ცენტრის ისტორია

გასული საუკუნის ბოლოს საქართველოში, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორების მანანა კაჭახიძის და ნინო კაჭახიძე-მერფის ხელმძღვანელობით. შეიქმნა სამეცნიერო ჯგუფი, რომლის სამეცნიერო ინტერესი არის მიწისძვრებამდე არსებული გეოფიზიკური ველების ანომალიური ცვლილებების შესწავლა. ამ ჯგუფმა შეისწავლა კავკასიის ძლიერი მიწისძვრების წინ არსებული სხვადასხვა გეოფიზიკური ველების რეტროსპექტული ჩანაწერები. ამ ველების ანალიზის საფუძველზე, პირველად გახდა შესაძლებელია ამ ანომალური გეოფიზიკური ველების  კლასიფიცირება მიწისძვრის ინდიკატორებად და ტრიგერებად.

კვლევებით, ქართველმა გეოფიზიკოსებმა დაასკვნეს, რომ   შესწავლილ გეოფიზიკურ ველებს შორის არ აღმოჩნდა ველი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა  მომავალი მიწისძვრის პროგნოზირებისთვის აუცილებელი სამი ძირითადი პარამეტრის (მიწისძვრის ეპიცენტრი, მოხდენის დრო და სიძლიერე) განსაზღვრა.

ცხადია, რომ  გეოფიზიკურ ველი, რომელიც წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს, ზუსტად უნდა აღწერდეს  ძირითადი რღვევის წარმოშობის პროცესს.

მე-20 საუკუნის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ძლიერი მიწისძვრების მომზადების პროცესში ფოკუსურ არეში ადგილი აქვს  მეტად დაბალი სიხშირის/დაბალი სიხშირის (მდს/დს) და უკიდურესად დაბალი სიხშირის (უდს) ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას (ემგ),  რომელიც  დაიკვირვება როგორც დედამიწის ზედაპირზე, ასევე თანამგზავრების საშუალებით.  ქართველი მეცნიერების კვლევებით დადგინდა, რომ მდს/დს რადიო სიგნალის  წარმოშობა დაკავშირებულია სეისმოგენურ არეში ბზარების, ხოლო მიწისძვრის ფოკუსში-ძირითადი რღვევის წარმოშობასთან.

ძლიერი მიწისძვრების წინ დაფიქსირებული მდს/დს  გამოსხივების თვისებების შესწავლამ ქართველი მეცნიერი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ზუსტად ეს გეოფიზიკური ველი არის  ერთად-ერთი წინამორბედი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია  ძლიერი მიწისძვრების მოკლევადიანი პროგნოზირება. ქართველი მეცნიერების მიერ შეიქმნა მიწისძვრის წინ არსებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების გენერაციის მოდელი და ფორმულა, რომლითაც გამოსხივების სიხშირე ანალიზურად უკავშირდება მიწისძვრის კერაში წარმოშობილი რღვევის სიგრძეს. აღსანიშნავია, რომ თეორიული მოდელი იძლევა საშუალებას   გამოიყოს ფორშოკებისა და ავტერშოკების სერიები ძირითადი ბიძგისაგან, რაც დღეისათვის გადაუჭრელ ამოცანას წარმოადგენს სეისმოლოგიაში. შემდეგ შემუშავდა მიწისძვრების პროგნოზირების მეთოდოლოგია და მეთოდები. ამრიგად, ამ კვლევებმა  შეძლო მიწისძვრის პროგნოზირების პრობლემის გადაჭრა. კერძოდ, უკვე შესაძლებელია:

  1. მიწისძვრამდე დაახლოებით 50 დღით ადრე  გამოიყოს ემგ-ის უწყვეტად აქტიური სიხშირული არხი;
  2. აქტიური არხის სიხშირის მიხედვით,  მიწისძვრამდე დაახლოებით 50 დღით ადრე განისაზღვროს იმ „დაბზარვის ზოლის“ სიგრძე, რომელზედაც აქტიურად მიმდინარეობს  ბზარების წარმოშობის პროცესი და საბოლოოდ ფოკუსში ყალიბდება მაგისტრალური რღვევა;
  3. „დაბზარვის ზოლის“ სიგრძის მიხედვით  მომავალი მიწისძვრის მაგნიტუდის გარკვეული სიზუსტით განსაზღვრა 50 დღით ადრე;
  4. აქტიური სიხშირული არხის გამოვლენისთანავე განისაზღვროს მომავალი მიწისძვრის ეპიცენტრი გარკვეული სიზუსტით;
  5. ძლიერი მიწისძვრის მოხდენის დროის მოკლევადიანი პროგნოზირების მიზნით, რეკომენდირებულია სიხშირული მონაცემების მონიტორინგი დაიწყოს  რღვევების წარმოშობის ზვავური-არამდგრადი პროცესის დაწყების მომენტიდან და თვალი ვადევნოთ ამ პროცესის დინამიკას;
  6. მიწისძვრის წინ არსებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების მონიტორინგის შემთხვევაში,  ეტაპობრივად  გაკეთდეს მომავალი  ძლიერი მიწისძვრის დაახლოებით როგორც  50 და 20,  ასევე 2 - დღიანი  მოკლევადიანი პროგნოზი;  
  7. შემოთავაზებულ მეთოდზე დაყრდნობით ადვილად შეიძლება ერთმანეთისგან გამოიყოს ფორშოკებისა და ავტერშოკების სერია  ძირითადი ბიძგისგან;

გარდა ამისა, სამეცნიერო ჯგუფის მიერ დამუშავდა ელექტრომაგნიტური გამოსხივების ჩამწერი დღეს არსებული ქსელების მოდერნიზაციის შესაძლებლობის საკითხი,  კერძოდ ნაჩვენებია, რამდენად იაფი და ხელსაყრელია მობილური მიმღებების ქსელის მოწყობა  გადამცემების გარეშე. გარდა ამისა, გაუმჯობესებულია ელექტრომაგნიტური გამოსხივების მიმღები ხელსაწყო.

მიწისძვრის პროგნოზირების ზემოაღნიშნული კვლევების საფუძველზე, ასევე წარმოდგენილია სეისმური რისკის შეფასებისა და მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრის ფოკუსში დაგროვებული ტექტონიკური დაძაბულობის შემცირების სრულიად  განსხვავებული და ინოვაციური ხედვა.

სამეცნიერო ჯგუფმა საქართველოში,  როგორც სეისმურად ერთ - ერთ აქტიურ ქვეყანაში,    მიზნად დაისახა მდს/დს ქსელის მოწყობა. შეიქმნა საველე სასწავლო-სამეცნიერო სადგური, რომელიც 2016-2017 წლებში  ჩართული იყო ევროპის ქსელში (INFREP). ევროპის ქსელში ჩართვით შესაძლებელი გახდა უმაღლესი დონის სამეცნიერო კვლევების ჩატარება. უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის საქართველოში გადმოსატანად, რომელიც მიწისძვრის წინასწარმეტყველების შესაძლებლობის კვლევებს ეხება, მანანა კაჭახიძის ხელმძღვანელობით, ქართულ უნივერსიტეტში ამუშავდა  მაგისტრატურის და დოქტორანტურის სასწავლო - საგანმანათლებლო პროგრამა  „გეოფიზიკა“, რომლის სტუდენტები  აქტიურად ჩაებნენ აღნიშნული მიმართულებით კვლევებში, ყოველწლიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში.  მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფები  აქტიურად ჩაერთნენ ევროპის კონსორციუმში ჩართული სხვა ქვეყნების: იტალიის, საბერძნეთის, რუსეთის, ავსტრიის სამეცნიერო ჯგუფებთან მჭიდრო კავშირში, ასევე დაუკავშირდნენ აშშ-ის და იაპონიის იმ სამეცნიერო წრეებს, რომლებიც მუშაობენ ანალოგიურ პრობლემაზე. ამიტომ გახდა აღნიშნული სამეცნიერო ჯგუფი ცნობილი მსოფლიოს გეოფიზიკური საზოგადოებისთვის.

მომავალში, ჯგუფი,  ფიქრობს რეგიონალურ  და საერთაშორისო თანამშრომლობაზეც  და ამ  მიზნით გარკვეული ამოცანებიც აქვს ჩამოყალიბებული.  რეგიონალური სამეცნიერო კავშირები განსაკუთრებით  აუცილებელია, რადგან საქართველო კავკასიის, როგორც ერთიანი სეიმურად აქტიური რეგიონის ნაწილია და  დაგეგმილ ამოცანათა სპეციფიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მისაღწევად კავკასიაში რეგიონის სამეცნიერო პოტენციალის მაღალი ჩართულობაა აუცილებელი.