16-04-2015
ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის სხდომათა დარბაზში ჩატარდა შეხვედრა-დიალოგი „არა ძალადობას!“, სადაც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები სტუდენტურ კონკურსში -”არა ძალადობას!”.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საპრიზო ადგილები დაიკავეს ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის I კურსის სტუდენტებმა - ეთერ ბურდულმა, ანა პაპავამ და II კურსის სტუდენტმა სალომე გვაზავამ.
ასოციაციის ხელმძღვანელებმა და სტუდენტური კონკურსის ჟიურის წევრებმა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ცნობილი ჟურნალისტები ლუბა ელიაშვილი, არმაზ სანებლიძე და პოეტი მზია ხეთაგური, საპატიო დიპლომები და საჩუქრები გადასცეს კონკურსში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მოპოვებისათვის საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს (ერთი პირველი, ორი მეორე და ოთხი მესამე ადგილი), დანარჩენმა 14 სტუდენტმა მიიღო დიპლომი კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის.
ძირითად აქცენტებად გამოიკვეთა ძალადობის გამომწვევი მიზეზების, ადამიანის შეუზღუდავი თავისუფლების, პიროვნების უფლებების დაცვის, ძალადობის აღმკვეთი სამართლებრივი ნორმების, საზოგადოებაში ზნეობრივი დეფიციტის, ახალგაზრდობის აღზრდაში ოჯახისა და სკოლის როლის, ოჯახური სიჯანსაღისა და სასკოლო-სასწავლო პროგრამების, საზოგადოებრივი ცნობიერებისა და მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებისადმი ჯანსაღი, ადეკვატური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების საკითხები და სხვა.
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად, შეხვედრა-დიალოგზე მოწვეული იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის წევრები, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, იურისტები, პედაგოგები, ჟურნალისტები.
სიახლეებში დაბრუნება