სტუ-ში, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები ჩატარდა

სტუ-ში, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები ჩატარდა

 

სტუ-ში, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები ჩატარდა

14-11-2023
სტუ-ში, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები ჩატარდა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის, ასევე, დანტე ალეგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტის მონაწილეობით, უნივერსიტეტში იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ორსექციანი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების პირველ სექციაში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პოლეცოს უნივერსიტეტის პროფესორმა მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკომ საჯარო ლექცია გამართა, ხოლო მეორე სექციაში დანტე ალეგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტის მიერ კონკურსში -  „Opere di Pasta – 2023“ (მაკარონის ხელნაკეთობები), გამარჯვებულები დააჯილდოვეს. 

სტუ-ში იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებები, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, გახსნა სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დევი ხვედელიანმა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოში იტალიის საელჩოს უნივერსიტეტის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. როგორც დევი ხვედელიანმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იტალიის წამყვან უნივერსიტეტებთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კატანიის, რომის ("Tor Vergata"),  მილანის უნივერსიტეტებთან,  მილანისა და ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტებთან, ფოჯის, ლ’აქუილის უნივერსიტეტებთან,  ხმელთაშუა ზღვის ფუნდამენტური ფიზიკის ინსტიტუტთან, უდინეს, პალერმოს, ტუშის, ვენეციისა და  რომის საპიენცის უნივერსიტეტებთან, ასევე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კვლევით ცენტრთან ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, ტექნიკურ უნივერსიტეტში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში - მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკოს საჯარო ლექცია, რომელიც აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტარდება. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში იტალიის ელჩს მხარდაჭერისთვის, ელჩის მოადგილეს სტუმრობისთვის, პროფესორ მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკოს, სტუმრებს და წარმატებები ვუსურვო აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დევი ხვედელიანმა.

საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილემ, ფაბიოლა ალბანეზემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანს, სტუდენტებსა და დანტე ალეგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტის პრეზიდენტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა მათ.

სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, დანტე ალეგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტის  პრეზიდენტის, ნინო ცერცვაძის განცხადებით, წელს იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული, იტალიის მთავრობის ორგანიზებით, მერვედ ტარდება, საქართველოში კი - მეხუთედ.  

„იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამეცნიერო მიმართულებით აღნიშნავს. დანტე ალეგიერის საზოგადოებამ კი ჩაატარა კონკურსი - “Opere di Pasta – 2023“ (მაკარონის ხელნაკეთობები). ჩვენ გამარჯვებულები დავაჯილდოვეთ. თუკი გამოფენაზე შეიძლება ნახატების, ნაძერწის წარმოდგენა, რატომ არა უმი მაკარონის ნაკეთობები?! კონკურსში სხვადასხვა ასაკის 53-მა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. როგორც წესი, გამარჯვებული მხოლოდ პირველი სამი ადგილია, მაგრამ ერთ-ერთმა ნამუშევარმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, დავაწესეთ სპეციალური პრიზი. ასე  რომ, წელს ოთხი გამარჯვებული გვყავს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში იტალიის საელჩოს, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომლის მხარდაჭერით უნივერსიტეტში იტალიური ენის შემსწავლელი პროგრამა ხორციელდება“, - განაცხადა ნინო ცერცვაძემ.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის თქმით, ფაკულტეტი თანამშრომლობის არეალს აფართოებს და პოლეცოს უნივერსიტეტის პროფესორის, მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკოს საჯარო ლექცია ერთ-ერთი პირველი ღონისძიებაა ფაკულტეტისა და იტალიის წამყვანი უნივერსიტეტების მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

 

სიახლეებში დაბრუნება