08-07-2009
ბრიფინგი საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ
8 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდების მედია ცენტრში (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი) განათლების და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ ბრიფინგი გამართეს.
საერთო სამაგისტრო გამოცდა წელს პირველად ტარდება. გამოცდის პირველ ორ ნაწილს 5 444 მაგისტრანტობის კანდიდატი 8 ივლისს ჩააბარებს.
საერთო სამაგისტრო გამოცდის შემდეგ, მაგისტრანტობის მსურველები ჩააბარებენ გამოცდას სპეციალობაში, რომელსაც განსაზღვრავს და ატარებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
საერთო სამაგისტრო გამოცდები ერთის მხრივ არის ჩარიცხვის, მეორეს მხრივ, სასწავლო გრანტის გაცემის კომპონენტი. სამინისტრო 2 250 ლარის ფარგლებში 1 000-მდე მაგისტრანტს დააფინანსებს.
მაგისტრატურის კანდიდატებს ანალიტიკური წერის, ვერბალური კომპეტენციის, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის უნარები შეუმოწმდებათ. ტესტი 4 შესაბამისი ნაწილისაგან შედგება და თითოეულ ნაწილზე კონკურსანტები 1 საათს იმუშავებენ.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა:
- ყველა აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად;
- იმ აკრედიტებული კერძო უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად, რომლებიც გაერთიანდნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;
საერთო სამაგისტრო გამოცდის კიდევ ორ ნაწილს კონკურსანტები 10 ივლისს ჩააბარებენ.
სიახლეებში დაბრუნება