საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ - ბრნოს მენდელის უნივერსიტეტის თანამშრომლის ადმინისტრაციული მობილობა სტუ-ში

2024 წლის 24-28 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული მობილობით სტუმრობდა ბრნოს მენდელის უნივერსიტეტის  (Mendel University in Brno – MENDELU) (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) თანამშრომელი ანდრეა კრალიკოვა (Andrea Králíková) მარკეტინგისა და სავაჭრო ოპერაციების დეპარტამენტიდან.

ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პროგრამა ითვალისწინებდა სამუშაო შეხვედრებს ფაკულტეტებზე, ასევე, მონაწილეობის მიღებას მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი - გამოწვევები და შესაძლებლობები“.

ახალგაზრდა მკვლევარი შეხვდა პროფ. ნინო ჩხარტიშვილს, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. პროფ. ჩხარტიშვილთან შეხვედრაზე განხილული იქნა ღვინის ტურიზმის სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, აღნიშნული მიმართულების სტუდენტებისათვის კვლევითი სტაჟირების შესაძლებლობები როგორც მენდელის უნივერსიტეტში, ისე სტუ-ში.

გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფ. რუსუდან ქუთათელაძე; დეკანის მოადგილე მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერობების მიმართულებით, ასოც. პროფ. გიორგი სულაშვილი; ტურიზმისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ლელა კოჭლამაზაშვილი; პროფ. მარინა მეტრეველი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებას, მათ შორის, ინგლისურ ენაზე. განხილული იქნა ფაკულტეტზე არსებული გამოწვევები როგორც ახალი ინგლისურენოვანი პროგრამების, ისე ცალკეული კურსების  მომზადებასთან დაკავშირებით.

მობილობის პერიოდში ჩეხ სტუმართან სამუშაო შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ურიერთობების დეპარტამენტშიც. ახალგაზრდა კოლეგას შეხვდნენ დეპარტამენტის თანამშრომლები: უფროსის მოადგილე, პროფ. ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი, მარიკა ზვიადაძე და მარგარიტა სეროპიანი.