მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პროექტი PRINTeL - პრაქტიკული სემინარები და პირველი საკოორდინაციო შეხვედრა ბარსელონას და პორტოს უნივერსიტეტებში

პროექტი PRINTeL - პრაქტიკული სემინარები და პირველი საკოორდინაციო შეხვედრა ბარსელონას და პორტოს უნივერსიტეტებში

24-06-2018 11-16 ივნისს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის PRINTeL პროექტის ფარგლებში, გაიმართა პრაქტიკული სემინარები და სამუშაო შეხვედრები პროექტის ევროპელ პარტნიორ ესპანეთის ბარსელონასა და პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტებში.

11-12 ივნისს ბარსელონას, ხოლო 14-15 ივნისს პორტოს უნივერსიტეტებში ჩატარდა ლექცია-სემინარები, რომელიც ეხებოდა ინოვაციური პედაგოგიკის და სწავლისა და სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, პედაგოგიკის შესაბამისი უნარების განვითარებას, ელექტრონული სწავლების მეთოდებსა და მოდელებს, მასიურ ღია ონლაინ წყაროებზე წვდომისათვის საჭირო უნარებს და კონპეტენციებს. განხილული იყო ამ მიმართულებით ბარსელონას, პორტოს და სხვა პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილება და მენეჯმენტის კუთხით არსებული გამოწვევები. ასევე, ჩატარდა პრეზენტაციები პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებში ამ მიმართულებით ამჟამად არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებთან დაკავშირებით.

სამუშაო ვიზიტი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობებს. ინტენსიურ და საკმაოდ დატვირთულ სამუშაო და სალექციო შეხვედრებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები: ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი (საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილე), ასოც. პროფ. ბექა მაისურაძე (სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი), ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი).

სამუშაო ვიზიტის დასასრულს, 16 ივნისს პორტოს უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის კონსორციუმის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა, რომელშიც სტუ-ს მხრიდან მონაწილეობა მიიღო ქალბატონმა ნინო ჟიჟილაშვილმა. საკოორდინაციო შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობები და ამ ეტაპზე მიღწეული შედეგები, ასევე, განისაზღვრა შესასრულებელი აქტივობები 2018 წლის ბოლოსთვის. საკოორდინაციო შეხვედრაზე პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა პროექტის კოორდინატორთან ერთად იმსჯელეს მანამდე გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებში გარკვეული ცვლილებების შეტანაზეც, პროექტის სათანადოდ განხორციელების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ პროექტი PRINTeL (Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries) წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (No 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) და ის მიზნად ისახავს ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტებში. ასევე, პროექტის ერთ-ერთი მიზანია, კონსორციუმის წევრი ქვეყნების მონაწილეობით შეიქმნას ელექტრონული სწავლების პორტალი (პლატფორმა), რომელიც დაეხმარება უნივერსიტეტებს, განავითარონ ინოვაციური სწავლების სხვადასხვა მოდელები და ფორმები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, აღნიშნული პროექტის კონსორციუმის წევრები არიან უნივერსიტეტები ესპანეთიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და ბელარუსიიდან (ჯამში - 14 უნივერსიტეტი).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11