საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით - „უცხო ქვეყნების რენეგატები საქართველოში - ისტორია და პარალელები“ წარსდგა.
ღონისძიება ქრისტიანული კულტურის კვლევის საუნივერსიტეტო ლაბორატორიის, ასევე, , მიშელ მუსხელისა და ნოდარ ტაბიძის სტუდენტური კლუბების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
საჯარო ლექციას სტუდენტებთან ერთად, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თავისუფალი მსმენელები ესწრებოდნენ.
მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას აქტუალური ისტორიული ფაქტები გაუზიარა და მათთან დაკავშირებით თავისი ხედვა და ანალიზი წარმოადგინა.
„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა სახელმწიფო გვაქვს, რომლის წინაშეც უამრავი გამოწვევაა. მათგან უმნიშვნელოვანესი - სუვერენიტეტის შენარჩუნება და გამტკიცებაა. ჩვენი მიზანია, ისტორიული გამოცდილების გაზიარებით, გადავარჩინოთ ჩვენი თვითმყოფადობის მთავარი ატრიბუტები და ღირსეულად გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი“, - აღნიშნა პროფესორმა ედიშერ გვენეტაძემ.
მომხსენებელმა, კონკრეტულ ისტორიულ მაგალითებზე დაყრდნობით, აუდიტორიას შეახსენა, რომ „ისტორიაში კი კარგად არის ცნობილი ფაქტები, როცა სამშობლოსა და ქრისტიანობისთვის თავდადებული გმირების პარალელურად, ყოველთვის არსებობდნენ სულით არაქართველი „ქართველები“, რომლებიც მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, ჰყიდდნენ ქვეყნის ინტერესებს და უცხო სახელმწიფოების რენეგატები ხდებოდნენ.
მისი თქმით, ისტორია ციკლურია და მას აუცილებლად სჭირდება სწორი ანალიზი, ხოლო სწორი სახელმწიფოებრივი ორიენტირების პოვნაში გადამწყვეტი მნიშვნელობა მომავალ თაობას, მის სწორ ხედვასა და ნაყოფიერ მოღვაწეობას ენიჭება.
ლექციის დასასრულს, აზრთა გაცვლა და დისკუსია გაიმართა, ასევე, პროფესორმა ედიშერ გვენეტაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.