მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პრეზენტაცია

პრეზენტაცია

16-07-2014
პროექტის „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პრეზენტაცია გაიმართა

15 ივლისს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-მ, საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით,  „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტმა პროფესორმა ნენსი მარლენიმ და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, რომელმაც სიტყვით მიმართა აუდიტორიას და შეაფასა პროექტი.

პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისაგან შემდგარი კონსორციუმი საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. აღნიშნული უნიკალური საგანმანათლებლო პროექტის შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში. პროექტის ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარია.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა (SDSU) და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაგან შემდგარი კონსორციუმი სამეტაპიანი საერთაშორისო ტენდერის შედეგად შეირჩა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014-2015 სასწავლო წლიდან შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს:

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდება ელექტრული ინჟინერიის, ქიმიის (ბიოქიმიის კონცენტრაცია) და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამები;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელდება ელექტრული ინჟინერიის (ენერგეტიკა) და  ქიმიის (ბიოქიმიის კონცენტრაცია);


  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება კომპიუტერული ინჟინერიისა და ელექტრული ინჟინერიის (მიკროელექტრონიკა) საბაკალავრო პროგრამები. 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11