10-03-2011
სტუდენტების დაჯილოდება
10 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა პროექტში - "1000 დატრენინგებული სტუდენტი სტუ-ში" - მონაწილე სტუდენტების დაჯილდოება. ასევე, საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი სააქტო დარბაზი, რომლის რეაბილიტაციაც 2010 წლის სექტემბერში დაიწყო და სულ ახლახან დასრულდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი.
ღონისძიება გახსნა სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.
სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი კულდონაშვილმა დარბაზს 2010 წლის მუშაობის ანგარიში, 2011 წლის პრიორიტეტები და სტუდენტური გამოკითხვის შედეგები წარუდგინა. ჩატარებული გამოკითხვა ეხებოდა უნივერსიტეტში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებს, კონკრეტულად კი, სტუდენტთა შეფასებისა და პროფესორ-მასწავლებელთა ლექციაზე დასწრების მონიტორინგის ახალი ელექტრონული სისტემის შემოღებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამ თვეში სტუ-ის ბიბლიოთეკაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოც დასრულდება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის მხატვრულ-თვითშემოქმედებითი ანსამბლების კონცერტი.
კონცერტის შემდეგ პროექტ: “1000 დატრენინგებული სტუდენტი სტუ-ში’’ მონაწილე სტუდენტებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
სიახლეებში დაბრუნება