საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ - ევროპისა და ქვეყანათმცოდნეობის კოლეჯის თანამშრომელთა აკადემიური მობილობა სტუ-ში

2024 წლის 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური მობილობით სტუმრობდნენ ევროპისა და ქვეყანათმცოდნეობის კოლეჯის (College of European and Regional Studies) (ჩესკე-ბუდეიოვიცე, ჩეხეთის რესპუბლიკა) ექსპერტი ასისტენტები სტეპან კავანი (Štěpán Kavan) და ევა სტიბლოვა (Eva Styblova).


პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში. ჩეხ კოლეგებს შეხვდნენ დეპარტამენტის უფროსი თეა მურვანიძე და დეპარტამენტის თანამშრომლები ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი, მარიკა ზვიადაძე და მარგარიტა სეროპიანი.

შეხვედრაზე განხილული იქნა ევროპისა და ქვეყანათმცოდნეობის კოლეჯთან მომავალი თანამშრომლობის დეტალები, მათ შორის, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის მოკლევადიანი სტაჟირების შესაძლებლობები. ამასთან, ბატონმა კავანმა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებს შესთავაზა ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის მონაწილეობის მიღება VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში “უსაფრთხო და საიმედო საზოგადოება 2024” და კონფერენციის შრომებში უფასოდ თეზისების გამოქვეყნება.

სამუშაო შეხვედრაზე ჩეხმა კოლეგებმა ქართველ პარტნიორებთან განიხილეს ჩესკე-ბუდეიოვიცეს სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყების პერსპექტივები, მათ შორის, Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში.