სტუ-ში, პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში, კონფერენცია/ვორკშოფი - „ბიზნესთან თანამშრომლობა“ გაიმართა

სტუ-ში, პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში, კონფერენცია/ვორკშოფი - „ბიზნესთან თანამშრომლობა“ გაიმართა

 

სტუ-ში, პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში, კონფერენცია/ვორკშოფი - „ბიზნესთან თანამშრომლობა“ გაიმართა

06-03-2024
სტუ-ში, პროექტ  ReINNOVA-ს ფარგლებში, კონფერენცია/ვორკშოფი - „ბიზნესთან თანამშრომლობა“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის - „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში - ReINNOVA“ - ფარგლებში, კონფერენცია/ვორკშოფი - „ბიზნესთან თანამშრომლობა“ გაიმართა.  

კონფერენცია/ვორქშოფის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტის - კილის ბიზნესის სკოლის (დიდი ბრიტანეთი) მეწარმეობის დირექტორი, დოქტორი კოლინ რიგბი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ReINNOVA-ს ოპერაციული მენეჯერი, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ბორის გითოლენდია, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, პროექტის მენეჯერები და სტუდენტები, ასევე, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

კონფერენცია/ვორკშოფი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროექტ ReINNOVA-ს ინსტიტუციურმა კოორდინატორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორი ღონისძიების მონაწილეებს პროექტის იდეისა და კონცეფციის შესახებ ესაუბრა და ReINNOVA-ს მენეჯმენტს, პროექტის ეგიდით განსახორციელებელი აქტივობების უზრუნველსაყოფად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„მივესალმები პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში შეკრებილ ჩვენს სტუმრებს, კონფერენცია/ვორკშოფის - „ბიზნესთან თანამშრომლობა“ - მონაწილეებს. მოგეხსენებათ, რამდენად რთულია ფეხი აუბა იმ ტექნოლოგიებს, რომელებიც მსოფლიოში ელვისებური სისწრაფით ვითარდება. შესაბამისად, სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებსაც უწევთ დიდი შრომა, რომ განვითარების სასურველ შედეგებს მიაღწიონ. ეს კი შეუძლებელია დამსაქმებელი ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობის გარეშე. სწორედ ამიტომ, პროექტ ReINNOVA-ს დონორების - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გიორგი ამილახვარისა და მისი მოადგილეების უშუალო ჩართულობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ძალისხმევით, მივდივართ საერთო მიზნისკენ, რაც მოიაზრებს ჩვენს უნივერსიტეტსა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას. პროექტმა, სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესებით, უნდა უზრუნველყოს უმაღლესი განათლების სექტორში დამსაქმებელთა ჩართულობის გაძლიერება და ხელი შეუწყოს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადებას. ჩვენი მიზანია, კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით, შეიქმნას ახალგაზრდების კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის ქმედითი შესაძლებლობები, რაც მოითხოვს სასწავლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის აქტიურად ასახვას ტრენინგების, სემინარების, ერთობლივი კვლევითი აქტივობებისა და სხვა ინოვაციური მექანიზმების გზით. ამ პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, კონკრეტული ბიზნესპრობლემების გადაჭრაც მოხდეს და ეს პროცესი დამსაქმებელი კომპანიების, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ერთობლივი კოოპერაციით წარიმართოს. ამისათვის მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ და გავაუმჯობესოთ კავშირები დამსაქმებელს, სტუდენტებსა და  კურსდამთავრებულებს შორის. ამ მიზნით, ბიზნესსექტორს ღია თანამშრომლობას ვთავაზობთ. გვაქვს სრული მზაობა, განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობას გააუმჯობესებს. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით სასურველ შედეგებს მივაღწევთ და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებით, ხელს შევუწყობთ საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო ინფრასტრუქტურის სწრაფ მოდერნიზაციას, ახალგაზრდა, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებასა და რაც ასევე მთავარია, სწავლების შედეგებსა და შრომის ბაზრის მოლოდინებს შორის განსხვავების მაქსიმალურად შემცირებას“, - განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში გამართულ კონფერენცია/ვორქშოფზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „გრინვეი საქართველოს“ შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და კომპანიის დირექტორმა, ვახტანგ ებიტაშვილმა მოაწერეს ხელი.

„მინდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები, დამსაქმებლებთან ერთად, ძალისხმევას არ დაიშურებენ იმ მიზნით, რომ მოტივირებული ახალგაზრდები, ჩვენი მომავალი თაობა ძლიერ პროფესიონალებად და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

როგორც „გრინვეი საქართველოს“ დირექტორმა, ვახტანგ ებიტაშვილმა განაცხადა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გამყარება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ტექნიკურ-ტექნოლოგიური მიმართულების ფლაგმან უნივერსიტეტთან, რაც მხარეებისთვის საერთო მიზნების განხორციელების მყარ საფუძველს შექმნის. 

„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა ნაყოფიერი იქნება. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტების განვითარების პროცესში ბიზნესის ჩართულობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმატებული ბიზნესი არის გარანტი, რომ სამომავლოდ, ახალგაზრდები თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით დასაქმდნენ და დარგის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. „გრინვეიში“ სტაჟირების პროცესში, რაც კომპანიის ინფრასტრუქტურისა და ტექინსპექტირების ცენტრების ბაზაზე ჩატარდება, დაინტერესებული სტუდენტები საფუძვლიანად შეისწავლიან ტექინსპექტირების პროცესს. საუკეთესო შედეგების მქონე ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა „გრინვეიში“ დასაქმდნენ. ჩვენი მხრიდან ველით, რომ თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს“, - აღნიშნა ვახტანგ ებიტაშვილმა.

კონფერენცია/ვორქშოფზე კილის ბიზნესის სკოლის (დიდი ბრიტანეთი) მეწარმეობის დირექტორმა, დოქტორმა კოლინ რიგბიმ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის განხორციელების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ReINNOVA-ს ოპერაციულმა მენეჯერმა, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, ბორის გითოლენდიამ, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, ზურაბ გვიშიანმა, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ და პროექტის მენეჯერებმა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს, ასევე, დამსაქმებელი კომპანიების - „გრინვეი საქართველო“, „ლაიონ ტრანსი“, „ავტობანი“, „თეგეტა“, „მშენებელი 50“, „ჰაიდელბერგცემენტი“, „ფორსი“ - წარმომადგენლებს სტუ-ის კვლევებისა და ინოვაციების მხარდამჭერი პროექტის სტრატეგიული მიზნებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. გარდა ამისა, ვორკშოპზე, პრეზენტაციის სახით, წარმოდგენილ იქნა ReINNOVA-ს ფარგლებში ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგები.

პროექტმა - „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში - ReINNOVA”, რომელიც რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ავტორობით იქნა წარდგენილი, 2023 წელს მსოფლიო ბანკის, საქართველოს I2Q ინოვაციის, ინკლუზიისა და ხარისხის პროექტის (CIF) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვება მოიპოვა. ReINNOVAს მიზანი, სტუ-სა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება, განათლების პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობის უზრუნველყოფა და სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესების გზით შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობაა.

ReINNOVA საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და სამშენებლო ფაკულტეტების 6 საგანმანათლებლო პროგრამაში პროექტის პილოტირებასა და საწარმოო პრაქტიკის სასწავლო მოდულის გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) პარტნიორობით, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი ახორციელებს.

 

სიახლეებში დაბრუნება