საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა.
კონფერენციაში, რომელიც გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, მონაწილეობა მიიღეს: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, იუსტიციის მთავარმა სახელმწიფო მრჩეველმა, უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლემ, საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრმა, სამართლის დოქტორმა გია მეფარიშვილმა; სამართლის დოქტორმა დარეჯან ლეკიაშვილმა; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, სამართლის დოქტორმა ვლადიმერ მაჭარაშვილმა; ეკონომიკის დოქტორებმა - გოჩა ცოფურაშვილმა, შოთა ვეშაპაძემ და უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის (უსმა/USMA) თავმჯდომარემ, მეცნიერებათა დოქტორმა ბესიკ ობოლაძემ.
სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას თქმით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", მოიცავდა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ,,სასურსათო უსაფრთხოება და სისტემური საკანონმდებლო უზრუნველყოფის მნიშვნელობა"; 1993-1998 წ.წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამართალდაცვის ორგანიზაციის რეფორმების სამთავრობო კომისიის საქმიანობის მიმოხილვა; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სწავლება საუნივერსიტეტო სივრცეში; ,,ეკონომიკური უსაფრთხოების სამართლებრივი შემადგენელი"; „სამართლებრივი უსაფრთხოების პრობლემა დაცვის უფლების განხორციელებაში“; ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების აქტუალური საკითხები.
„კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ეჟენ-ფრანსუა ვიდოკის სახელობის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიისა და უსაფრთხოების საკითხების მკვლევართა ასოციაციის ორგანიზებით. კონფერენციაზე განხილული თემები მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტებისთვის ცოდნის ამაღლების მიმართულებით, ასევე, ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებს. ქართული სახელმწიფოებრიობა მრავალ საუკუნეს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ფაქტის გახსენება შეიძლება, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ქართული სახელმწიფოს სამართლებრივ ბაზას. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მნიშვნელოვანი გახდა ქართული სახელმწიფოს და სამართლის ისტორიის საკითხების პრობლემათა წინა პლანზე წამოწევა, ანალიზი და მეცნიერული არგუმენტების მოშველიებით საფუძვლიანი პოპულარიზაცია აქტუალური გახდა. მით უფრო, რომ მნიშვნელოვანი ფუნდამენტი არსებობს ქართული სამართლის ისტორიის კვლევის თვალსაზრისით. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება კონფერენცია, მით უმეტეს, რომ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ოპერატიულ-საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილების მქონე პოლიციის, უშიშროებისა და დაზვერვის სპეციალისტებმა, ასავე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა“, - აცხადებს ირაკლი გაბისონია.
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის - "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", დასასრულს გაიმართა წიგნის - „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი საგადასახადო სამართალში“, პრეზენტაცია.