სიახლეები
მილოცვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახ .საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის კოლექტივი ულოცავს ცენტრის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორ პაატა კოღუაშვილს მისი ნაშრომის „საქართველოს სოფლის მეურნეობა - გამოწვევები და პერსპექტივები“ აგრარულ სფეროში 2023 წლის საუკეთესო ნაშრომად აღიარებასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დიპლომით დაჯილდოებას.
ბრძანება

ი.ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი
(ისტორია)
საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი კომისიის სახით ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1978 წლის 17 აგვისტოს 537-ე და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 1978 წლის 14 სექტემბრის 279-ე დადგენილებების საფუძველზე. 2006 წელს კომისიამ მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ეწოდა სსიპ საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი. საქართველოს მთავრობის 185-ე დადგენილებით 2010 წლიდან ცენტრი რეორგანიზებული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულად.
კომისიის თავმჯდომარე 1978-1997წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, აკადემიკოსი არჩილ ძიძიგური; 1997-2006წწ. - ლენინური პრემიის ლაურეატი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია, რომლის სახელსაც ცენტრი ატარებს 2018 წლიდან; 2006-2011წწ. ცენტრის დირექტორი იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან ვეზირიშვილი-ნოზაძე; 2011 წლიდან ცენტრის დირექტორია საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ლომსაძე.
ცენტრი ყოველთვის წარმოდგენილი იყო მაღალკვალიფიციური სამეცნიერო პოტენციალით. წლების მანძილზე აქ მოღვაწეობდნენ: აკადემიკოსი ა.ძიძიგური, აკადემიკოსი თ.ურუშაძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტები: კ.ბეთანელი, ლ. ჩიქავა; ეკონომიკური მეცნიერების აკადემიის წევრი ი.მესხია; საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი ი.ცინცაძე; პროფესორები ა.ბუხნიკაშვილი, ვ.მელქაძე, ე.ნაკაიძე, ნ.იაშვილი, მეცნიერებათა დოქტორები შ.ონიანი, ა.ნანაძე და სხვ.;
სხვადასხვა დროს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ი.მიქელაძე, ფ.თავაძე, გ.ციციშვილი, ვ.გომელაური, ი.ბუაჩიძე, ო.ნათიშვილი, თ.დავითაია, ვ.გულისაშვილი, ა.გუნია; აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გ.სვანიძე; საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი თ.ჯანელიძე; პროფესორები: პ.ჟღენტი, ი.ზურაბიშვილი, ე.ცისკარიშვილი, ბ.დემეტრაძე და სხვ.
ცენტრში ფუნქციონირებს 3 სამეცნიერო განყოფილება: 1. მიწის, წყლის და ტყის რესურსების განყოფილება; 2. მინერალური და ენერგეტიკული რესურსების განყოფილება; 3. ადამიანური და ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების და ეკოლოგიის განყოფილება.
ცენტრში მოღვაწეობს 22 მეცნიერი: ექვსი მეცნიერებათა დოქტორი (მათ შორის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამი წევრი), ათი მეცნიერებთა კანდიდატი და სამი აკადემიური დოქტორი.
ცენტრი ემსახურება მეტად მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას. მის პრიორიტეტულ სამეცნიერო-კვლევით მიმართულებას წარმოადგენს ქვეყნის ბუნებრივი (მიწის, წყლის, ტყის, სასარგებლო წიაღისეულის, ენერგეტიკული, საკურორტო-რეკრეაციული, ტურისტული), აგრეთვე ადამიანური (შრომითი) რესურსული პოტენციალის შესწავლა, ანალიზი, შეფასება და მისი რაციონალური, კომპლექსური გამოყენების გრძელვადიანი პერსპექტივების განსაზღვრა.
ცენტრში შესრულებული კვლევების საფუძველზე და მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა და გამოიცა მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროდუქცია, მათ შორის:
· „საქართველოს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის გრძელვადიანი (20 წლის პერიოდით) კომპლექსური პროგრამა“, რომელშიც მოცემული იყო ქვეყნის მეცნიერული და ტექნიკური განვითარების პროგნოზები და პროგრამები (1982-1988 წწ.);
· „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და მათი გამოყენების პრობლემები“ (მონოგრაფია რუსულ ენაზე, 1991 წ.);
· ნაშრომთა ციკლი (2005-2013 წწ.) საქართველოს რეგიონების ბუნებრივი რესურსების შესახებ (13 ტომი), რომლებშიც ასახულია ქვეყნის ბუნებრივი რესურსების პრობლემების კვლევის შედეგები რეგიონულ ჭრილში, რამაც ნათლად წარმოაჩინა მხარეთა ისტორიულად და ადმინისტრაციულად გამიჯნულ ტერიტორიებზე ბუნებრივ სიმდიდრეთა პოტენციალი და მისი გამოყენების თავისებურებანი;
· „საქართველოს ბუნებრივი რესურსები“ ორ ტომად (2015 წ.), რომელშიც ბუნებათსარგებლობის ამოცანების, ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებისა და გამოწვევების გათვალისწინებით შეკრებილი და გაანალიზებულია დიდი მოცულობის მნიშვნელოვანი მასალა საქართველოს ბუნებრივი და ადამიანური რესურსების პოტენციალისა და მათი ოპტიმალური გამოყენების პერსპექტივების შესახებ. შეთავაზებულია მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებები და რეკომენდაციები.
ცენტრი სამეცნიერო-ტექნიკურ და საკანონმდებლო საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის სახელისუფლო უწყებებთან და პარლამენტთან, აწვდის მათ შესაბამის რეკომენდაციებს.
ცენტრში 2019 წელს დაარსდა პერიოდული გამოცემის რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „საქართველოს საწაროო ძალები და ბუნებრივი რესურსები“.