ცენტრის ისტორია

სტუ-iს ი.ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი

 

სტუ-iს ი.ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი (შემდგომში „ცენტრი“) წარმოადგენს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის (აკადემიის სამეცნიერო დაწესებულების უფლებებით) სამართალმემკვიდრეს (რომელიც თავდაპირველად ჩამოყალიბდა საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი საბჭოს სახით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 1975 წლის 30 ოქომბრის N352 დადგენილებით). კომისია შეიქმნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1978 წლის 17 აგვისტოს #537 და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 1978 წლის 14 სექტემბრის #279 დადგენილებების საფუძველზე (დამოუკიდებელი სამეცნიერო დაწესებულების სტატუსით). საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N58 დადგეილებით „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ ცენტრმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ეწოდა სსიპ `საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი~. საქართველოს მთავრობის 185-ე დადგენილებით 2010 წლიდან ცენტრი რეორგანიზებული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულად.

1978-1997 წწ. კომისიის თავმჯდომარე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, აკადემიკოსი არჩილ ძიძიგური; 1997-2006 წწ. ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ლენინური პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ოქროს მედლის მფლოლი, რუსეთის საინჟინრო აკადემიისა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია, რომლის სახელსაც ცენტრი ატარებს 2018 წლიდან; 2006-2011 წწ. ცენტრის დირექტორი იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან ვეზირიშვილი-ნოზაძე; 2011 წლიდან დღემდე ცენტრს ხელმძღვანელობს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ღირსების მედლისა და ღირსების ორდენის კავალერი, პროფესორი ზურაბ ლომსაძე.

ცენტრი ყოველთვის გამორჩეული იყო მაღალკვალიფიციური სამეცნიერო პოტენციალით. წლების მანძილზე აქ მოღვაწეობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ბარსელონას მეცნიერებისა და სამეფო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, კატალონიის სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საერთაშორისო ჟურნალ „აგრარულ მეცნიერებათა მაცნეს” მთავარი რედაქტორი, ჟურნალების Chemical & Environment Research (ქიმიური და გარემოს კვლევები) (ინდოეთი), Archives of Agronomy and Soil Sciense (აგრონომიისა და ნიადაგმცოდნეობის არქივი) (ავსტრია), Mitteilungen der deutschen dendrologischen  Gesellschaft (გერმანიის დენდროლოგიური საზოგადოების მაცნე) (გერმანია) რედკოლოგიის წევრი - თენგიზ (გიზო) ურუშაძე; აკადემიის წევრ-კორესპონდენტები: კოტე ბეთანელი და ლეო ჩიქავა; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იაშა მესხია; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, მინერალური რესურსების საერთაშორისო აკადემიისა და საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი იულიუს ცინცაძე; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი გიგლა გობეჩია; მეცნიერებათა დოქტორები: ა.ბუხნიკაშვილი, ნ.თავხელიძე, ე.ნაკაიძე, ი.მელიქიძე, ნ.იაშვილი, ვ.კაკაბაძე, ჯ.ხოშტარია, თ.ლაღიძე, შ.ონიანი, ა.ნანაძე, დ.კუპატაძე, ა.სულაძე, მ.ციცქიშვილი, ჯ.მაჭავარიანი; გამოცდილი ეკონომისტები: ვ.გიგიბერია, ი.სავოსტინა და სხვ.; ცნობილი სამთო ინჟინრები: ე.ჯაფარიძე, კ. კუჭუხიძე, ა.გამხარაშვილი, ი.გოგიტიძე, ლ.შენგელია, დ.კაჟილოტი, ა.დვალაძე, ა.ჯიქია და სხვ.

     სხვადასხვა დროს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ი.მიქელაძე, ვ.მელქაძე, ფ.თავაძე, გ.ციციშვილი, ვ.გომელაური, ი.ბუაჩიძე, ო.ნათიშვილი, თ.დავითაია, ვ.გულისაშვილი, გ.თვალჭრელიძე, ა.გუნია; აკადემიის წევრ-კორესპონდენტები: გ.სვანიძე; საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი თ.ჯანელიძე; პროფესორები: პ.ჟღენტი, ი.ზურაბიშვილი, გ.ქობულია, ე.ცისკარიშვილი, ბ.დემეტრაძე და სხვ.

სტრუქტურა და სამეცნიერო პერსონალი

2022 წლის მდგომარეობით ცენტრში 22 მეცნიერია დასაქმებული, მათ შორის: შვიდი მეცნიერებათა დოქტორი (რომელთაგან სამი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრია), თერთმეტი - მეცნიერებათა კანდიდატი, ორი - აკადემიური დოქტორი და ორი - სამეცნიერო ხარისხის არმქონე პირი (მათ შორის ერთი დოქტორანტი).

ცენტრში ფუნქციონირებს 3 განყოფილება:

1.   მიწის, წყლის და ტყის რესურსების განყოფილება

გამგე-მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - გივი თალაკვაძე, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, საქართველოს საინჟინრო და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრი;

2.   მინერალური და ენერგეტიკული რესურსების განყოფილება

გამგე-მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - გიორგი მაღალაშვილი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს  საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, კალისტრატე გაბუნიას სახელობის სამეცნიერო პრემიის ლაურეატი, საქართველოს დამსახურებული გეოლოგი.

3. ადამიანური და ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების და ეკოლოგიის განყოფილება

გამგე-მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - ოთარ ფარესიშვილი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე).

ცენტრს აქვს სამეცნიერო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ქიმიის დოქტორი ოთარ ფარესიშვილი (თავმჯდომარე); გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი გიორგი მაღალაშვილი; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ნოდარ ჭითანავა; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი; ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, საქართველოს საინჟინრო და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრი გივი თალაკვაძე; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი ქეთევან ვეზირიშვილი-ნოზაძე; ქიმიის დოქტორი ლაურა კვარაცხელია; ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი იოსებ არჩვაძე; ქიმიის დოქტორი დავით გამეზარდაშვილი; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი ზურაბ ლომსაძე.

გარდა სამეცნიერო საბჭოს წევრებისა, ცენტრში სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევიან: ქიმიის დოქტორი ქ.მახარაძე; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ე.კვესიტაძე; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ნ.მირიანაშვილი; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატები - ვ.გელაძე და ჯ.კაკულია; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი თ.პატარქალაშვილი; ეკონომიკის დოქტორები - ნ.გრძელიშვილი, ი.ახალბედაშვილი, ვ.ზეიკიძე და რ.ფირცხალავა; ინჟინერი ვ.მირზაევა და არქიტექტორი ქ.სოლომონიშვილი (დოქტორანტი).

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

            ცენტრი წარმოადგენს ერთადერთ საინჟინრო-ეკონომიკური პროფილის სამეცნიერო დაწესებულებას ქვეყანაში, რომლის მისიაა სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბუნებრივი რესურსების (მიწა, წყალი, ტყე, სასარგებლო წიაღისეული, ენერგეტიკული (სათბობ-ენერგეტიკული, ჰიდრო, მზის, ქარის, გეოთერმული ენერგია), საკურორტო-რეკრეაციული, ტურისტული და სხვ.) სისტემური კვლევა, საწარმოო ძალთა მდგრადი განვითარების რეგიონული და დარგობრივი პრობლემების ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.

ცენტრი ემსახურება ამოცანების გადაჭრას, როგორიცაა:

·      საქართველოს ბუნებრივი რესურსების კვლევა - მისი პოტენციალის განსაზღვრა-შეფასება, რაოდენობრივი და თვისებრივი ცვლილებების დინამიკის შესწავლა;

·      საქართველოს ადამიანური რესურსების რაოდენობრივი და სტრუქტურული პარამეტ-რების დინამიკის, შრომითი რესურსების ფორმირების თავისებურებათა და აღნიშნული რესურსებით ეროვნული მეურნეობის უზრუნველყოფის საკითხების შესწავლა;

·      ცენტრის კვლევების შედეგებისა და სხვა ობიექტური მონაცემების საფუძველზე ქვეყნის ბუნებრივი და ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზების სრულყოფა და პერმანენტული განახლება;

·      ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გამოყენების არსებული მდგომარეობის ანალიზი და პერსპექტივების შესწავლა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების გათვალისწინებით, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე მისი ცალკეული მხარეების/რეგიონების მიხედვით, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.

·      დასახულ ამოცანათა წარმატებით გადაწყვეტის შედეგად ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის უზრუნველყოფის საქმეში სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის ხელშეწყობა, რაც საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგნადაა აღიარებული.

სამეცნიერო პროექტები

            2003-2012 წწ. ცენტრში შესრულდა პროექტი „საქართველოს რეგიონების (აჭარა, აფხაზეთი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, თბილისი) ბუნებრივი რესურსები და მათი გამოყენების პერსპექტივები“, შედეგად მომზადდა და გამოქვეყნდა მონოგრაფიათა სერია (სულ 13 ტომი), რომლებშიც ასახულია ქვეყნის ბუნებრივი რესურსების პრობლემების კვლევის შედეგები რეგიონულ ჭრილში, რამაც ნათლად წარმოაჩინა მხარეთა ისტორიულად და ადმინისტრაციულად გამიჯნულ ტერიტორიებზე ბუნებრივ სიმდიდრეთა პოტენციალი და მისი გამოყენების თავისებურებები.

            2015-2021 წწ. ცენტრში შესრულდა 7-წლიანი პროექტი - "საქართველოს ბუნებრივი და ადამიანური (შრომითი) რესურსების პოტენციალის კვლევა და მისი გამოყენების დარგობრივი და რეგიონული პრობლემები", რომლის ფარგლებში ჩატარდა კომპლექსური კვლევები ქვეყნის ბუნებრივი და შრომითი რესურსების რაციონალური და ეფექტიანი გამოყენების სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ:

შესწავლილია მიწის (სასოფლო-სამეურნეო სავარგულების) გამოყენების ტენდენციები, გაანალიზებულია მიწის, როგორც უნივერსალური ბუნებრივი რესურსისა და წარმოების ძირითადი ფაქტორის გამოყენების თანამედროვე მდგომარეობა. გამოვლენილია ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც ჩამოყალიბდა 1990-2020 წლებში სახელმწიფო მიწის ფონდის (სტრუქტურის) ცვლილებების შედეგად. ახსნილია მიზეზები (ფაქტორები), რომლებმაც განაპირობა მიწის რესურსების გამოყენების დაბალი დონე, ნიადაგის ნაყოფიერების დაცემა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების მკვეთრად შემცირება და შესაბამისად გავლენა საქართველოს მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაზე.

           გამოკვლევებით დადასტურდა, რომ თანამედროვე პირობებში მიწის რესურსული პოტენციალის კომპლექსური გამოყენება ეროვნული ეკონომიკის დაჩქარებული ტემპებით განვითარების საფუძველია, მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირება უნდა წარიმართოს ეკონომიკის მართვის სახელმწიფო და საბაზრო მექანიზმების შეთანწყობით, საჭიროა მიწათმოწყობის ახალი სისტემის შექმნა, მიწის რესურსების ეფექტიანობის ამაღლებაში პროგნოზირებისა და სტრატეგიული მართვის თანამედროვე მეთოდების ფართოდ გამოყენება და სხვა.   

·         შესწავლილია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის სავარგულების მელიორაციის არსებული მდგომარეობა და შემუშავებულია შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები.

·         შესრულებულია წინასწარი კვლევები ტყიბული-შაორის საბადოს ნახშირშემცველი არგილიტებისა და თიხების განმოყენებით სხვადასხვა დანიშნულების სამშენებლო მასალების წარმოების შესაძლებლობის დადგენის მიზნით.

·         აღწერილი და გაანალიზებულია ქვეყანაში გავრცელებული აგრომადნების რესურსული პოტენციალი და მათი გამოყენების თანამედროვე მდგომარეობა. შემოთავაზებულია შესაბამისი რეკომენდაციები.

·         ჩატარებულია კვლევები განახლებადი, არატრადიციული ენერგორესურსების რაციონალურად გამოყენების მიმართულებით, კერძოდ შესწავლილია ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების (თბური ტუმბოს დანადგარების) ქვეყნის სამრეწველო, ფერმერულ და კომუნალურ მეურნეობაში ფართოდ გამოყენების შესაძლებლობები. დამუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები.

·         მნიშვნელოვანი კვლევებია ჩატარებული მოსახლეობის დემოგრაფიული პრობლემებისა და ადამიანური (შრომითი) რესურსების რეგიონული თავისებურებების შესწავლის მიზნით. გაანალიზებულია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დინამიკა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე რეგიონების (მხარეების) მიხედვით. გაანგარიშებულია დემოგრაფიული დატვირთვის კოეფიციენტები. გამოვლენილია შრომითი პოტენციალის რეგიონული თავისებურებები და ა.შ.

·         აღწერილი და დახასიათებულია ქვეყნის საკურორტო-რეკრეაციული რესურსები, მთის და ზღვის კლიმატური, ბალნეოლოგიური, ბალნეოკლიმატური, კლიმატო-ბალნეოლოგიური და პელოიდური კურორტები. აღწერილია მათი სამკურნალო-სარეაბილიტაციო ფაქტორები (მათ შორის კოვიდ-19-თან მიმართებაში). გამოკვლეულია ტურისტული რესურსების სახეობები, შესწავლილია ტურიზმის განვითარების რესურსების კომპლექსური შეფასების მეთოდები და თავისებურებები, ტურიზმის რესურსული ბაზის შეფასების რეგიონული ასპექტები.

2022-2026 წწ. ცენტრში შესრულდება 5-წლიანი პროექტი - "საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და რეგიონების (მხარეების) საწარმოო ძალების მდგრადი განვითარების პრობლემების კვლევა“.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: ქვეყნის რესურსული პოტენციალის შესწავლისა და მისი რაციონალური გამოყენების ამოცანების გადაწყვეტაში ინტეგრალური მეთოდოლოგიური მიდგომის დანერგვა; რესურსების ეკონომიკური შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიის, მიწის რესურსების კომპლექსური (ინტეგრალური) მართვის სისტემის ფორმირების კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური მიდგომების შემუშავება; საქართველოს მინერალური რესურსების მომპოვებელ-გადამამუშავებელ საწარმოთა ნარჩენებისგან პროდუქციის (სამშენებლო მასალები, ორგანული სასუქი და სხვ.) წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება; ახალი დისციპლინის - „რესურსმცოდნეობის“ სასწავლო კურსისა და სახელმძღვანელოს მომზადება; საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და საწარმოო ძალების ელექტრონული პლატფორმის შემუშავება; სტუ-ის სამეცნიერო პოტენციალის ბაზაზე ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ახალი ფორმების ინიცირება და რეალიზაცია ადგილობრივი რესურსების ბაზაზე ქვეყნის რეგიონების (მხარეების) ეკონომიკის განვითარების სტრატეგიების შემუშავების მიზნით.

     მოკლედ თითოეული მიმართულების შესახებ:

·                     მიწის რესურსები - „სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსების კომპლექსური (ინტეგრალური) მართვის სისტემის ფორმირების კონცეპტუალურ-ორგანიზაციული მიდგომები“.

             კვლევის შედეგად შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები მოემსახურება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პოლიტიკის (სტრატეგიის) განსაზღვრას, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ (მუნიციპალურ) დონეზე. პროექტი ხელს შეუწყობს მიწის - ბუნებრივი რესურსისა და წარმოების ფაქტორის - ეფექტიანობის ამაღლებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური (სასურსათო) უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყნის ეკონომიკის ახალი დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფის განმსაზღვრელი პირობაა.

·                     წყლის რესურსები - „საქართველოს რეგიონების მტკნარი წყლის რესურსები, სამეურნეო წყალმოხმარების თანამედროვე მდგომარეობა და რაციონალიზაციის პერსპექტივები“.

შედეგად გაანალიზებული იქნება დაზუსტებული და უახლესი მონაცემები წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ საქართველოს რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წყლის ეკოლოგიური მდგომარე-ობისა და დაბინძურების ხარისხის, ასევე თანამედროვე წყალგამწმენდი ტექნოლოგიების შეფასებას. შესწავლილი იქნება სამეურნეო წყალმოხმარების არსებული მდგომარეობა. შეფასდება წყალმომარაგების, წყალარინების სისტემების სრულყოფილი ფუნქციონირების, წყლის დანაკარგების შემცირების, რეგიონების წყლით უზრუნველყოფის ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორები. კვლევის შედეგად რეგიონულ დონეზე რაციონალური წყალმოხმარების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებში წყალდამზოგველი სწორი პოლიტიკის გატარებას.

·                     ტყის რესურსები - „ტყეების მდგრადი განვითარების პრობლემები და გამოწვევები“.

            კვლევის შედეგები და რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ტყეების (განსაკუთრებით მთის ზონაში) მდგრადი განვითარების პრობლემების გადაჭრას, ტყეების დაცვითი და ეკოლოგიური ფუნქციების გაძლიერებას, რაც სასიკეთოდ წაადგება ქვეყნის და მთლიანად პლანეტის კლიმატის გაჯანსაღებას.

·                     მინერალური რესურსები - „მინერალური რესურსების უნარჩენოდ ათვისება პრინციპით - არ არსებობს გამოუყენებელი ნარჩენები და ფუჭი ქანები“.

პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს წიაღისეულის საბადოებზე და მოქმედ საწარმოებში არსებული მდგომარეობის შესწავლა-ანალიზი-შეფასება და წინადადებების შემუშავება საწარმოო ციკლში პროდუქციის გამდიდრების თანამედროვე მეთოდების შერჩევის, წარმოების ნარჩენების (ე.წ. „კუდების“) და გამოუყენებელი ე.წ. „ფუჭი ქანების“ შემდგომი გადამუშავების მიზნით, ასევე საწარმოს ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების შერბილების მიმართულებით.

სამუშაო ითვალისწინებს კვლევებს ორი ძირითადი მიმართულებით:

- სამთამადნო მრეწველობაში (მადნეულის სამთო-მამდიდრებელი კომბინატი) გამდიდრების თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევა - „მადნეულის საბადოს პირველადი და დასაწყობებული სპილენძ-თუთიის კოლჩედანური მადნების გამდიდრების კომბინირებული ტექნოლოგიური სქემის დამუშავება“, რომლის შედეგად შემუშავდება ძნელადგასამდიდრებელი სპილენძ-თუთიის მადნებიდან და წარმოების ნარჩენებიდან სპილენძისა და თუთიის მაღალხარისხიანი პროდუქტების მიღების კომბინირებული (ფლოტაციისა და ბიოტექნოლოგიის პროცესების ერთობლიობით) ტექნოლოგიური სქემები, რაც უზრუნველყოფს გამდიდრების შედეგად მაღალ ამოკრეფასა და პირიტში ინკაფსირებული ოქროს ზედაპირის გაშიშვლებას მისი შემდგომი წარმატებული ქიმიური გამოტუტვის მიზნით.  

- ტყიბული-შაორის ნახშირის საბადოზე არსებული პრობლემების კვლევა - „ტყიბულ-შაორის ნახშირის საბადოს ე.წ. „ფუჭი ქანების“ - არგილიტების, თიხების, მამდიდრებელი ქარხნის ე.წ. „კუდების“, ნაცრის შესწავლა სამშენებლო მასალებისა და სასუქების წარმოების შესაძლებლობის დადგენის მიზნით“, რაც ხელს შეუწყობს საწარმოს საერთო ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებასა და რეგიონის მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლების ამაღლებას. ქვეპროექტის ფარგლებში იგეგმება აგრეთვე საბადოს ე.წ. „ფუჭი ქანების“ - არგილიტების, თიხების, მამდიდრებელი ქარხნის ე.წ. „კუდების“, ნაცრის შესწავლა ცეცხლმედეგი აგურის, მოსაპირკეთებელი ფილების, თიხამიწის, ცემენტისა და ჰუმატის წარმოების შესაძლებლობის დადგენის მიზნით.

·                     ენერგეტიკული რესურსები - „განახლებადი და ალტერნატიული ენერგორესურსებისა და ენერგოეფექტიანობის პრობლემების კვლევა“.

           შესწავლილი იქნება განახლებადი და არატრადიციული ენერგორესურსების პოტენციალი, მათი ეფექტიანი გამოყენების მიმართულებები და ენერგოეფექტიანობა. ჩატარდება კვლევები ქვეყნის რეგიონების/მხარეების ენერგოუზრუნველყოფის ამაღლების შესაძლებლობების დასადგენად ადგილობრივი განახლებადი და ალტერნატიული ენერგორესურსების მოხმარების გზითა და თბოსიცივით ენერგოეფექტიანი მომარაგების ახალი კომპლექსური სისტემების დამუშავება-გამოყენებით. შემუშავებული რეკომენდა-ციები გააუმჯობესებს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში თბურ და ელექტრულ ენერგიებზე მოთხოვნილების ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას შეამციროს უცხოეთიდან იმპორტირებული ენერგომატარებლების მოცულობა. კვლევის ფარგლებში მომზადდება აგრეთვე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შერბილების რეკომენდაციები.

·                     ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები - „რეგიონის   ტურისტულ-რეკრეაციული   რესურსების   შეფასების თეორიულ-მეთოდოლოგიური და გამოყენებითი აპექტები“.

            კვლევა ითვალისწინებს: ტურიზმის განვითარების პოტენციალის შეფასების არსებული მეთოდოლოგიების   კომპლექსურ კვლევას   და   რეგიონული   ტურიზმის   სტრატეგიის   ფორმირების თეორიულ-მეთოდური   მიდგომების   განსაზღვრას; საქართველოს რეკრეაციულ სექტორში   არსებული მდგომარეობის ანალიზსა და მიღებული შედეგების ეფექტიანობის შეფასებას; ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების რაციონალურად გამოყენების მიზნობრივი პროგრამების შემუშავების მეთოდიკის განსაზღვრას; ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების კომპლექსურ შეფასებას. აღნიშნული მიმართულებით ცენტრის თანმშრომლების მიერ 2018-2021 წწ. ჩატარებული კვლევების ბაზაზე 2022 წელს გამოიცა მონოგრაფია „ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები (პირველი ნაწილი – ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შეფასების თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები)“ (244 გვ.).

·                     ადამიანური (შრომითი) რესურსები - „შრომითი რესურსების კვლავწარმოებისა და რაციონალური გამოყენების რეგიონული თავისებურებები“.

            კვლევის ფარგლებში მოხდება ადამიანური (შრომითი) რესურსებით ქვეყნის რეგიონების უზრუნველყოფის არსებული მდგომარეობის შეფასება. ყურადღება გამახვილდება მწვავე დემოგრაფიულ და მოსახლეობის დასაქმების პრობლემებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის გზებზე, ასევე მთის ზონის მოსახლეობის მიგრაციის საკითხებზე. გაანალიზდება რეგიონებში (მხარეებში) არსებული დემოგრაფიული განვითარების ტენდენციები, შრომითი რესურსების კვლავწარმოებისა და რაციონალური გამოყენების თავისებურებები მიმდინარე ეტაპზე.

კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვეყნის და მისი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის შეფასებისა და განვითარების პერსპექტივების დაგეგმვისას.

·                     ინტეგრალური რესურსები - „საქართველოს ინტეგრალური რესურსები - კვლევა, ანალიზი, პერსპექტივები“.

პროექტის ფარგლებში მოხდება საქართველოს ინტეგრალური რესურსული პოტენციალის (ბუნებრივი, ადამიანური, კომუნიკაციური, საინფორმაციო, ისტორიულ-კულტურული, საინვესტიციო, გეოსტრატეგიული და სხვ.) იდენტიფიცირება, ანალიზი და კლასიფიცირება, მათი მაღალეფექტიანი გამოყენებისა და მართვის სრულყოფილი სისტემის შექმნის მეთოდოლოგიის შემუშავება. პრინციპულ სიახლედ და გამოყენებითი მნიშვნელობის მქონე შედეგად უნდა მივიჩნიოთ თითოეული პრიორიტეტული რესურსული ერთეულის ათვისებისა და გამოყენების სანიმუშო ბიზნესსქემის შემუშავება, რაც განსაკუთრებულ როლს შეასრულებს საინვესტიციო უზრუნველყოფის მიზანშეწონილობისა და ინვესტიციის რენტაბელობის დონის პროგნოზირებაში. სამუშაოს წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მივიღებთ რიგი თანამედროვე გამოწვევის ეფექტიანი გადაწყვეტის ალგორითმებსა და მოდელებს, ხოლო კვლევის შედეგები შეიძლება საფუძვლად დაედოს ქვეყნის რესურსული პოლიტიკისა და სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური განვითარების ინოვაციური მოდელის შემუშავებას. კვლევის ფარგლებში ასევე მოხდება „რესურსმცოდნეობის“ სახელმძღვანელოსა და მის საფუძველზე სხვადასხვა საფეხურის სასწავლო კურსების მომზადება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მათი ფართოდ დანერგვის მიზნით.

·                     საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების საინფორმაციო სისტემა -„საქართველოს რეგიონების (მხარეების) საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების ელექტრონული საინფორმაციო პლატფორმის შემუშავება“.

შემუშავებული ელექტრონული პლატფორმა საშუალებას მოგვცემს მხარის/ქვეყნის რესურსული პოტენციალის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ფორმით მიეწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს. ეს ხელს შეუწყობს მხარის/ქვეყნის რესურსული პოტენციალის ეკონომიკურ ბრუნვაში აქტიურად ჩართვისთვის ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და მიზნობრივ გამოყენებას.

პლატფორმა საფუძვლად დაედება მხარეების/ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური განვითარების კომპლექსურ ანალიზს, პროგნოზებისა და მიზნობრივი პროგრამების ჩამოყალიბებას. მისი გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

მიუხედავად მცირერიცხოვანი კოლექტივისა, მაღალია ცენტრის თანამშრომელთა სამეცნიერო პროდუქტიულობა და აქტივობა, შესრულებულ კვლევათა სამეცნიერო დონე. ცენტრის თანამშრომელთა მიერ ან მათი მონაწილეობით შესრულებულმა კვლევებმა ასახვა ჰპოვა მრავალრიცხოვან მონოგრაფიებში, ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო გამოცემებში, მათ შორის საერთაშორისო ფორუმების მასალებში.

ძირითადი პუბლიკაციები

ცენტრში შესრულებული კვლევების საფუძველზე მომზადდა და გამოიცა მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროდუქცია, მათ შორის:

·      Доклады Республиканской конференции «Научно-технические проблемы рационального и комплексного использования месторождений полезных ископаемых Грузинской ССР (4-6 июня 1980 г.) Тб., «Мецниереба» 327 с.;

·      Природные ресурсы Грузии и их использование, Тб., «Мецниереба» 1984, 242 с.;

·      Природные ресурсы Грузии и научно-технический прогресс, Тб., «Мецниереба» 1986, 168 с.;

·      Рациональное использование природных ресурсов Грузии, Тб., «Мецниереба» 1988, 198 с.;

·      Научно-технический прогресс и использование природных ресурсов Грузии, Тб.«Мецниереба» 1989,167 с.;

·      Минеральные ресурсы Грузии и проблемы их рациональной разработки, Тб. «Мецниереба» 1991, 280 с.;

·      Энергетические ресурсы Грузии и проблемы их рационального использования, Тб., «Мецниереба» 1992, 200 с.;

·      Комплексная программа научно-технического прогресса СССР на 1986-2005 годы (региональныый раздел 4.5. Комплексная программа научно-технического прогресса Грузиннской ССР), Москва 1983, 210 с.;

·      Комплексная программа научно-технического прогресса СССР на 1991-2010 годы (региональный раздел 4.6. Комплексная программа научно-технического прогресска Грузиннской ССР), Москва 1988, 570 с.;

·      Природные ресурсы Грузии и проблемы их рационального использования, Тбилиси "МЕЦНИЕРЕБА", 1991, 702 с.;

·      მონოგრაფიათა სერია (2003-2012 წწ.) - „საქართველოს რეგიონების (აჭარა, აფხაზეთი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, თბილისი) ბუნებრივი რესურსები და მათი გამოყენების პერსპექტივები“ (სულ 13 ტომი), რომლებშიც ასახულია ქვეყნის ბუნებრივი რესურსების პრობლემების კვლევის შედეგები რეგიონულ ჭრილში, რამაც ნათლად წარმოაჩინა მხარეთა ისტორიულად და ადმინისტრაციულად გამიჯნულ ტერიტორიებზე ბუნებრივ სიმდიდრეთა პოტენციალი და მისი გამოყენების თავისებურებები.

·      2015 წელს ცენტრში, პირველად ქართულ ენაზე, მომზადდა და გამოიცა ფუნდამენტური ნაშრომი „საქართველოს ბუნებრივი რესურსები“ ორ ტომად (1183 გვ.), რომელშიც ბუნებათსარგებლობის ამოცანების, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებისა და გამოწვევების გათვალისწინებით სისტემური მიდგომით გაანალიზებულია მნიშვნელოვანი მასალა საქართველოს ბუნებრივი და ადამიანური რესურსების პოტენციალისა და მათი ოპტიმალური გამოყენების პერსპექტივების შესახებ. შეთავაზებულია მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებები და რეკომენდაციები, რომელთა იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის ბუნებრივი და ადამიანური რესურსების რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენებას.

ცენტრის თანამშრომელთა ავტორობით/თანაავტორობით შესრულბული პუბლიკაციები

·         ლ. ჩიქავა და სხვ., ეკონომიკური და დემოგრაფიული ტერმინოლოგია. თბილისი ‘’სიახლე’’ 2001 წ.

·         ნ.გრძელოშვილი და სხვ. „ბიზნესის კონკურენტუნარიანობა და ადმინისტრირება“ (დამხმარე სახელმძღვანელო), თბილისი, 2010 წ.

·         ნ.გრძელოშვილი და სხვ. „ეკონომიკის სალმწიფო რეგულირება“ (ორ ნაწილად), თბილისი , 2011 წ.

·         ნ.გრძელოშვილი „ აფხაზეთი - ქრისტეანობა და ეკონომიკა“ თბილისი 2011 წ.

·         ნ.გრძელოშვილი და სხვ.“რეგიონული ეკონომიკის დიაგნოსტიკა“(სახელძღვანელო), თბილისი 2012 წ.

·         ნ.გრძელოშვილი და სხვ. „ტურიზმი საქართველოში“ (მონგრაფია), თბილისი 2012 წ.

·         ნ.გრძელოშვილი და სხვ. „საქართველოს ეკონომიკა“ (სახელმძღვანელო) თბილისი 2012წ.

·         ლ. ჩიქავა, დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში, თბილისი „უნივერსალი“ 2012 წ.

·         ნ.ჭითანავა,    საქართველოს   სოფლის მეურნეო

·         „ტარანსფორმაცია,პრობლემები,პერსპექტივები ‘’, თბილისი 2015წ.

·         ი. არჩვაძე, „მხოლოდ მაჯამა“, თბილისი 2016 წ.

·         ნ. ხაჩიძე, ი. არჩვაძე, „პოლიტეკონომიკური საუბრები“, თბილისი,2017 წ.

·         გ. მაღალაშვილი, ი. ახვლედიანი საქართველოს სანახელავო ქვები, თბ. „სტუ“ 2017, 151 გვ.;

·         თ. ურუშაძე და სხვ., „საქართვლოს ნიადაგების წითელი წიგნი“, თბილისი 2018 წ.

·         ნ. ჭითანავა, საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია, თბილისი „ივერიონი“, 2018, 376 გვ.;

·         ნ.გრძელოშვილი, „რელიგიური ტურიზმი“ (სახელმძღვანელო), „კენტავრი“ თბილისი 2018წ.

·         ნ.გრძელოშვილი, „ევროკავშირის ქვეყნების რეგიუნული პოლიტიკა“ , „უნივერსალი“ თბილისი 2019წ.

·         თ.ურუშაძე დასხვ., “სასოფლო-სამეურნეო ლექსიკონი“ ტ.1 და 2. თბილისი 2019 წ.

·         აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია, თბილისი 2019, 267 გვ.;

·         ნ. გრძელიშვილი, რეგიონი ეკონომიკა პოლიტიკა მართვა, თბ. „უნივერსალი“, 2020, 381 გვ.;

·         გ. თალაკვაძე, 30 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მეოთხე ათწლეულის ზღურბლზე, თბილისი „ნეკერი“, 2020, 72 გვ.;

·         ი. არჩვაძე, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური ცვლილებები, თბილისი „მწიგნობარი“, 2020, 74 გვ.

·         ნ.ჭითანავა, „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“, თბილისი,2021 წ.

·         ი. ახალბედაშვილი, „საკანონმდებლო ბაზასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე’, ტბილისი 2021წ.

·         ნ.გრძელიშვილი , ლ.კვარაცხელია, `ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები (პირველი ნაწილი – ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შეფასების თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები)~ (244 გვ.) „მწიგნობარი“ თბილისი , 2022წ.

 

სხვა აქტივობები და მიღწევები

ცენტრი სამეცნიერო-ტექნიკურ და საკანონმდებლო საკითხებზე თანამშრომლობს სახელისუფლებო უწყებებთან და პარლამენტთან, აწვდის მათ შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს. ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს კანონის „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლები“ და საქართველოს ორგანული კანონის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ პროექტებისათვის წინადადებების (რეკომენდაციების) შემუშავებაში.

      ცენტრის თანამშრომელთა მონაწილეობით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ 2021 წელს მოამზადა პროექტი `საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება-მოდერნიზაცია (2030 წლამდე პერიოდისათვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების კონცეპტუალური და ორგანიზაციულ- მეთოდოლოგიური საკითხები)“, რომელიც წარედგინა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს. ცენტრი ინტენსიურად თანამშრომლობს სტუ-ის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სტრუქტურებთან, მეცნიერებათა ეროვნულ და დარგობრივ აკადემიებთან, საქართველოში მოქმედ საერთაშორისო მისიებთან, უცხოეთის მონათესავე პროფილის ორგანიზაციებთან, მართავს საქართველოს მრავალკომპონენტიანი (ინტეგრალური) რესურსების შესახებ პრეზენტაციებს.

   2010 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ ცენტრი დაჯილდოვდა დიპლომით „საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება“ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დარგში.

            2014 წელს ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ქალ.-ნი ქეთევან მახარაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ დაჯილდოვდა საპატიო სიგელით „შრომითი წარმატებებისათვის“.

            ცენტრში 2019 წელს დაარსდა პერიოდული გამოცემის რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „საქართველოს საწარმოო ძალები და ბუნებრივი რესურსები“. 2021 წლის 17-18 ნოემბერს ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და საწარმოო ძალების მდგრადი განვითარების პერსპექტივები“, მიძღვნილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესა და აკადემიკოს ი.ჟორდანიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი.

      ცენტრის მეცნიერ თანამშრომელმა დოქტორანტმა რუსუდან ფირცხალავამ სტუ-ში 2022 წლის 22 თებერვალს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე „მიწის ფონდის ტრანსფორმაციის პროგლემები საქართველოში (ხელმძღვანელი პროფ. ნ.ჭითანავა).

            ცენტრი ინიციატივით სამომავლოდ იგეგმება სტუ-ის სამეცნიერო პოტენციალის ბაზაზე ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ახალი ფორმების ინიცირება და რეალიზაცია ადგილობრივი რესურსების ბაზაზე ქვეყნის რეგიონების (მხარეების) ეკონომიკის განვითარების სტრატეგიების შემუშავების მიზნით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: საქართველო. თბილისი კოსტავას ქ. N69.

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი

ვებ-გვერდი: https://gtu.ge/cspfnr/, gnr.gtu.ge; ელ-ფოსტა: kepsi@gtu.ge, z.lomsadze@gtu.ge

საკონტაქტო ტელეფონები: (+995 32) 222 32 16; 222 76 66; 222 20 46; 223 08 86; 599 514284

ფაქსი: (+995 32) 222 20 46.