სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” ჩატარდა

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” ჩატარდა

 

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” ჩატარდა

22-05-2024
სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მერვე საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“, ჩატარდა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სენატორი მიხაელ ჰარცი, პროფესორები ვილჰელმ ჰაუზერი და შტეფან ჰუტერი, პანონიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბიეტა ფეჰერვოლგუი და პროფესორი ვიქტორია ცუპონი.

კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში. მან მადლობა გადაუხადა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს კონფერენციის ორგანიზებისთვის, ასევე, კონფერენციის ქართველ და უცხოელ მონაწილეებს. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებმა მოახერხონ და იპოვონ ოპტიმალური ბალანსი გლობალიზაციას, ბიზნესისა და ეკონომიკის თვითკმარობის აუცილებელ დონეს შორის.

“კონფერენციის თემატიკა, მეცნიერებს შორის დიალოგი, აზრთა გაცვლა კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მივიღოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე. დღეს მსოფლიო უამრავი გამოწვევის წინაშეა. გლობალური მიწოდება-მომარაგების ჯაჭვი მიბმულია ბიზნესზე, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე. სპეციალისტები გლობალიზაციასა და ეკონომიკურ ნაციონალიზმს შორის ახალი ბალანსის ძიების პროცესში არიან. ამ ფონზე, გლობალური პრობლემების მოგვარებისათვის პრიორიტეტულ ამოცანად საერთაშორისო კონსოლიდირება რჩება. ცხადია, ეს ბევრ ფაქტორზე, პოლიტიკურ ნებაზე და რესურსებზეა დამოკიდებული. მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და ბიზნესის დარგში მოღვაწე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს და მკვლევრებს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქვეყანა ჩაკეტილი იყო, მათ მოახერხეს შეექმნათ ერთიანი სივრცე, უცხოელ პარტნიორებთან ემსჯელათ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე კვლევებზე. კონფერენციის მონაწილეები დამეთანხმებიან, რომ ეს იყო ეკონომიკის, ბიზნესის გადასარჩენად გადადგმული საუკეთესო ნაბიჯი, რამაც, თითქმის ოთხი წლის შემდეგ დადებითი შედეგი დაგვანახა. რომ არა ერთიანობა, საერთო ხედვები და მცდელობა რაც შეიძლება ნაკლებად დავზარალებულიყავით, მსოფლიოში და შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში რთული ვითარება იქნებოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმარა, რათა ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი - ბიზნესი, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი განვითარებულიყო. გლობალიზაცია გულისხმობს გამოწვევებს არა მხოლოდ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის. ამდენად, უაღრესად საინტერესოა ის ინოვაციები და ახალი რეკომენდაციები, რომელზეც იმსჯელებენ კონფერენციაზე. წარმატებებს გისურვებთ”, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, მსოფლიოში მეცნიერების ჩართულობით ირკვევა, საით უნდა განვითარდეს ეკონომიკისა და ბიზნესის პარადიგმები და კონფერენციებზე მსჯელობა მნიშვნელოვანია, სწორად განისაზღვროს ეკონომიკური მეცნიერების მიმართულებები.

“კონფერენცია ხელს უწყობს, როგორც მონაწილეთა შორის მეცნიერული მიდგომების გაზიარებას, ასევე სტუდენტთა, მომავალ მეცნიერთა ჩართულობით, სამომავლო პერსპექტივების შემუშავებას ევრაზიის ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. მადლობას მოვახსენებ კონფერენციის მონაწილეებს და წარმატებებს ვუსურვებ”, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

კონფერენციის ფარგლებში მუშაობა ხუთ სექციად წარიმართა. კერძოდ:  ბიზნესისა და მენეჯმენტის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები, სექციის ხელმძღვანელი – პროფესორი ევგენი ბარათაშვილი; ფინანსების, საბანკო საქმის, საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და ანალიზის აქტუალური პრობლემები, სექციის ხელმძღვანელი – პროფესორი გიორგი ცაავა;  ტურიზმისა და მარკეტინგის გამოწვევები და პერსპექტივები, სექციის ხელმძღვანელი – პროფესორი ლელა კოჭლამაზაშვილი; საჯარო მმართველობა და სამართალი სექციის ხელმძღვანელი – პროფესორი შოთა დოღონაძე; სოციალური მეცნიერებები და მულტიდისციპლინური კვლევები, სექციის ხელმძღვანელი – პროფესორი ანზორ აბრალავა.

 

 

სიახლეებში დაბრუნება