სტუ-ის მკვლევრები „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამას“ გაეცნენ

სტუ-ის მკვლევრები „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამას“ გაეცნენ

 

სტუ-ის მკვლევრები „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამას“ გაეცნენ

01-02-2024
სტუ-ის მკვლევრები „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამას“ გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსა და მკვლევრებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენელმა, თინათინ ჯაჭვაძემ, „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ მიზნები და შესაძლებლობები გააცნო.

მეცნიერ-გამომგონებლებისთვის, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებისთვის, მიმდინარე წლის 16 თებერვლის ჩათვლით, „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში  განაცხადების შეტანაა შესაძლებელი.

როგორც სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა, თეა მურვანიძემ აღნიშნა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც ბაზრის აქტუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს პასუხობს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი წარმატებული უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებელია, სადაც, ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი სამეცნიერო გამოგონება იწარმოება. უნივერსიტეტს ჰყავს მეცნიერები, რომლებიც, გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, თავიანთ გამოგონებებს უცხოეთში ვერ აპატენტებენ. შესაბამისად, ჩვენი გამოგონებების უმეტესი ნაწილი მხოლოდ ქართული პატენტით სარგებლობს. იმ მიზნით, რომ გამოგონება საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ, აუცილებელია საერთაშორისო პატენტი, რაც დამატებით სახსრებთანაა დაკავშირებული. სახელმწიფოს მიზანი სწორედ მეცნიერ-გამომგონებელთა მხარდაჭერა და მათთვის საერთაშორისო პატენტის მოპოვებასთან დაკავშირებული პროცესების გამარტივებაა. GITA-ს „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა“, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ჩვენს მკვლევრებს ქმედით დახმარებას აღმოუჩენს.  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს შესაძლებლობა აქვთ, პროგრამის ფარგლებში წარადგინონ განაცხადი თავიანთი გამოგონებებისა და კვლევების შესახებ. რაც შეეხება უცხოურ კომპანიებთან დაკავშირებას, გამოგონების კომერციალიზაციასა და საერთაშორისო პატენტის მოპოვებას,  ამ მიმართულებით პროგრამა იზრუნებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები და „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ცენტრებშიც გაიმართა. უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო-აკადემიური წრეების მასშტაბური მხარდაჭერისა და დეტალური ინფორმირებისთვის  მადლობას ვუხდით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მის წარმომადგენლებს“, - განაცხადა თეა მურვანიძემ.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლის, თინათინ ჯაჭვაძის ინფორმაციით,  „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში შეირჩევა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიები და ინოვაციები, შეფასებისთვის კი მიიღება ისეთი კვლევითი პროექტები, რომლებიც ტექნოლოგიური მზაობის TRL4 და მომდევნო დონეს აკმაყოფილებს. მისი თქმით, განაცხადით შემოსული პროექტების პირველად შეფასებას, ასევე, დეტალურ შესწავლას კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები უზრუნველყოფენ.

როგორც პროგრამის პრეზენტაციაზე GITA-ს წარმომადგენელმა განმარტა, განაცხადის დეტალური შესწავლა გულისხმობს სამეცნიერო პროექტების დეტალურ ანალიზს - ტექნოლოგიური მზაობის, ბიზნესმზაობისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით, ამავდროულად, დეტალური შესწავლის ეტაპზე, პროგრამის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ შეფასდება და განისაზღვრება პროექტების კომერციალიზაციის პოტენციალი. მისივე განმარტებით, დეტალური შესწავლის ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომერციალიზაციისთვის შერჩეულ პროექტებთან მიმართებაში, ინდივიდუალურად განისაზღვრება კომერციალიზაციის გეგმები, რის შემდეგაც პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყება.

როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაში“ მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ პირებს - მეცნიერებს, მკვლევრებსა და გამომგონებლებს, ასევე, იურიდიულ პირებს, მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს.

 

სიახლეებში დაბრუნება