09-03-2016
22 – 26 თებერვალს შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - WPUT (პოლონეთი) Erasmus+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში სერტიფიცირებული ტრეინინგი ჩატარდა, სადაც საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) წარმომადგენლები.
პროექტით გათვალისწინებული პერსონალის მობილობის ფარგლებში ტრეინინგი წარმატებით გაიარეს სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ასისტ. პროფ. ლიკა რუხაძემ, ასევე, თსსუ-ს პროფესორებმა თამარ სანიკიძემ და მაკა ბულეიშვილი, რომელთაც გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ტრეინინგის ორგანიზატორი იყო ზემოაღნიშნული პროექტის კოორდინატორი შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის ერაზმუსის ინსტიტუციონალური კოორდინატორი, ქალბატონი აგატა ბრუსკა. ტრეინინგის ინტენსიური გრაფიკი მოიცავდა ისეთი საკითხების განხილვასა და დამუშავებას, რომელიც უკავშირდება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების მომზადებასა და მათ შემდგომ იმპლემენტაციას, აგრეთვე სტუდენტებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობასა და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს, მათ შორის კანდიდატთა შერჩევის ობიექტურ და გამჭვირვალე პროცედურებს და შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრას;
მობილობის მსურველთათვის საჭირო კონსულტაციების გაწევას; მობილობამდე, მობილობის პერიოდში და მობილობის შემდეგ გამარჯვებულ კანდიდატთა სათანადო დახმარებასა და მხარდაჭერას (ფორმალური თუ სოციალური საკითხების მოგვარება); მობილობის შედეგების აღიარებას; მობილობის მონაწილეთა ინტეგრაციას; მიღებული გამოცდილების განსაზღვრასა და გაზიარებას და პროექტის შედეგების დისიმინაციას.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში უკვე გაიმარჯვეს და სტუდენტური მობილობით შჩეცინის უნივერსიტეტში სწავლას განაგრძობენ სტუ-ს ბაკალავრიატის სტუდენტები (3 სტუდენტი), ბიოსამედიცინო სპეციალობით.
სიახლეებში დაბრუნება