ენერგეტიკის ფაკულტეტი


ენერგეტიკა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს და მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესების ეფექტურობას განაპირობებს. ყოველივე ეს უცილობლად მოითხოვს ენერგეტიკის დარგის წინსწრებული განვითარების აუცილებლობას. ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ეძლევათ შანსი გახდნენ, XXI საუკუნის აღმშენებლობის აქტიური მონაწილეები.

 

ფაკულტეტი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებით. სულ ახლახან სტუ-ს, სს «თელასის», ფრანგული ფირმის Schneider Electric–ის, ავსტრიული ფირმა Herz-ის ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა, სასწავლო ლაბორატორიული ცენტრი, სადაც ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ დაეუფლონ უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული ელექტროტექნიკური მოწყობილობებისა და დანადგარების, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მართვას და ექსპლუატაციას. ასევე ისარგებლონ თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკით, ვირტუალური ლაბორატორიებით, სახელმძღვანელოებით მშობლიურ ენაზე და სწავლების კომპიუტერული ტექნოლოგიების ყველა სიკეთით.

 

ფაკულტეტს ემსახურება ენერგეტიკის დარგში აღიარებული და სათანადო კომპეტენციის აკადემიური პერსონალი, რაც მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სივრცეს უზრუნველყოფს.

ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებით.