საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია
10 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობენ იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორები და წამყვანი სპეციალისტები, კიოლნის, ახენისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტების პროფესორები. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვივნენ მეცნიერები აშშ-იდან, იტალიიდან, ინგლისიდან, შვეიცარიიდან. კონფერენცია სტუ-ში ორ დღეს გაგრძელდება.
კონფერენციის დაწყებამდე ხელი მოეწერა მემორანდუმებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს - ენერგიისა და კლიმატის კვლევით ინსტიტუტსა და პეტერ გრიუნბერგის ინსტიტუტს - შორის. მემორანდუმები ითვალისწინებს აღნიშნულ ინსტიტუტებში სტუ-ს ბაკალავრიატისა ან მაგისტრატურის ერთი სტუდენტის ინტერნშიპზე მიწვევას, 6 კვირის განმავლობაში, გერმანული მხარის დაფინანსებით.