სტუ-მ „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის“ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა

სტუ-მ „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის“ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა

 

სტუ-მ „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის“ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა

08-02-2024
სტუ-მ „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის“ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის (Silk Road Culture Hub - SRCH) ფარგლებში დაფუძნებული ახალი პლატფორმის - „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქები“ - I საერთაშორისო ფორუმის მესამე დღეს უმასპინძლა.

საერთაშორისო ფორუმი მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ „კავკასიასთან“ (SCF) პარტნიორობით, ასევე, ევროპის ფესტივალების ასოციაციასთან (EFA), იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტთან (UNESCO ITI) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუნესკოს კათედრასთან - „ინფორმაციული საზოგადოება“ - მჭიდრო კოორდინაციით ჩატარდა.

„აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის ფარგლებში შექმნილი ახალი პლატფორმის - „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების“ I საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა ქვემო ქართლისა და კახეთის მხარეებში, მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და დელეგატებმა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, იტალია, შვეიცარია, ნიდერლანდების სამეფო, ბელგია, შვედეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, იაპონია, ჩინეთი, ინდოეთი, არაბეთის გაერთიანებული საემირო, ეგვიპტე. 

ფორუმი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. როგორც რექტორმა აღნიშნა, თანამედროვე რეალობაში ეკონომიკური აღმავლობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სამეცნიერო-შემოქმედებითი აზროვნების, კულტურის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სინთეზით.

„ამ შესანიშნავი შესაძლებლობის შექმნისთვის მადლობას ვუხდით ახალი პლატფორმის დამფუძნებლებს, სახელმწიფო რწმუნებულებს ქვემო ქართლისა და კახეთის მხარეებში, მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, რომელთა ძალისხმევაზე ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის, რეგიონების, კონკრეტული მუნიციპალიტეტების, ქალაქებისა და სოფლების განვითარება. ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობას ვუხდით დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დელეგატებს ევროპისა და აზიის იმ ქალაქებიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ეკონომიკის განვითარება, კულტურული ტურიზმი, ქალაქების ინფორმირებულობა კულტურის, ღვინისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით, ინსტიტუციური და ინდივიდუალური ეკონომიკური ინიციატივებითა და ქალაქებს შორის თანამშრომლობით.

შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ ახალი პლატფორმის პარტნიორი და ფორუმის მონაწილეა. თანამედროვე რეალობაში რეგიონების, მუნიციპალიტეტების, ქალაქებისა და დასახლებების განვითარება შეუძლებელია სამეცნიერო-შემოქმედებითი აზროვნების, კულტურის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სინთეზის გარეშე. ჩვენი უნივერსიტეტი პირველია საქართველოში, სადაც ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დაარსდა. ფაკულტეტმა, რომელიც დღეს ინფორმატიკისა და მართვის სიტემების სახელითაა ცნობილი, თავისი არსებობის 65 წლის მანძილზე, სამეცნიერო და აკადემიური მიღწევებითა და ინოვაციებით, უდიდესი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. ჩვენს უნივერსიტეტში, ამ ფაკულტეტზე წარმატებით ფუნქციონირებს იუნესკოს კათედრა - „ინფორმაციული საზოგადოება“, სწორედ იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ იუნესკოს როლი მსოფლიოს კულტურულ განვითარებასა და ისტორიაში უაღრესად დიდია. იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრა, რომელსაც გასულ წელს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა, დააფუძნა და მას წლების მანძილზე სათავეში ედგა აწ განსვენებული აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყოფილი რექტორი და საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში. დღეს იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრა, მეცნიერების დარგში რექტორის მოადგილის, პროფესორ თამარ ლომინაძის ხელმძღვანელობით, წარმატებით საქმიანობს. იუნესკოს კათედრის კოორდინატორია, პროფესორი ლევან ხეთაგური, რომელიც, ასევე, აქტიურად არის ჩართული ახალი პლატფორმის - „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქები“ განხორციელებაში. იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის მუშაობის ძირითადი თემატიკაა შემოქმედებითი აზროვნება, ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. პროფესორი თამარ ლომინაძე ფორუმის ერთ-ერთ სექციაში მონაწილეებს „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას გააცნობს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის იუნეკოს კათედრასა და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, პროექტის ფარგლებში, შეუძლიათ მნიშვნელოვანი მისია იტვირთონ - პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე, განახორციელონ შემოქმედებითი, კულტურული, საგანმანათლებლო პროგრამები, რეალური პროექტები, მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და დასახლებებში ჩაატარონ ვორქშოფები, სემინარები, ტრენინგები იმ მიზნით, რომ რეგიონების ქალაქები და სოფლები გახდეს ტექნოლოგიური და ინოვაციური, რომ იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ყველა სახის რესურსზე, შეძლონ მათი მართვა-გამოყენება. ვიმედოვნებთ, იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრა, ჩვენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად ითანამშრომლებენ აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბსა და მის პლატფორმასთან, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები და მუნიციპალიტეტებში მცხოვრებნი კი ქმედითად დაინტერესდებიან ამ სიახლით, მიიღებენ თეორიულ ცოდნას და განივითარებენ აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს, რაც მათ ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევაში, ხოლო მუნიციპალიტეტებს კი ცნობადობის გაზრდასა ეკონომიკის განვითარებაში შეუწყობს ხელს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, წარმატებებს ვუსურვებთ მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს“, - აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში.

ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ნიდერლანდების სამეფოს ფონდი „კავკასიის“ მდივანი ჰენდრიკ მენნო ვან უილიამ სილფჰოუტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორი მინდია ჯალაბაძე.

ახალი პლატფორმის - „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქები“ - I საერთაშორისო ფორუმი 4 სესიად წარიმართა, რომელთაგან ორს - მოდერაციას უწევდნენ მეცნიერების დარგში სტუ-ის რექტორის მოადგილე, იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ლომინაძე და იუნესკოს კათედრის კოორდინატორი, პროფესორი ლევან ხეთაგური. სესიებზე ქართველმა და უცხოელმა დელეგატებმა, ეკონომიკის, კულტურული ტურიზმის, ინოვაციური ტექნოლოგიების, ღვინის ტექნოლოგიებისა და ინსტიტუციური მიმართულებით, პრეზენტაციები წარადგინეს.

სიახლეებში დაბრუნება