სტუ-ის პროფესორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი ორი სახელობითი პრემიის ლაურეატი გახდა

სტუ-ის პროფესორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი ორი სახელობითი პრემიის ლაურეატი გახდა

 

სტუ-ის პროფესორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი ორი სახელობითი პრემიის ლაურეატი გახდა

14-01-2025
სტუ-ის პროფესორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი ორი სახელობითი პრემიის ლაურეატი გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების მეცნიერულად შესწავლის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი, ცნობილ მეცნიერთა ორი სახელობითი პრემიის ლაურეატი გახდა. 

2024 წლის დასასრულს, აკადემიკოს გივი გავარდაშვილს ცნობილი მეცნიერის, ოთარ ნათიშვილის სახელობის პრემია მონოგრაფიისათვის - „ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსაფრთხოება“ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით გადაეცა, ხოლო სამეცნიერო ნაშრომს - „ბმულ ღვარცოფთა მოსალოდნელი რისკები და მათთან ბრძოლა“, რომლის ავტორები, გივი გავარდაშვილთან ერთად, პროფესორები ედუარდ კუხალაშვილი და შორენა კუპრეიშვილი არიან, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის სახელობის პრემია მიენიჭა.  

ბმულ ღვარცოფთა მოსალოდნელი რისკები და მათთან ბრძოლა“.jpg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორს, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორს, აკადემიკოს გივი გავარდაშვილს სახელობითი პრემიების ლაურეატობას ულოცავს და ნაყოფიერ კვლევით საქმიანობას უსურვებს. 

„უაღრესად მნიშვნელოვანია, როდესაც მეცნიერთა მოღვაწეობა, მათი ნაშრომები ჯეროვნად ფასდება და სახელობითი პრემიებით აღინიშნება. აკადემიკოს გივი გავარდაშვილის მონოგრაფია - „ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსაფრთხოება“ - სიღრმისეულად განიხილავს ჰიდრომელიორაციის ძირითად ასპექტებს, შეისწავლის ირიგაციის, დრენაჟის, ეროზიისა და ჰიდროკვანძების უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს. ნაშრომი, საქართველოს 9 რეგიონისა და 69 მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კლიმატის ცვლილების შეფასებას, ასევე, საქართველოს საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების უსაფრთხო ფუნქციონირების მიმართულებით, მელიორაციის რისკების გაანგარიშებას მოიცავს. ნაშრომში, ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ, მეცნიერულად დამუშავებულია მეთოდოლოგია, რომელიც, სამომავლოდ, საქართველოს ნიადაგების წყლისმიერი ეროზიის კონტროლისთვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების საფუძველს შექმნის. რაც შეეხება მეორე ნაშრომს - „ბმულ ღვარცოფთა მოსალოდნელი რისკები და მათთან ბრძოლა“, რომელზეც ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა იმუშავა, გერმანულმა გამომცემლობა „ლამბერტმა“ რვა ენაზე გამოსცა.

ეს მონოგრაფია უპასუხებს ბუნებრივი ანომალიების რისკების მართვისა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების მიმდინარე რთულ გამოწვევებს, რომელთა დაძლევა ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, მსოფლიოსათვის. შემთხვევითი არ არის, რომ მკვლევრები ყურადღებას ამახვილებენ ბუნებრივი ანომალიების ერთ-ერთ ტიპზე, კერძოდ კი ღვარცოფებზე, რომლებიც მსოფლიო სტიქიების კატეგორიაში, გავრცელების სიმძლავრის მიხედვით, 40%-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ მონოგრაფია დარგის სპეციალისტებს, ინჟინრებს, მკვლევრებს სთავაზობს ინოვაციური ნაგებობების შემუშავების უახლეს ტიპებს, გაანგარიშების ახალ სქემებსა და ინოვაციურ მიდგომებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, ვულოცავ აკადემიკოს გივი გავარდაშვილს, მასთან ერთად, პროფესორებს ედუარდ კუხალაშვილსა და შორენა კუპრეიშვილს საპატიო ჯილდოების მოპოვებას და ვუსურვებთ სამეცნიერო წარმატებებს ჩვენი ქვეყნის ჰიდროტექნიკის, გარემოს დაცვის და ჰიდრომელიორაციის დარგის განვითარების, ასევე, მკვლევართა ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში“, - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, მონოგრაფიაში - „ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსაფრთხოება“ (გამომცემლობა ,,უნივერსალი“, 2024, 546 გვ., ფერადი ილუსტრაციებით) - განხილულია ჰიდრომელიორაციის ძირითადი ასპექტები: ირიგაციის, დრენაჟის, ეროზიისა და ჰიდროკვანძების უსაფრთხოების საკითხები; წარმოდგენილია სარწყავი და დამშრობი ქსელის ინოვაციური კონსტრუქციები, რომელთა მეცნიერულ-ტექნიკური სიახლის პრიორიტეტები დამოწმებულია საქართველოს პატენტის მოწმობებით.

ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ დამუშავებულია მეცნიერული მეთოდოლოგია, რომელიც საქართველოს ნიადაგების წყლისმიერი ეროზიის კონტროლისათვის სახელმწიფო პროგრამის დამუშავების საფუძველი გახდება; ეროზიის კონტროლისათვის წარმოდგენილია ინოვაციური კონსტრქციები და მათი დაპროექტებისათვის მეცნიერული მეთოდები.

მონოგრაფიაში განხილული და შეფასებულია მსოფლიოს მაღლივი ჰიდროკვანძების უსაფრთხოება და მათი ავარიის გამომწვევი მიზეზები; დადგენილია წყალდიდობის რისკის ზონები, რისკების პორტფოლიოს ანალიზის CAPRA-ს მოდელის მიხედვით; დამუშავებულია მეცნიერული მეთოდოლოგია, რომლის გამოყენებით შესაძლებელია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება, აღრიცხვა და დაზარალებული მოსახლეობის სარეაბილიტაციო გეგმის დამუშავება-ანალიზი და მდგრადობა; მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, კომპეტენტურ სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე პირებისათვის, გაეროს სტანდარტების მიხედვით, განხილულია ის აუცილებელი საკონტროლო კითხვები, რომელიც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის წარმოშობის შემთხვევაში რეაგირების დაგეგმვისას. მონოგრაფია საინტერესოა დარგით დაინტერესებული მკვლევრებისთვის, აგრეთვე, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

სამეცნიერო ნაშრომში - „ბმულ ღვარცოფთა მოსალოდნელი რისკები და მათთან ბრძოლა“ (გამომცემლობა “ლამბერტი“ (გერმანია), ითარგმნა 8 ენაზე) განხილულია ბუნებრივი ანომალიების რისკების მართვისა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ბუნებრივი ანომალიების იმ სახეს, რომელიც ღვარცოფების სახელწოდებითაა ცნობილი და რომელსაც მსოფლიო სტიქიების ნუსხაში, გავრცელების სიმძლავრის მიხედვით, თითქმის 40% უკავია.

მონოგრაფიაში წარმოდგენილია ინოვაციური ნაგებობების სრულიად ახალი სახეები და მათი კონსტრუქციული გადაწყვეტების მიზნით გამოყენებულია გაანგარიშების ახალი სქემები; ინფრასტრუქტურის დამცავი საინჟინრო გადაწყვეტების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, მასში შემოთავაზებულია ბუნებრივი სტიქიების გაანგარიშების ინოვაციური მიდგომები; ასევე, პრაქტიკისთვის დაზუსტებულია მათი ჰიდრავლიკის, ჰიდროლოგიის ოპერატიული საშუალებების გამოყენების ზღვრები; დამუშავებულია ინოვაციური ნაგებობების სრულიად ახალი სახეები; ნაგებობების კონსტრუქციული გადაწყვეტების სირთულიდან გამომდინარე, გამოყენებულია არსებულისგან განსხვავებული, გაანგარიშების სრულიად ახალი სქემები; განხილულია საავტორო უფლების მქონე საინჟინრო გადაწყვეტების ტექნიკური დახასიათება; მოცემულია მათი ინოვაციურობის განსხვავებულობა; აღწერილია ღვარცოფთან ნაგებობის ტრანსფორმაციულობა - ეკოლოგიური პროცესების სტაბილურობის შენარჩუნებით და საიმედოობით; წარმოდგენილია კალაპოტურ ნაგებობებზე ბმული ღვარცოფული ზემოქმედების თეორიული მოდელები; შეფასებულია კალაპოტში ღვარცოფთა ტალღური მოძრაობის შესაძლებლობები და მათი ზემოქმედება წარმოდგენილ ნაგებობებზე; მოცემულია კალაპოტური ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობის საპროექტო პარამეტრები და ღვარცოფის ზემოქმედების საპროგნოზო ოპერატიული საშუალებები; ნაშრომში დამუშავებულია ღვარცოფთა ზემოქმედების პროგნოზი კალაპოტურ ნაგებობებზე სრულიად ინოვაციური საანგარიშო სქემით და სადინარში განლაგების მოდელებით; მოიცავს ბუნებრივი ანომალიების რისკების მართვას სასოფლო სამეურნეო სავარგულების მდგრადობისათვის საინჟინრო გადაწყვეტებით - ნაგებობებით და ოპერატიული საშუალებებით, რაც მიიღწევა მოსალოდნელი კატასტროფების დარეგულირებით და უსაფრთხო ტრანზიტით; დადგენილია ღვარცოფსადინარების გეომეტრიის მახასიათებლები, რომელიც წარმოადგენს ნაკადების შეშფოთების წარმოქმნისა და ნაგებობებზე ძალური ზემოქმედების ფაქტორს.

მონოგრაფია განკუთვნილია აგრარული, საინჟინრო, ბიოინჟინერიის მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის და იმ მეცნიერ-სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ აგროინჟინერიის, ნიადაგმცოდნეობის, ჰიდროტექნიკის, ჰიდრომელიორაციის, ჰიდროლოგიის, საინჟინრო ეკოლოგიის და ჰიდროეკოლოგიის მიმართულებით.

გარდა ამისა, ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს გარემოს დაცვისა და ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობების დაპროექტებით, მშენებლობითა და ექსპლუატაციით დაინტერესებულ სპეციალისტებს.

სიახლეებში დაბრუნება