27-05-2016
18-21 აპრილს აფიონის კოჯატეპეს უნივერსიტეტში (თურქეთი) გაიმართა „ერაზმუსის მე-4 საერთაშორისო კვირეული“, რომელშიც თურქეთისა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის: საქართველოდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, მალაიზიიდან და სხვა. ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენდა ერაზმუს+ გაცვლით პროექტში გამარჯვებული კონკურსანტი მარიკა ზვიადაძე (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური).
კვირეულის მონაწილეებს შეხვდნენ კოჯატეპეს უნივერსიტეტის რექტორი, ვიცე-რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თურქული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენლები ნილდა ჰოჯაოღლუ, აიჰან ეროლი და სხვები.
„ერაზმუსის მე-4 საერთაშორისო კვირეულის“ მონაწილეებმა წარადგინეს თავიანთი ქვეყნები, უნივერსიტეტები, გაუზიარეს გამოცდილება კოლეგებს, წაუკითხეს ლექციები მასპინძელი უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა უმაღლესი განათლების, ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე, სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის საკითხები. ამასთანავე, „ერაზმუსის მე-4 საერთაშორისო კვირეულის“ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ საერთაშორისო კონფერენციას „საინჟინრო ტექნიკა და გამოყენებითი მეცნიერებები“, რომელშიც თურქეთის, რუმინეთის, მალაიზიისა და სხვა ქვეყნების მეცნიერები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორებმა კვირეულის მონაწილეებს საინტერესო კულტურული ტურებიც შესთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი მონაწილეობს ერაზმუს+ პროგრამის კონკურსში გამარჯვებულ საერთაშორისო გაცვლით პროექტში, რომლის კოორდინატორია აფიონის კოჯატეპეს უნივერსიტეტი.
კოჯატეპეს უნივერსიტეტი დაარსდა 1992 წელს. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობას 12 ფაკულტეტი, 4 საბაკალავრო სკოლა, 15 პროფესიული სასწავლებელი და 3 ინსტიტუტი ახორციელებს. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის: ჯანმრთელობის დაცვას, საინჟინრო განათლებას, ეკონომიკასა და ადმინისტრაციულ მეცნიერებებს, ტურიზმს, ვეტერინარიას, პედაგოგიკასა და ხელოვნებას. უნივერსიტეტს 30 000 სტუდენტი და 80 000 კურსდამთავრებული ჰყავს.
სიახლეებში დაბრუნება