სტუ-ის რექტორმა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს

სტუ-ის რექტორმა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს

 

სტუ-ის რექტორმა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს

31-01-2024
სტუ-ის რექტორმა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც სტუ-ში ჩატარდა, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის რამდენიმე მიმართულებით გაფართოების საკითხი, ასევე, სააგენტოს მიერ ინიცირებულ პროექტებში სტუ-ის არქეოლოგიის, არქიტექტურის, სამთო-გეოლოგიის, ქიმიური ტექნოლოგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა და სამეცნიერო-აკადემიური წრეების აქტიურად ჩართვის შესაძლებლობები.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ აზნაურაშვილის, განცხადებით, სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია, საჭიროებების გათვალისწინებით, გააფართოოს და გააღრმაოს თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს უნივერსიტეტის რესურსი, ასევე, მიმდინარე თუ განსახორციელებელ პროექტებში რამდენიმე მიმართულებით ჩართოს როგორც უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების სტუდენტები, ასევე, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები.

„ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რესურსი და კონკრეტულ პროექტებში ავსახოთ, რაც მოითხოვს ურთიერთთანამშრომლობის არსებული მემორანდუმის საფუძვლიანად გადახედვას და მის მოდიფიცირებას. უნივერსიტეტთან თანამშრომლობას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით ვგეგმავთ. პირველ რიგში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულია ახალგაზრდა არქეოლოგების მოზიდვითა და სააგენტოს მიერ ინიცირებულ პროექტებში აქტიურად ჩართვით. მეორე, ასევე აქტუალური მიმართულება კლდის ძეგლების მოვლა-პატრონობაა. ვფიქრობთ, უნივერსიტეტის დახმარებით შევკრათ ახალგაზრდებისა და გამოცდილი მკვლევრებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები, რომელებიც უზრუნველყოფენ მეტეოსადგურის, სეისმური სადგურის, გეორადარისა და მონიტორინგის სისტემების გამართულად ფუნქციონირებას, იზრუნებენ მონაცემთა ბაზების შექმნა-დამუშავებაზე. მესამე მიმართულება კონკრეტული კრიტიკული არეალების დამუშავება და შესაბამისი პროექტების შედგენაა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოების დაწყება. ამ მხრივ, აუცილებელია საპროექტო ჯგუფის დაკომპლექტება ისეთი სპეციალისტებით, როგორიცაა: კონსტრუქტორი, გეოლოგი, სამთო-ინჟინერი, არქიტექტორი, ქიმიკოსი და ა.შ. უნივერსიტეტთან ვითანამშრომლებთ IT-მიმართულებითაც. საუბარი ეხება სააგენტოს ერთ-ერთ მიშვნელოვან ბაზას - GIS-პორტალს, სადაც თავმოყრილია დეტალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლის შესახებ. ვფიქრობთ, უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთვებიან GIS-მონაცემების მართვაში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი თანამშრომლობა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობის დახელოვნება ორმხრივ სასარგებლო და, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი ეროვნული საქმე იქნება. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს,“ - აღნიშნა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა.

როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოხატავს მზადყოფნას, გააღრმაოს თანამშრომლობა და ქმედითად ჩაერთოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტებში, ასევე, შესთავაზოს მას უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსების აქტიურად გამოყენება.

„უნივერსიტეტის სახელით მადლობას ვუხდით კულტურისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, მინისტრის მოადგილეს, ბატონ ნიკოლოზ აზნაურაშვილს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მნიშვნელოვანი შეთავაზებისთვის, რაც უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური პოტენციალის პრაქტიკულ და თეორიულ გამოყენებას გულისხმობს. სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომლებიც უკავშირდება ჩვენი უნივერსიტეტის  მკვლევრებისა და სტუდენტების მონაწილეობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა თუ ისტორიული შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-კონსერვაციისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებში, არქეოლოგიურ გათხრებსა და ამ მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში. უნივერსიტეტი გამოთქვამს მზაობას, არქეოლოგიის კვალიფიკაციით ჩაერთოს თანამშრომლობაში - უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტსა და მის მეცნიერებს არქეოლოგიური ექსპედიციების წარმართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ. არქეოლოგიის საუნივერსიტეტო ჯგუფებში ჩართულ სტუდენტებს არქეოლოგიური გათხრების პროცესში შეუძლიათ პროფესიონალურ დონეზე ჩაატარონ ყველა სამუშაო, როგორიცაა დაზვერვა, არტეფაქტების მოპოვება-აღწერა, გასუფთავება, საცავში გადატანა და მათი კონსერვაცია. ჩვენი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე მაღალ დონეზეა განვითარებული რეკონსტრუქციისა და რესტავრაციის  მიმართულებები და ამ მხრივ, სტუდენტების ჩართულობით, არაერთ პროექტს ვახორციელებთ. გარდა ამისა, არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრანტებს გავლილი აქვთ შესაბამისი კურსი მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ჩვენი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს, გამოცდილი მკვლევრების ხელმძღვანელობით, შეუძლიათ ჩაატარონ ნებისმიერი სირთულის გეოლოგიური კვლევები, აქვთ კულტურული ძეგლების გამაგრების პრაქტიკული გამოცდილება უფლისციხეში, ვარძიასა და უშგულში, სწავლობენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სამშენებლო მასალებისა და დუღაბის შემადგენლობას. უნივერსიტეტს აქვს შესაძლებლობა, სააგენტოს შესთავაზოს გამოცდილი ლითოლოგები, პეტროლოგები, ინჟინერ-გეოლოგები, ჰიდროლოგები, ჰიდროგეოლოგები, სამთოელები. რაც შეეხება ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტსა და მის სტუდენტებს, მათთვისაც უაღრესად საინტერესო იქნება სააგენტოს პროექტებში მონაწილეობა - დაწყებული მონაცემთა ანალიტიკიდან, ინტელექტუალური მონიტორინგის სიტემის შექმნით დამთავრებული. იგივე შეიძლება ითქვას ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებზე, მით უმეტეს, რომ ამ ფაკულტეტზე კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მაღალ დონეზეა განვითარებული კერამიკისა და მასალათმცოდნეობის მიმართულებები. რაც შეეხება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს, მისი მკვლევრები და სტუდენტები სიამოვნებით იმუშავებენ კულტურული ძეგლების დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე, ევროპის წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი სტანდარტების შემუშავება-დანერგვაზე. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ჩვენს სამეცნიერო-აკადემიურ წრეებსა და სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, მასშტაბურად ჩაერთონ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტებში, ახალგაზრდებმა ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილებით გაიმყარონ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და, ამავდროულად, მონაწილეობა მიიღონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობაში,“ - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, ამავე ფაკულტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, არქეოლოგი მერაბ ძნელაძე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანზორ აბშილავა, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ნონა ოთხოზორია, ფაკულტეტების მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები.

სამუშაო შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის განახლებულ მემორანდუმს ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.

სიახლეებში დაბრუნება