15-03-2012
ცნობილ იტალიელ დიზაინერს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
15 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა ფაბრიციო ჯუჯარომ გააკეთა პროექტის -“მწვანე ბათუმი - 2020” პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, ცნობილი იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი, დოქტორი ჯანკარლო პერინი, “იტალდიზაინის” წარმომადგენლები - ჯუზეპე ფრანკო ბუსნელი, ალბერტო ფუმაგალი, გოფრედო ბადუინი და სხვა საპატიო სტუმრები.
ღონისძიების დაწყებამდე კი პროექტ “მწვანე ბათუმსა” და საერთაშორისო დიზაინის სკოლის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
პრეზენტაციის დაწყებამდე სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა საზოგადოებას ფაბრიციო ჯუჯარო წარუდგინა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, რომლებმაც ახალი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილის არქიტექტურაში, ტექნიკასა და ტექნოლოგიებში და ინოვაციურ ჰიბრიდულ-ელექტრულ სატრანსპორტო საშუალებების განვითარებაში გამორჩეული მიღწევებისთვის, დიზაინსა და არქიტექტურაში საერთაშორისო ტენდენციების განვითარებასა და კულტურისა და მეცნიერების აღმავლობისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო დიზაინის სკოლის ხელშეწყობისთვის, დოქტორ ფაბრიციო ჯუჯაროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის (ჰონორის კაუზა) წოდება მიენიჭა. დიზაინერს გადაეცა შესაბამისი დიპლომი, მედალი და სტუ-ის სიმბოლიკის ერთ-ერთი ატრიბუტი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის II ნახევრით დათარიღებული, ქართული საინჟინრო აზროვნების - მხატვრული სამსხმელო წარმოების ნიმუშის, ბრინჯაოს არწივის მინიატურული ვერცხლის ასლი. 
გარდა პროექტ “მწვანე ბათუმისა”, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვები შეეხო დიზაინის საერთაშორისო სკოლას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ამოქმედდება. ის ერთადერთი იქნება კავკასიის რეგიონში და ნიჭიერ ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულების დიზაინერებად მოამზადებს.
სკოლას პატრონაჟს თავად ჯორჯეტო ჯუჯარო გაუწევს. დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ლექციებს საერთაშორისო გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები და ცნობილი დიზაინერები წაიკითხავენ.
21-ე საუკუნის მოთხოვნებზე მორგებული ახალი სკოლა განახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს დიზაინის შემდეგ მიმართულებებზე - სამრეწველო დიზაინი, კომუნიკაცია, რეკლამა, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინი, სატრანსპორტო დიზაინი, გრაფიკული და დეკორაციული დიზაინი.
აღსანიშნავია დღევანდელი ღონისძიების აღმოჩენა - თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დავით მამაგულაშვილი, რომელმაც იტალიელ სტუმრებს თავისი ნამუშევრები წარუდგინა. ჯორჯეტო ჯუჯარომ, ფაბრიციო ჯუჯარომ და ჯანკარლო პერინიმ ქართველი მოსწავლის დიზაინერული ნამუშევრები მოიწონეს, სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს და მასთან მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
Italdesign Giugiaro საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების შესახებ
სიახლეებში დაბრუნება