04-12-2015
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს
2015 წლის 4 დეკემბრის
დადგენილება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
რექტორის თანამდებობის დასაკავებლად
არჩევნების გამოცხადების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #133/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების“, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ დებულების“ მე-15 მუხლის საფუძველზე აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები აკადემიურ საბჭოში ჩატარდეს 2016 წლის 18 იანვარს;
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების შესახებ განცხადება პრესაში გამოქვეყნდეს 2015 წლის 5 დეკემბერს;
3. კანდიდატთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართოს 2016 წლის 16 იანვარს;
4. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2016 წლის 6 იანვარს და დასრულდეს 2016 წლის 12 იანვარს;
5. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
6. კონკურსანტმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტობიოგრაფია (CV), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამოქმედო პროგრამა და 1 ფოტო სურათი (ზომით 3x4 სმ);
7. დანართი #1-ს შესაბამისად დამტკიცდეს განცხადება ბეჭდვითი მედიის ორგანოში გამოსაქვეყნებლად;
8. დადგენილება ძალაშია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
9. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ა. ფრანგიშვილი
აკადემიური საბჭოს მდივანი გ. სალუქვაძე
სიახლეებში დაბრუნება