01-11-2010

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
1-ელ ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიხსნა აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა“. მართვის სისტემების, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის დარგის თვალსაჩინო მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ივერი ფრანგიშვილი იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ა. ტრაპეზნიკოვის სახელობის მართვის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი, საბჭოთა კავშირის გენერალური კონსტრუქტორი ატომური ელექტროსადგურების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზებული მართვის სისტემების დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, რსფსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მთელი რიგი საერთაშორისო და უცხოური აკადემიების ნამდვილი წევრი.
კონფერენცია 4 დღეს გასტანს.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, საქართველოს საინჟინრო აკადემია, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტი, გრაცის ტექნიკური უნივერსიტეტი (ავსტრია), კიევის ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), ვილნიუსის ტექნიკური უნივერსიტეტი (ლიტვა), მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემია (EASA).
კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემები და ტექნოლოგიები; მართვის პრობლემები; კომპიუტერული ინჟინერია; ინფორმაციული უსაფრთხოების პრობლემები; სისტემური ანალიზი; ინტელექტუალური მართვა და გადაწყვეტილებათა მიღების სისტემები; მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება; მდგრადი განვითარების პრობლემები; პარალელური გამოთვლები და მათი გამოყენება მართვაში; მართვის, კონტროლისა და გაზომვათა სისტემები; ახალი ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები; თეორიული ინფორმატიკა; მეცნიერება და რელიგია.

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, რუსული, ინგლისური.
მართვის სისტემების თვალსაჩინო მეცნიერის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ივერი ფრანგიშვილის კვლევათა შედეგები წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დარგში რთული სისტემების მართვისთვის.
მისი ძირითადი შრომები ეძღვნება გამოთვლით ტექნიკას, კერძოდ, ერთგვაროვანი ცვალებადი სტრუქტურის მქონე ელექტრონული გამომთვლელი მანქანებისა და კომპლექსების თეორიისა და მეთოდების დამუშავების საკითხებს.
სიახლეებში დაბრუნება