები, რომლებსაც პრაქტიკულობა და ჰიპის ღირებულებებთან შესაბამისობა ახასიათებთ.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური კონკურსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ კრეატიული და პრაქტიკული დიზაინისა და ბიზნესიდეები, რაც ხელს უწყობს ახალ თაობას საკუთარი ხედვებისა და შემოქმედების განვითარებაში.