საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი წყლის ინჟინერიის დარგში არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის სამეცნიერო გზების განხილვა იყო. ფორუმი სტუ-ის სამშენებლო, ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების ეგიდით და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი დავით ნარმანია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, “საქართველოს მელიორაციის” წყლის რესურსების მართვის ენერგეტიკისა და სემეკთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მამელი ქობალია, GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი გივი ნადირაძე, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივი წარმომადგენელი მორი ჰიროიუკი, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
რექტორმა ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსების დაცვისა და რაციონალურად მოხმარების მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებზე. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, 22 მარტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური წყლის კრიზისის დასაძლევად მოქმედება აუცილებელია.
“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ყოველწლიურად, 22 მარტს წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტარდება. წყლის საერთაშორისო დღე მსოფლიოში სხვადასხვა თემატიკით აღინიშნება, წლევანდელი თემატიკაა - წყალი მშვიდობისთვის, რაც შემთხვევითი არაა. ისეთი დიდი პრობლემის დაძლევის საქმეში, როგორიც გლობალური წყლის კრიზისია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის მკვლევრებსა და კურსდამთავრებულებს, დიდი წვლილი მიუძღვით. საქართველოში 730-ზე მეტი სახეობის მინერალური წყალი მოიპოვება, ქვეყანაში 26 060 მდინარე, 860-მდე ტბა, 786 მყინვარი, 44 წყალსაცავი და 8 ჩანჩქერია და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო წყლით მდიდარი ქვეყანაა, ჩვენმა სპეციალისტებმა იციან ამ სიმდიდრის ფასი და მისი რაციონალურად გამოყენების გზები, თუმცა, ამოუწურავი არაფერია და თუ ჩვენ არ მოვუვლით არსებულს, მომავალში შესაძლებელია პრობლემები წარმოიქმნას. ქვეყანაში ამ მხრივ არსებული გამოწვევების დაძლევაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და მკვლევრების სამეცნიერო მუშაობა ყოველწლიურად იზრდება. სასიხარულოა, რომ სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულნი შესაბამისი ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტები. დიდმა ვაჟა ფშაველამ ბრძანა: “ბუნება ღვთაებრივი ჰარმონიის გამოვლინებაა...“ სწორედ ეს ჰარმონია უნდა დავიცვათ ჩვენ და იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც უნივერსიტეტში მიღებულ, ევროპული სტანდარტის განათლებას პრაქტიკაში გამოიყენებენ და მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბდებიან. ფორუმი, სადაც მოხსენებით დარგის წამყვანი სპეციალისტები წარდგებიან, სტუდენტებს მისცემს საშუალებას უკეთ გაითავისონ წყლის ინჟინერიასთან, წყალმომარაგებასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული პროფესიული სპეციფიკა”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარდგნენ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი დავით ნარმანია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, “საქართველოს მელიორაციის” წყლის რესურსების მართვის ენერგეტიკისა და სემეკთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მამელი ქობალია, GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი გივი ნადირაძე, სტუ-ის წყალთა მეურნეობის დირექტორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის თავმჯდომარე ჯონი ჭანია და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA), საქართველოს ოფისის მუდმივი წარმომადგენელი მორი ჰიროიუკი.
ღონისძიების დასასრულს, სამშენებლო ფაკულტეტისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანებმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და ასევე, სტუ-ს მიერ ჩატარებული ფოტოკონკურსის - “წყალი, მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისთვის”, გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს.