საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დოქტორანტმა ნინო ქვარაიამ, პროფესორ არჩილ სამადაშვილის ხელმძღვანელობით, გლობალური ბიზნესის განვითარებაში მიწოდების ჯაჭვების როლსა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოყენებით, მიწოდების ჯაჭვების მართვის ოპტიმიზაციის საკითხებზე კვლევა ჩაატარა.
სადისერტაციო თემის - „მიწოდების ჯაჭვების რეინჟინერინგი“, მიზანს წარმოადგენს ე.წ. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის („ინდუსტრია 4“-ის) ტექნოლოგიური შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებით და გლობალური მიწოდების ჯაჭვების მართვაში წარმოქმნილი გამოწვევების გათვალისწინებით, ცენტრით საქართველოში, ლოკალური მიწოდების ჯაჭვის ჰაბის მოდელის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოთხოვნების დაკმაყოფილებას მომსახურებასა და მიწოდებაზე და ამავდროულად, იფუნქციონირებს როგორც ღირებულების შექმნის სრულფასოვანი მიმწოდებელი, საწარმოო შეთავაზებებით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის იმ მეზობელი ქვეყნებიდან, რომელთაც არა აქვთ უშუალო გასასვლელი შავ ზღვაზე.
დოქტორანტ ნინო ქვარაიას თქმით, გლობალური მომარაგების ჯაჭვები ყოველთვის დაუცველი იყო რისკებისაგან, რომლებიც ასოცირებულია ისეთ არაპროგნოზირებად მოვლენებთან. როგორიცაა, ბუნებრივი კატასტროფები, სავაჭრო ომები, პანდემიები, საშინაო პოლიტიკური არასტაბილურობა და სხვა.
„კორონავირუსის პანდემიამ თითქმის შეაჩერა გლობალური საქმიანობა ეკონომიკის ყველა სექტორსა და ინდუსტრიაში. ვირუსის გაჩენამ ჩინეთში, რომელიც გლობალურად წარმოების და დისტრიბუციის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, დიდი გავლენა იქონია მზა და ნახევარფაბრიკატების მიწოდებაზე მთელს მსოფლიოში, რომლებიც ლოგისტიკურად არიან დაკავშირებული ჩინეთთან.
მიწოდების შოკმა, რომელიც დაიწყო ჩინეთში 2020 წლის თებერვალში და მოთხოვნის შოკმა, რომელიც მას მოჰყვა გლობალური ეკონომიკის ნაწილობრივი დახურვის შემდეგ, გამოავლინა დაუცველობა წარმოების სტრატეგიებსა და მიწოდების ჯაჭვებში.
ამ მოვლენებმა, აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომთან ერთად, გამოიწვია ეკონომიკური ნაციონალიზმის ზრდა. შედეგად, მსოფლიოში მწარმოებლები უფრო მეტ პოლიტიკურ და კონკურენტულ ზეწოლას განიცდიან, რომ გაზარდონ თავიანთი შიდა წარმოება, გაზარდონ დასაქმება საკუთარ ქვეყნებში, შეამცირონ ან თუნდაც აღმოფხვრან დამოკიდებულება რისკებად მიჩნეულ წყაროებზე და გადახედონ მათ გამოყენებას.
ამ ფონზე საწარმოო პროცესების დაგეგმვამ, აუტსორსინგის გამოყენებამ, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული თანამედროვე ინდუსტრიებში, აიძულა კომპანიების უმეტესობა გადახედონ გლობალური მიწოდების ჯაჭვის საჭიროებებს და მხარი დაუჭიროს ლოკალური ჰაბების შექმნის იდეას.
ისტორიულად, საქართველოს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, როგორიცაა ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების, პრეფერენციული და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების განვითარება, ასევე აქტივობები საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების მიზნით, გამარტივებული საგადასახადო და საბაჟო პროცედურები, ახალ პერსპექტივებს ხსნის საქართველოსთვის, როგორც რეგიონული ჰაბის სტატუსის მქონე ქვეყნის პოზიციონირებისათვის”, - აცხადებს დოქტორანტი.
სტუ-ის ასოცირებული პროფესორის არჩილ სამადაშვილის თქმით, დოქტორანტ ნინო ქვარაიას ნაშრომში გაანალიზებულია მიწოდების ჯაჭვების როლი გლობალური ბიზნესის განვითარებაში.
ასევე, მიწოდების ჯაჭვების მართვის ოპტიმიზაციის საკითხები ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოყენებით, გამოვლენილია პანდემიის პირობებში გლობალური მომარაგების ჯაჭვების ფუნქციონირების ხარვეზები და დასაბუთებულია მათი ღრმა ორგანიზაციული გარდაქმნის - რეინჟინერინგის აუცილებლობა.
„გარდაქმნის განხორციელების თეორიულ და სამოქმედო საფუძვლად შერჩეულია ბიზნეს პროცესების რეინჟინერინგის მეთოდოლოგია BPR (Business Processes Reengineering), დასაბუთებულია მისი სტრატეგიულ ინსტრუმენტად გამოყენების მიზანშეწონილობა, განხილულია „ინდუსტრია 4.0“-ის ტექნოლოგიების საფუძველზე მოქმედი ლოკალური მიწოდების ჯაჭვების ორგანიზების და მართვის უპირატესობები და ჩვენი ქვეყნის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, დასაბუთებულია საქართველოში მიწოდების ჯაჭვის ჰაბის შექმნის შესაძლებლობა“, - აცხადებს არჩილ სამადაშვილი.
ჩატარებული კვლევებით ცალსახად დასტურდება, რომ კოვიდპანდემიამ და არასტაბილურმა პოლიტიკურმა გარემომ პრობლემები შეუქმნა გლობალური მიწოდების ფუნქციონირებას, რაც ძირითადად გამოიხატა მისი მდგრადობის რღვევაში; მსოფლიოში მწარმოებლები მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის გაზრდის მიზნით ავითარებენ შიდა წარმოებას საკუთარ ქვეყნებში, რათა შეამცირონ ან თუნდაც სულ აღმოფხვრან დამოკიდებულება რისკიანად მიჩნეულ წყაროებზე და გადახედონ მათი გამოყენების სტრატეგიებს, რაც გულისხმობს არსებული მიწოდების ჯაჭვების რეინჟინერინგს და ლოკალური ჯაჭვების ორგანიზებას; მიწოდების ჯაჭვებში, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა სამრეწველო დარგში, "ინდუსტრია 4.0-ის" შესაძლებლობების და ინსტრუმენტების სისტემური გამოყენება ღირებულების მატების ახლებურად ორგანიზების საფუძველი ხდება; „ციფრული ტყუპის“ დანერგვა საწარმოო ინდუსტრიებში იძლევა მიწოდების ჯაჭვის ვირტუალური მართვის მოდელის შექმნის საშუალებას, რომლის ყველა ეტაპის პროცესი რეალურ დროში იქნება ვირტუალური წარმომადგენლობით რეალიზებული.
თუ წარმოება იმუშავებს ნაწარმის ციფრული ტყუპის განივთების მოდელით, ხელოვნური ინტელექტის (AI) და ბლოკჩეინის კომბინაციის გამოყენებით, გარანტირებული იქნება ღირებულების ჯაჭვში მარაგების მინიმიზება, ინფორმაციის მიკვლევადობა და ხილვადობა, კონტრაქტების თვალყურის მიდევნება, ხარჯების შემცირება და მოქნილობის გაზრდა; ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც ახდენენ მიწოდების ჯაჭვების მოქმედების ავტომატიზაციას, აპლიკაციების დაკავშირების, პროცესების გამარტივებისა და აჩქარების თვალსაზრისით აუმჯობესებენ მიწოდების ჯაჭვების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას; საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და სატრანსპორ¬ტო ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე რეალური პერსპექტივა აქვს უახლეს ტექნოლოგიებზე დაყრდნობით გახდეს მიწოდების რეგიონული ჰაბი, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს ჩინეთიდან რუსეთზე გამავალი სატრანზიტო გზა ევროპისკენ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ; საქართველოს აქვს შანსი "ინდუსტრია 4.0"-ის ტექნოლოგიურ შესაძლებლობების გამოყენებით, საწარმოების ბიზნეს მოდელების გარდაქმნისა და მათი გადაიარაღების საფუძველზე იქცეს ღირებულების სრულფასოვან მიმწოდებლად ევროპისათვის, საწარმოო შეთავაზებებით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის იმ მეზობელი ქვეყნებიდან, რომელთა არა აქვთ უშუალო გასასვლელი შავ ზღვაში; მიწოდების ჯაჭვების რეინჟინერინგის პროცესში, რომელიც დაკავშირებულია ლოკალური ჯაჭვების შექმნასთან და ალტერნატიული სატრანზიტო სქემების შემუშავებასთან, კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად ასევე აქტუალურია კვალიფიციური კადრების მომზადება, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება, ქვეყნებს შორის სატარიფო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ინფორმაციის დაცულობა, დამუშავების სისწრაფე, სიზუსტე და სხვა.
ინფორმაციისთვის: ნინო ქვარაიას საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, კერძოდ, ფორტ ლუისის კოლეჯში (კოლორადო, აშშ), კვალიფიკაციით, ბაკალავრი ბიზნესის ადმინისტრირებაში, კონცენტრაცია საერთაშორისო ბიზნესი. ასევე, ბინგჰემტონის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის საშტატო უნივერსიტეტი, მენეჯმენტის სკოლა.
მინიჭებული კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, კონცენტრაციით მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი. 2018 წლიდან მუშაობს ფირმების პროფესიონალური სერვისების მრავალეროვნულ ბრენდში, PwC (PricewaterhouseCoopers International Limited), რომელიც არის მსოფლიოში სიდიდით მეორე პროფესიული სერვისების ქსელი და ითვლება დიდ ოთხეულში, Deloitte, EY და KPMG-თან ერთად და 2022 წლიდან ნიუ-იორკის ოფისში საბაჟო და საერთაშორისო ვაჭრობის მენეჯერის პოზიციაზე.