საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციის, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 99-ე წლისთავი საზეიმო ღონისძიებითა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციით - „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ - აღინიშნა.
საზეიმო ღონისძიებასა და საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და დოქტორანტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, პოლონეთის, უკრაინის, ჩინეთის ბელარუსის, იორდანიის, ინდოეთის და უზბეკეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-მკვლევრები და სხვა მიწვეული სტუმრები.
ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.
აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ინსტიტუტის ხელმძღვანელსა და მეცნიერ-თანამშრომლებს ღისშესანიშნავი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, ახლო მომავალში სამეცნიერო ინსტიტუტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ლაბორატორიული კომპლექსით აღიჭურვება და მეტი ეფექტიანობით შეძლებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობას.
„ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი 99 წლისაა.
ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია, სადაც მაღალკვალიფიციური მეცნიერები მოღვაწეობენ. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ინსტიტუტში, ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით, ღვაწლმოსილი მეცნიერები და ახალი თაობის მკვლევრები მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი კატასტროფების - წყალდიდობების, ღვარცოფების, მეწყრების, თოვლის ზვავებისა და ეროზიული პროცესების ინტეგრირებული მართვის მეთოდების შემუშავებას კლიმატის ცვლილების პირობებში და მათი საწინააღმდეგო საინჟინრო ნაგებობების დაპროექტებას, წყლის წესურსების უსაფრთხოებას, ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება-კონტროლს, ზღვისა და წყალსაცავების პრობლემების პროგნოზირებას, ასევე, ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობას და სხვა.
წლების მანძილზე ინსტიტუტის მკვლევრების სამეცნიერო პროექტებმა არაერთი საერთაშორისო საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, რომლებსაც ევროპელ მკვლევრებთან კოლობორაციით ახორციელებენ.
რაც მთავარია, ინსტიტუტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, სტრატეგიული ნაბიჯებს დგამს ევროპის, ამერიკისა და აზიის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებისთვის.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაწყებული აქვს ზრუნვა, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ლაბორატორიული კომპლექსით აღჭურვოს, რათა ჩვენმა მეცნიერებმა გაცილებით ეფექტიანად შეძლონ საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობა.
მინდა ინსტიტუტის ხელმძღვანელს, აკადემიკოს გივი გავარდაშვილს და ყველა თანამშრომელს, ძველი და ახალი თაობის მკვლევრებს ინსტიტუტის დღე მივულოცო და სამეცნიერო წარმატებები ვუსურვო ქვეყნის, ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლებს ღირსსახსოვარი დღე მიულოცეს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ფარდა იმანოვმა, აკადემიკოს ივანე ეგიაზაროვის სახელობის წყლის რესურსებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ოგანეს ტოკმანჯიანმა, ვარმია-მაზურის ოლშტენის ტექნიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორმა ჯოანა პავლოვიჩმა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებმა.
საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ გახსნა, შეკრებილ საზოგადოებას და უცხოელ სტუმრებს მიმართა ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა.
მან აქტიური მხარდაჭერისთვის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მადლობა გადაუხადა და თავის მხრივ, მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მორიგი წარმატება მიულოცა, რაც ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე გლობალურ CMS ექსპერიმენტის ასოცირებულ წევრად სტუ-ის რექტორის არჩევას, ასევე, მისთვის პოლონეთის ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებას უკავშირდება.
აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ინსტიტუტის ისტორია გააცნო და იმ ცნობილ მეცნიერთა ღვაწლზე ესაუბრა, რომლებიც დაარსებიდან წლების განმავლობაში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ინსტიტუტში მიმდინარე კვლევებზე, საგრანტო პროექტებსა და მათ სამეცნიერო ღირებულებაზე.
როგორც გივი გავარდაშვილმა აღნიშნა, ინსტიტუტის დაარსების დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ისეთ აქტუალურ თემებზე იმსჯელებს, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, წყლის რესურსების ინტეგრალური მართვა, ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და კონტროლი, მწვანე მშენებლობისა და ურბანული არქიტექტურის თანამედროვე გამოწვევები და სხვა.
სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ ორი დღის მანძილზე სამ სექციად წარიმართება, მესამე დღე კი უცხოელი მონაწილეებისთვის მდინარეების - ვერესა და არაგვის წყალშემკრებ აუზებში პროფესიულ ექსკურსიებს დაეთმობა.