საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია 1922 წლიდან იწყება. გასული საუკუნის 20-იანი წლების დამდეგს, საქართველოში სახალხო მეურნეობის აღდგენისა და განვითარების ფართო პროგრამის განხორციელება სხვადასხვა პროფილის მქონე საინჟინრო კადრების მომზადებას ითხოვდა, ამიტომ უკვე დაარსებულმა თბილისის უნივერსიტეტის რექტორმა, ივანე ჯავახიშვილმა, უნივერსიტეტისთვის პოლიტექნიკური ფაკულტეტის შეერთება გადაწყვიტა.
შეიქმნა შეზღუდული რესურესებით აღჭურვილი გუნდი, რომლის კურსდამთავრებულებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს ქვეყნის სოციალურ თუ კულტურულ საქმიანობაში. საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, მათ მიერ ქვეყნის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ქართულ საინჟინრო აზროვნებაში ერთ-ერთი ყველაზე თამამი ჩანაფიქრის „ენგურჰესის“ მშენებლობიდან დაწყებული, კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - რეფლექტორის გაშვებით გაგრძელებული.
1917 წლის 11 ივლისს, კავკასიაში პირველად, თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაარსდა, სადაც მოღვაწეობდნენ ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები: პეტრე მელიქიშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, სიმონ ავალიანი, ანდრია ბენაშვილი, ალექსანდრე დიდებულიძე, შალვა ნუცუბიძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი და სხვ.
1922 წლის 16 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლიტექნიკური ფაკულტეტის სახით, 1917 წელს დაარსებული თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი შეუერთდა, რომლის პირველი სხდომის თავმჯდომარეც უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი იყო. სხდომაზე ფაკულტეტის დეკანად პროფესორი ალექსანდრე დიდებულიძე აირჩიეს. პირველი ლექცია, უმაღლეს მათემატიკაში პროფესორმა ანდრია რაზმაძემ წაიკითხა.
პირველ სასწავლო წელს, თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, რომელსაც მხოლოდ, სამშენებლო, მექანიკური და სამთო განყოფილებები ჰქონდა 182 სტუდენტი ჩაირიცხა.
1928 წლის 28 ივნისს, პირველმა ქართველმა ინჟინრებმა საჯაროდ დაიცვეს სადიპლომო პროექტები. მათ საინჟინრო განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღეს. პირველი ქართველი ინჟინრები იყვნენ: ნიკოლოზ კალატოზიშვილი, ივანე გვიჩია, ალექსანდრე მიქაბერიძე, ევგენი ჩიქოვანი და ირაკლი მაღალაშვილი. მალე მათ კიდევ ოთხი ინჟინერი შეუერთდა - კონსტანტინე ფერაძე, პარმენ ჯიქია, მიხეილ ხევსურიანი და მალაქია ბრეგვაძე.
პოლიტექნიკური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ შეიქმნა ქართული ტექნიკური ტერმინოლოგია. გარდა ამისა, ქართულ ენაზე შეიქმნა და ითარგმნა პირველი სახელმძღვანელოები სპეციალურ დისციპლინებში.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ქვეყნის სამრეწველო დარგების განვითარების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. დაიწყო ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელსაც სახელგანთქმული მეცნიერი და ინჟინერი ბესარიონ ჭიჭინაძე ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში, საფუძველი ჩაეყარა სამშენებლო მექანიკისა და სამშენებლო სეისმოლოგიის საყოველთაოდ აღიარებულ სამეცნიერო სკოლებს, რომელთა წარმომადგენლებმა უკვე შემდგომ, საქართველოში სამრეწველო და სამოქალაქო ნაგებობების, გრავიტაციული და თაღოვანი კაშხლების, რთული რელიეფის პირობებში მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურების და სხვა სახის მშენებლობები წამოიწყეს.
განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქართველ მეცნიერებს რკინიგზების დაგეგმარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დარგში.
საქართველოს სამთოელების პირველი თაობის წარმომადგენლებმა, რომლებიც უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გრიგოლ წულუკიძის მოწაფეები იყვნენ, სამთომომპოვებელ მრეწველობას მისცეს დასაბამი. დაიწყო ტყიბულის, ტყვარჩელის, ჭიათურის, ახალციხის და სხვა საბადოების ამოქმედება.
გეოლოგებმა ცნობილი მეცნიერების: ალექსანდრე ჯანელიძის, ალექსანდრე თვალჭრელიძისა და კალისტრატე გაბუნიას ხელმძღვანელობით დაიწყეს ძებნა-ძიების საქმეში რთული სტრუქტურულ-ტექტონიკური, გეოფიზიკური და გეოქიმიური მეთოდების გამოყენება. შესაძლებელი გახდა სასარგებლო წიაღისეულის ახალი საბადოების აღმოჩენა მადნეულში, შაორში, ტყვარჩელსა და სხვა ადგილებში.
ქვეყნის განვითარების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ ენერგეტიკოსებსაც. შეიქმნა ერთიანი ენერგოსისტემა, რესპუბლიკა დაიფარა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების ქსელით. რიონჰესი, ხრამჰესი, ენგურჰესი, თბილსრესი და მრავალი სხვა ენერგოობიექტი ქართული ენერგეტიკის ტრადიციების საწყისს წარმოადგენდნენ.
XX საუკუნის 50-იან წლებში, საფუძველი ჩაეყარა ახალ დარგს - ავტომატური მართვა და მართვის სისტემები. 1963 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტში (შემდგომ მართვის სისტემების ინსტიტუტი) პირველი ქართული ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანა „დელისი“ შეიქმნა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, მეორე მსოფლიო ომში ქართველ პოლიტექნიკოსთა აქტიური მონაწილეობა. ინსტიტუტის ექვს კურსდამთავრებულს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭათ. ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ომის შემდგომ პერიოდში, სახალხო მეურნეობის აღდგენისა და განვითარების პროცესში.
1929 წელს პირველი ქიმიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. 1932 წელს, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი შეიქმნა, უფრო მოგვიანებით კი, მეტალურგიის და გამოყენებითი ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტები.
ქიმიის მეცნიერების განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა მეტალურგიული მეცნიერება. 1930 წელს თბილისში, დიდუბის რაიონში, გიორგი ნიკოლაძის თაოსნობით, მადანაღსადგენი ელექტროღუმელი ააშენეს და შეიმუშავეს ჭიათურის მანგანუმიანი მადნიდან ფერომანგანუმის გამოდნობის ტექნოლოგია.
XX საუკუნის 30-იან წლებში, დასაბამი მიეცა მანქანათმცოდნეობის განვითარებას.
1969 წელს, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტი შეიქმნა, რომლის პირველი დეკანიც, პროფესორი აკაკი ბერიშვილი (1969- 1972 წწ.) იყო.
გასული საუკუნის 40-იანი წლების დასასრულს, საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელობას დაავალა, შესაბამის უწყებებთან ერთად, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პერსპექტიული განვითარების გეგმა შეემუშავებინა და ინსტიტუტის ერთიანი სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსის ასაშენებლად სათანადო ადგილი შეერჩია.
1959 წელს, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი შეუერთდა. ამის შემდეგ, ამოქმედდა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის, ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის, კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის, ავტომექანიკური ფაკულტეტები, აგრეთვე – საპრობლემო და დარგობრივი ლაბორატორიები, სადაც ქვეყნისთვის აუცილებელი და საჭირო სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
90-იანი წლების დასასრულს, ინსტიტუტი ტექნიკურ უნივერსიტეტად გადაკეთდა, სადაც ევროპის განათლების სისტემასთან მისადაგების, დემოკრატიზაციისა და ავტონომიურობის პრინციპის დამკვიდრების მიზნით (რექტორი პროფესორი გოჩა ჩოგოვაძე) რეფორმები დაიწყო.
ტექნიკური უნივერსიტეტში სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა ამოქმედდა, რაც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ერთობლიობას ითვალისწინებს (რექტორი პროფესორი რამაზ ხუროძე). საფუძველი ჩაეყარა ახალი სპეციალობების სწავლებას, როგორიცაა: საინჟინრო მენეჯმენტი, სახელმწიფო მართვა, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი და სხვ.
2001 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტექნიკურ უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელსაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მანგლისისა და წალკის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) ხელმძღვანელობდა.
XXI საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს მნიშვნელოვნად შეიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სტრუქტურა. მას შემოუერთდა მრავალი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, ძლიერი ადამიანური რესურსითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. მიიღეს ახალი საუნივერსიტეტო წესდება.
დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში, გაცილებით მეტის გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ საინჟინრო-ტექნიკური დარგების ახალგაზრდა სპეციალისტებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი კურსდამთავრებულები საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებენ.