საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრანტი თამუნა მოდებაძე პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს.
სამაგისტრო ნაშრომის - „პომიდვრის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბიოკონტროლის აგენტების გამოყენება“, ხელმძღვანელია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტის პროფესორი ლია ამირანაშვილი.
როგორც მაგისტრანტი აცხადებს, კვლევის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში დაავადებული და ვიზუალურად ჯანმრთელი პომიდვრის მცენარეები შეგროვდა, ლაბორატორიის ბაზაზე კი, კულტურის დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამოვლენა მოხდა, იდენტიფიკაცია და მათი სხვადასხვა მახასიათებლების შესწავლა.
„პომიდვრის ნიმუშებიდან ჩვენ მიერ გამოყოფილ იქნა მცენარისთვის სასარგებლო მიკროორგანიზმები. ურთიერთდამოკიდებულების შესწავლამ გვაჩვენა, რომ შესაძლებელია დაავადების გამოწვევის წინააღმდეგ სასარგებლო ბაქტერიების გამოყენება. გამოვავლინეთ ყველაზე მეტი დაზიანების გამომწვევი ათი სოკო და ლაბორატორიული ცდების საშუალებით მათ წინააღმდეგ 70-მდე ბაქტერია გამოვცადეთ.
სასარგებლო მიკროორგანიზმების მიერ პათოგენური სოკოს დათრგუნვის პროცენტი სხვადასხვაა და ის მერყებოდა 15%-დან 70%-მდე. შეირჩა ათამდე ბაქტერია, რომლებმაც სოკოს დათრგუნვის ყველაზე მაღალი ეფექტი გამოავლინა და მექანიზმის შესასწავლად მათზე კვლევები გაგრძელდა. ლაბორატორიაში ჩატარებული ცდების პოზიტიურმა შედეგებმა განაპირობა გასული წლის გაზაფხულზე მცენარეთა ველის ცდის ჩატარება. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდა გეგმა, მცენარეებზე ცდები მიმდინარებდა 6 სხვადასხვა ვარიანტში. ცდებმა გვიჩვენა სასარგებლო ბაქტერიებისა და სოკოების პოტენციალი ბიოლოგიურ დაცვაში. სასურველია, პრეპარატის ტექნოლოგიის უკეთ დახვეწა, რათა მისი გამოყენება უფრო ფართო მასშტაბითაც მოხდეს. ამ მიმართულებით, ლაბორატორიულ პირობებში ცდები დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.“ - აცხადებს თამუნა მოდებაძე.
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორის ლია ამირანაშვილის თქმით, კვლევა, რომელსაც მაგისტრანტი თამუნა მოდებაძე ატარებს, მნიშვნელოვანი და აქტუალურია, იმდენად, რამდენადაც, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალებები უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს, რაც ხაზს უსვამს მასზე მაღალ მოთხოვნას.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე პესტიციდების მოხმარების გავლენის ზრდამ გამოიწვია ქიმიური პრეპარატებისადმი დამოკიდებულების შემცირება. ბიოლოგიური კონტროლი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური მიდგომაა მავნებლების მართვის სქემაში. ეს მეთოდი განიხილება, როგორც ქიმიური ბრძოლის ალტერნატივა, რომელიც მავნებლის პოპულაციის დაბალანსებასა და ეკოსისტემის დაცვას მოიაზრებს. აქედან გამომდინარე, მეთოდის აქტუალობა სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდია. ბიოლოგიურ დაცვაში სასარგებლო მწერების გამოყენებას დიდი ისტორია აქვს, თუმცა დაავადების გამომწვევი პათოგენური სოკოების წინააღმდეგ მეთოდი კვლავ განიცდის ცვლილებებს უფრო მაღალი ეფექტურობისათვის.
მაგისტრანტის თემის გაცნობის შემდეგ დაინტერესებულ პირებს შეექმნებათ წარმოდგენა მცენარეთა ენდოფიტური მიკრო ორგანიზმების შესახებ, რომლებიც არამარტო საზიანო შეიძლება იყვნენ, არამედ მათ განკურნებაშიც დაგვეხმარონ. გაეცნობიან იმ მექანიზმებს, რომლითაც ხდება ბიოლოგიური მტრების საშუალებით, ქიმიური პრეპარატების გარეშე, სხვადასხვა დაავადების გამომწვევებთან ბრძოლა. თემაში განხილულია ყველა ის მეთოდი და ვარიანტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ“, - აცხადებს ლია ამირანაშვილი.