საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო ეროვნული და საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატის, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი, რომელიც საკონცერტო ტურნეთი წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ვაჟთა სახალხო კაპელამ, იუბილეს ფარგლებში, პირველი კონცერტი - “ტრადიცია გრძელდება”, უნივერსიტეტში გამართა, სადაც 35 სტუდენტისაგან შემდგარი მომღერალთა ჯგუფი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგა.
შესრულდა ქართული ფოლკლორული, ქალაქური, კლასიკური საგუნდო მუსიკის ნიმუშები და კომპოზიციები ხალხური საკრავების თანხლებით.
სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელა 1965 წელს, იუზა კუბლაშვილმა ჩამოაყალიბა და მას 24 წლის განმავლობაში, 1965-1989 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში შემოქმედებითი ჯგუფს ქორმაისტერობას სოსო ფალავანდიშვილი უწევდა. 1981 წლიდან, 43 წლის მანძილზე, საუნივერსიტეტო კაპელას სათავეში უდგას ნიჭიერი მუსიკოსი და დირიჟორი ციცინო ფალავანდიშვილი.
1998 წელს ციცინო ფალავანდიშვილი, სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა; 2022 წელს კი, განსაკუთრებული ღვაწლისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ციცინო ფალავანდიშვილს სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა.
მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კაპელა არაერთი საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ლაურეატი გახდა: გრან-პრი - საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (ვილნიუსი, 1984); გრან-პრი - ვაჟთა გუნდების კონკურსი „Rigas Gailis“ (ლატვია, ქ.რიგა 1989), ხოლო 1990 წელს, იმავე კონკურსზე, მაყურებელთა სიმპათიის პრიზი; გრან-პრი - საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი (ლიეტუვა, ვილნიუსი, 1990); საერთაშორისო ფოლკლორული კონკურსი (თბილისი, 1991); საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (პოლონეთი, ქ. პოზნანი, 1997); საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (საბერძნეთი, კუნძული როდოსი, 2005); „უნივერსიადა 2022“ პირველი ადგილი (თბილისი, 2022); ვაჟთა სახალხო კაპელასთან მოღვაწეობს ვოკალური ანსამბლი და ვოკალური კვარტეტი.
კაპელა და მასთან არსებული ვოკალური ანსამბლი წარმატებით მართავდა კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ: გერმანიაში, პოლონეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ფინეთში, ბალტიისპირეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. 2011 წელს, სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელას იუზა კუბლაშვილის სახელი მიენიჭა.
“სულ მალე ჩვენ 60 წლის გავხდებით. ეს არის სიყვარულითა და შრომით განვლილი გზა და მე ბედნიერი ვარ, რომ 1981 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა კაპელას ვხელმძღვანელობ. დღეს მაყურებლის წინაშე წარდგა კაპელას მეთხუთმეტე თაობა, რომელთაგან ბევრი სცენაზე პირველად დგას და ის ემოცია, რომელიც დარბაზიდან წამოვიდა, მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
43 წელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ვაჟთა კაპელასთან ერთად - ჩვენ ისტორია დავწერეთ! ჩვენ იმ ტრადიციების გამგრძელებლები ვართ, რომელსაც იუზა კუბლაშვილმა ჩაუყარა საფუძველი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კაპელაში დაიწყეს თავიანთი შემოქმედებითი გზა ზურაბ სოტკილავამ, პაატა ბურჭულაძემ; სახელმწიფო ოპერის სოლისტებმა თემურ გუგუშვილმა, გია (ჯარჯი) ასათიანმა; ბერლინის ოპერის სოლისტმა მიხეილ ბახტაძემ; ტენორების კონკურსის ლაურეატმა მიხეილ სილაგაძემ; „ცისფერმა ტრიომ“ - დავით აბესაძემ, თამაზ სეფერთელაძემ, მალხაზ თავართქილაძემ; „ტრიო თბილისმა“ - ზაზა მამალაძემ, რევაზ გუნიავამ, ნუგზარ აფხაიძემ; ტრიო “სიმმა“ - ზაზა ვეხვაძემ, რეზო გელაშვილმა, ზურაბ ცქიტიშვილმა; ანსამბლმა „მგზავრები“ - გიგი დედალამაზიშვილმა, ლაშა დოხნაძემ, დათო გოგელიამ, ბეჟან ამირანაშვილმა, გუგა კუბლაშვილმა; ანსამბლ „შავნაბადას“ დამაარსებელმა და კაპელმაისტერმა დავით გოგელიამ; „ქართული ხმების“ წევრებმა - ძმებმა ბაკურაძეებმა; ანსამბლ „ალილოს“ მომღერალმა ზურაბ დათიკაშვილმა; ანსამბლ „ბონუსის“ წევრმა პაატა მელაძემ. ძნელად მოიძებნება ფოლკლორული ანსამბლი საქართველოში, სადაც ვაჟთა კაპელას აღზრდილები არ მღეროდნენ - ანსამბლები: „ერისიონი“, „რუსთავი“ საქართველოს სხვადასხვა რაიონის ფოლკლორული ჯგუფები და ანსამბლები, რომელთაგან ბევრი ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იყო კაპელას წევრი.
მყავს 2 შვილი, 4 შვილიშვილი და ბევრი შვილი - ყველანი ვაჟები! აი, ასეთი მდიდარი ვარ და ასეთი დიდი ტრადიციების მქონეა ჩვენი კაპელა. შეუძლებელია, არ აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერის შესახებ. მადლობა მას, იმ ტრადიციების დაცვისა და გაგრძელებისთვის, რომელსაც 59 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი.
სწორედ, ამ და სხვა დამსახურებებისთვის, ჩვენ მას ვუძღვნით რაჭულ ხალხურ სიმღერას “რაჭა იაონო”. როდესაც საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში პირველი კონცერტის დაგეგმვა დავიწყეთ, პირველივე წუთიდან გვერდით დავით გურგენიძე, მასთან ერთად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ გუდავაძე და კანცლერი კარლო კოპალიანი, კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი ბადრი ლებანიძე და მისი გუნდი დაგვიდგნენ. მადლობა მათ ყველაფრისთვის, სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის”, - აცხადებს ციცინო ფალავანდიშვილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელას საიუბილეო წლის ფორმატში პირველი კონცერტის წარმატებით დაწყებას ულოცავს.
“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უმდიდრესი სახელოვნებო ტრადიციები აქვს. ამ კედლებში დიდ მეცნიერებთან ერთად, ხელოვნების კორიფეებიც მოღვაწეობდნენ. მათი ჩამოთვლა შორს წამიყვანს და ვშიშობ, ვინმე არ გამომრჩეს. ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან დღემდე მოწმე ვარ, როგორ იცვლებოდა თაობები ამ არაჩვეულებრივ შემოქმედებით კოლექტივში. ისინი მუდამ წარმატებით წარმოადგენდნენ ჩვენს უნივერსიტეტს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ტრადიცია გრძელდება - დღეს ჩვენს თვალწინ ისე, როგორც ერთმა დღემ, გაირბინა 59-მა წელმა. მადლობა კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელს და დირიჟორს, სტუდენტებს - ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის. წარმატებები მისურვებია”, - აცხადებს დავით გურგენიძე.
კონცერტის დასასრულს, მაყურებლის წინაშე პოპულარული ჯგუფი “მგზავრები” ახალი სიმღერით - “საქართველოა”, წარდგა.