საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
ფიზიკის დეპარტამენტი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„ ბირთვულ - რადიაციული ნანოსენსორები და ნანოსენსორული სისტემები “
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტი 2014 წლის 6 – 9 მარტს ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ ბირთვულ - რადიაციული ნანოსენსორები და ნანოსენსორული სისტემები“. კონფერენციის მიზანია საქართველოს სამეცნიერო ტექნოლოგიური პოტენციალის შემდგომი აქტიური გამოყენება ევროატლანტიკური სივრცის განვითარების ამოცანების გადაწვეტისთვის, რომელიც ასახულია ევროკავშირის „ჰორიზონტ 2020“ და ნატოს „მეცნიერება მშვიდობისთვის“ პროგრამებში. კონფერენცია ეწყობა ნატო-ს სრული ხელშეწყობითა და მფარველობით, და გამიზნულია ნანო-ტექნოლოგიების, შესაბამისი ნანო-სტრუქტურების, ნანოსენსორული მოწყობილობების, ხელსაწყო/დანადგარების, სისტემებისა და ქსელების შემდგომი განვითარების გზების, ფორმებისა და გამოყენების სფეროების მოძიებისა და განსაზღვრისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ , დიდი ბრიტანეთი , საფრანგეთი , გერმანია , იტალია , საბერძნეთი , ბელგია , იორდანია , ეგვიპტე, თურქეთი , ლიტვა , ესტონეთი , მოლდავეთი , უკრაინა , აზერბაიჯანი , სომხეთი , რუსეთი , ყაზახეთი , ყირგიზეთი. კონფერენციის მუშაობაში ჩაებმებიან აგრეთვე ნანო-ტექნოლოგიების სპეციალისტები საქართველოდან.
კონფერენციის სამუშაო ენად შერჩეულია ინგლისური. ნაშრომები წარდგენილი იქნება როგორც ზეპირი მოხსენების სახით, ისე სტენდებზე გამოფენილი – პოსტერებით. ყოველი მოხსენების შემდეგ გამოყოფილი იქნება შესაბამისი დრო კითხვა/პასუხის რეჟიმში ურთიერთობისა და მსჯელობისთვის. სტენდებზე გამოფენილ ნაშრომებთან იმორიგევებენ ავტორები დაინტერესებული პირების შესაძლო კითხვებზე პასუხის გასაცემად. დაგეგმილია მრგვალი მაგიდის ჩატარება ახალი ერთობლივი საერთაშორისო კვლევითი და ინოვაციური პროექტების ორგანიზებისთვის.
ჩამოსული სტუმრებისთვის მომზადებულია მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა, რომელიც მოიცავს თბილისსა და მის შემოგარენში გასეირნება/ექსკურსიებსა და ღირსშესანიშნაოების დათვალიერებას, აგრეთვე, საქართველოს კულტურული და ქართველების სულიერი ფასეულობების გაზიარებასა და გაცნობას.
საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იმედოვნებენ, რომ კონფერენცია ჩაივლის მაღალ სამეცნიერო და შემეცნებით დონეზე, იქნება ურთიერთსასარგებლო და ხელს შეუწყობს ნანო-ტექნოლოგიებისა და ნანოსისტემების შემდგომ განვითარებას როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი