სტუ-მ და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სტუ-მ და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

 

სტუ-მ და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

13-03-2025
სტუ-მ და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით, ხელი შეეწყობა სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და ზოგადად, საავტომობილო დარგის განვითარებას. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა განაცხადა, თანამშრომლობით დაინტერესება ორმხრივია და ის ითვალისწინებს განათლების სფეროში სტუდენტთა კარიერულ განვითარებისთვის მჭიდრო სამეცნიერო, პედაგოგიური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, საავტომობილო დარგში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადების ღონისძიებების შემუშავებას. 

Untitled design (6).png

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი საერთო მისიის შესასრულებლად, რაც მიზნად ისახავს განათლების, კვლევისა და პრაქტიკული სწავლების გაძლიერებას ტრანსპორტისა და საავტომობილო ინჟინერიის სფეროში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და არის ინოვაციებისა და აკადემიური სრულყოფის ერთგული. დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ კვლავ ვადასტურებთ მზადყოფნას, უზრუნველვყოთ სტუდენტები ცოდნით, უნარებითა და პროფესიული კომპეტენციებით, რომლებიც აუცილებელია ტრანსპორტის სექტორის მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ტრანსპორტის სფერო სწრაფი ცვლილებების პროცესშია, რასაც ტექნოლოგიური პროგრესი, გარემოსდაცვითი მოთხოვნები და, შესაბამისად, ახალი რეგულაციები განაპირობებს. ქვეყნის საავტომობილო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ფონზე, კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება განსაკუთრებით აქტუალურია. აღნიშნული მემორანდუმით ჩვენ ვქმნით მყარ სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას, რაც უზრუნველყოფს, არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენი სტუდენტების მომზადებას დარგში მომავალი ლიდერობისთვის.

აკადემიური სწავლების პრაქტიკულ საჭიროებებთან ადაპტირებით, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს პრაქტიკული სწავლების, სტაჟირებისა და ერთობლივი კვლევითი პროექტებისთვის. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმას, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები აღიჭურვონ როგორც თეორიული საინჟინრო ცოდნით, ისე პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული უნარებითა და პროფესიული გამოცდილებით.

ამასთან ერთად, ეს პარტნიორობა ასახავს ჩვენს საერთო ხედვას მდგრადი განვითარების და ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით. ერთობლივი ძალისხმევით, შევიტანთ წვლილს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და საავტომობილო სტანდარტების ამაღლებაში, ასევე, მხარს დავუჭერთ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. 

მადლობას ვუხდით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლობის სურვილისა და ტრანსპორტის სფეროში მომავალი პროფესიონალების ფორმირებაში მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ეს მემორანდუმი მნიშვნელოვან პროგრესს და გრძელვადიან წარმატებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ წერეთელმა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები კომპეტენციის ფარგლებში, წაახალისებენ ურთიერთობათა განვითარებას განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში, საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციის, ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით.

თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საჭიროებისთვის სპეციალისტთა ერთობლივი მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას დარგის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, კომპეტენციის შესაბამისად უზრუნველყოფს ახალი მოკლე და გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება-შეთავაზებას სააგენტოს თანამშრომლებისთვის. 

სიახლეებში დაბრუნება