სტუ-ს შესახებ

გ.ნიკოლაძის მედალი

ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მათემატიკოსი, მეტალურგი,  ტერმინოლოგი, გამომგონებელი და სპორტსმენი (ტანმოვარჯიშე და მთასვლელი), გიორგი ნიკოლაძე 1888 წელს დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძისა და ოლღა გურამიშვილის ოჯახში დაიბადა. 

გიორგი ნიკოლაძეს მათემატიკურ სკოლაში არ უსწავლია, თუმცა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ტექნიკური საგნებისადმი განსაკუთრებული ნიჭით.

1927 წელს მან შექმნა თეორია- ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ. ეს თეორია შემდგომში საფუძვლად დაედო მის სადოქტორო დისერტაციას, რომელიც პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა. პარიზში ცხოვრების პერიოდში გამოიგონა ელექტრონული არითმომეტრი, რომელიც არსებითად განსხვავდებოდა არსებულისაგან. 

გიორგი ნიკოლაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს „ანალიზურ გეომეტრიასა“ და „დიფერენციალურ გეომეტრიაში“. მანვე შექმნა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოები აღნიშულ დარგში.

გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი. აღნიშნულ ღუმელზე  ჩატარებული ცდების შედეგები კი, მოგვიანებით საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას.

დიდია მისი წვლილი საქართველოში სპორტის პოპულარიზაციის საქმეშიც. 1918 წელს ნიკოლაძემ დააარსა საქართველოში პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება - „შევარდენი“. გამოსცა პირველი ქართული ტანვარჯიშის სახელმძღვანელო და მანვე დაამკვიდრა ტერმინი- „ტანვარჯიში“. 

1923 წელს, მისი ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე ავიდა  პირველი ქართული ჯგუფი და ამ ასვლამ, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ალპინიზმის განვითარებას. ასევე, მის სახელთანაა დაკავშირებული  ჩვენს ქვეყანაში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარება.

გიორგი ნიკოლაძე  იყო შესანიშნავი ტერმინოლოგიც. ქართულ ენაში მისი გამოგონებული და დამკვიდრებულია შემდეგი სიტყვები: წნევა, დენი, ნათურა, ხრახნი, ტანვარჯიში, მთამსვლელობა, მსაჯი, წრე ძრავი, სინჯარა, ჯვარედინი.... 

სამწუხაროდ, ამ მრავალმხირვი ნიჭითა და უნარით დაჯილდოებული ადამიანი, რომელსაც ქვეყნისათვის კიდევ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეეძლო, ძალიან ადრეულ, 42 წლის ასაკში, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამშრომლებისათვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი სასწავლო-აღმზრდელობითი, მეცნიერული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაწესებულია გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი, რომელიც აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა.