სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ პროფესორ მარინე მაისურაძეს უნივერსიტეტის „ოქროს მედალი” გადასცა

სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ პროფესორ მარინე მაისურაძეს უნივერსიტეტის „ოქროს მედალი” გადასცა

 

სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ პროფესორ მარინე მაისურაძეს უნივერსიტეტის „ოქროს მედალი” გადასცა

10-10-2024
სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ პროფესორ მარინე მაისურაძეს უნივერსიტეტის „ოქროს მედალი” გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ მარინე მაისურაძეს სტუ-ის „ოქროს მედალი“ გადასცა. 

როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მარინე მაისურაძემ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა და უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია.

იგი, ასევე, მონაწილეობდა არაერთი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობის პროექტის დამუშავებაში, მათ შორის: მრავალფუნქციური საავადმყოფოს კომპლექსის უზნაძის ქუჩაზე, მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრის კომპლექსის "ქალაქის გული" აბაშიძის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაფარეულის ქუჩაზე (ქ. თბილისში), ინდივიდუალური სახლების ქ. თბილისში, წავკისში, ქ. წყალტუბოში და სხვა; მონაწილეობდა მრავალ არქიტექტურულ შემოქმედებით კონკურსებსა და სამეცნიერო კონფერენციებში; ჩატარებული აქვს კვლევები მხატვრულ-ისტორიულ და არქიტექტორულ თემატიკაზე; ავტორია სამეცნიერო პუბლიკაციებისა და წიგნის "მეთოდური მითითებები არქიტექტურაში"; მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

„უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე მარინე მაისურაძის დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერისთვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი მიენიჭებინა. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ქალბატონ მარინეს ამ საპატიო ჯილდოს”, - აღნიშნა დავით გურგენიძემ. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო - „ოქროს მედალი” გაიცემა უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის.

„ოქროს მედალი“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის წარდგინების საფუძველზე გაიცემა.

დაჯილდოებულ პირს, ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გადასცემს.

სტუ-ის ჯილდო დაარსებიდან დღემდე, 70-მდე პირს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 

სიახლეებში დაბრუნება