სტუ - ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კადრების მომზადებაში ბიზნესსექტორი მიიღებს მონაწილეობას

სტუ - ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კადრების მომზადებაში ბიზნესსექტორი მიიღებს მონაწილეობას

 

სტუ - ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კადრების მომზადებაში ბიზნესსექტორი მიიღებს მონაწილეობას

20-03-2024
სტუ - ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კადრების მომზადებაში ბიზნესსექტორი მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის დირექტორი, პროფესორი ირინე გოცირიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი თალიკო ჟვანია, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ბუაჩიძე, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ზვიად ღურწკაია ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის კურსდამთავრებულებს და კომპანიების: „ივერმედი“, „ემტექი“, „ჯეომედი“, „ინტერმედსერვისი ჯორჯია“ ხელმძღვანელ პირებს - ლევან ლაზარაშვილს, ანდრო ათოშვილს, მამუკა ლოლაძეს, ზურაბ ათოშვილს, დავით აბდუშელიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობა და დარგის პოპულარიზაცია.

ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ დაარსების იდეა ეკუთვნის საგანმანათლებლო პროგრამა ბიოსამედიცინო ინჟინერიის კურსდამთავრებულ ბიზნესმენებს. პროფესორ ირინე  გოცირიძის განცხადებით, ფონდის დამფუძნებლების სურვილია წვლილი შეიტანონ ბიოსამედიცინო ინჟინრების მომზადებაში.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდს“ შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მხარეებს საშუალებას მისცემს სპეციალისტების აღზრდაში თავიანთი წვლილი შეიტანონ- უნივერსიტეტმა ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლება მისცეს სტუდენტებს, ხოლო ფონდმა უზრუნველყოს წარმატებული სტუდენტების სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი არსებობის 40 წელზე მეტს ითვლის და დარგს კვალიფიციური კადრებით ავსებს. დღევანდელი დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციების ეპოქაში, ბიოსამედიცინო ინჟინერიის სექტორში გაჩნდა მზარდი მოთხოვნა კვალიფიციურ ახალგაზრდა კადრებზე. სწორედ ამ მიზნით, ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელად, შექმნეს ფონდი, რაზედაც მათ მადლობას მოვახსენებ“, - აცხადებს ირინე გოცირიძე.

როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორმა მეცნიერების დარგში აღნიშნა, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ საერთასორისო, ABET აკრედიტაცია მოიპოვა და ამჟამად, უნივერსიტეტი და ფაკულტეტი მუშაობს ბიოსამედიცინო ინჟინერიის ქართულენოვანი პროგრამის ABET აკრედიტაციის მისაღებად. პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, ABET აკრედიტაციის მოპოვება, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის, ასევე, STEM მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა უნივერსიტეტისთვის, მისი სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტებისთვის. ABET-აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა და შესაბამისად, საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომის მიღება ახალგაზრდებისთვის, როგორც სამეცნიერო ასპარეზზე, ასევე, ღირსეული დასაქმებისთვის, წარმატების მომტანია და ამდენად, ბიზნესსექტორის ინიციატივა, დროული.

ბიზნესსექტორის ინიციატივას ეხმაურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. აკადემიკოსი დავით გურგენიძე მადლობას უხდის  ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულ ბიზნესმენებს და აცხადებს, რომ უნივერსიტეტი მზად არის პარტნიორული გამოწვევებისთვის.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულები, საქართველოში უდიდესი სამედიცინო ტექნოლოგიური ცენტრების დამფუძნებლები, ჩვენი მუდმივი პარტნიორები არიან. მათ ინიციატივას,  შეექმნათ ფონდი, რომელიც ბიოსამედიცინო დეპარტამენტს და სტუდენტებს გამოუცხადებდა მხარდაჭერას, უნივერსიტეტი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი მყისვე გამოეხმაურა. ევროპასა და ამერიკაში აპრობირებულია მსგავსი ქველმოქმედება. ბიზნესსექტორი მოაწყობს ლაბორატორიებს, წარმატებულ სტუდენტებს სახელობით სტიპენდიას დაუნიშნავს, მკვლევრებსა და სტუდენტებს დაეხმარება მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებში. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩვენს კურსდამთავრებულებს და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებას 1983 წელს ჩაეყარა საფუძველი.  პროფესორ  ოთარ ხომერიკის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების კათედრა. ბატონი ოთარის დაწყებული საქმე გააგრძელა პროფესორმა რაულ კუპრავამ. დღეს ამ ორი დიდი მეცნიერის და მამულიშვილის გზას აგრძელებენ პროფესიონალები, წარმატებები მინდა ვუსურვო მათ“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენის და  ბიზნესსექტორის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრების ციკლი გაგრძელდება.

 

სიახლეებში დაბრუნება