26-03-2009
საერთაშორისო საველე გეოლოგიური ბანაკი
INTERNATIONAL GEOLOGICAL FIELD CAMP
საქართველოს ტერიტორია რთული და ზედმიწვენით საინტერესო გეოლოგიური აგებულებით ხასიათდება. აქ გავრცელებულია სხვადასხვა ასაკის და ლითოლოგიის მაგმური, მეტამორფული და დანალექი ფორმაციები, მოიპოვება მრავალფეროვანი მადნები, მადანგამოვლინებები, საკოლექციო იშვიათი მინერალები და “ბუნებრივი გეოლოგიური ძეგლები”.
საერთაშორისო საველე გეოლოგიური ბანაკის (პრაქტიკის) ორგანიზება და უზრუნველყოფა დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი და უცხოელი ბაკალავრების და მაგისტრანტების ურთიერთობა – დაახლოებას და, რაც მთავარია, მათ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.
გეოლოგიური ბანაკის საქმიანობა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:
- გეოლოგიური მარშრუტები, ქვიური მასალის შეგროვება და საველე ინფორმაციის სისტემატიზაცია, სამუზეუმო კოლექციის მოპოვება და ამ კოლექციით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მუზეუმების გამდიდრება;
- ღირშესანიშნაობების, ისტორიული არქიტექტურული ძეგლების და არქეოლოგიური ობიექტების გაცნობა – დათვალიერება;
- გეოლოგიური გზამკვლევების შედგენა, არსებული მეგზურების დაზუსტება და მოპოვებული ინფორმაციის ინტერნეტის ქსელში განთავსება;
- სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების და სემინარების მოწყობა, ბუკლეტების შედგენა და გამოცემა;
- სტუდენტთა საველე გეოლოგიური ბანაკისთვის შერჩეულია და ნაწილობრივ მომზადებულია ორი ობიექტი, ბოლნისის და სტეფანწმინიდის რაიონებში;
ბოლნისის რაიონი შერჩეულ იქნა რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის, უმთავრესია ზოგადად გეოლოგიური და მინერალოგიური ფაქტორები. კერძოდ, რაიონის ტერიტორიაზე ვხვდებით სხვადასხვა ტიპის საბადოებს, როგორიცაა ბარიტ-პოლიმეტალური, სპილენძ-კოლჩედანიანი, ოქროს შემცველი მეორადი კვარციტები და სხვ. გარდა ამისა, აქ ფუნქციონირებს მადნეულის სამთო მომპოვებელი კომბინატი, რომელიც საქართველოს სამთამადნო მრეწველობის ფლაგმანია. აღნიშნულ საბადოებზე სტუდენტები გაეცნობიან მადნის ტიპებს, ოქროს შემცველ კვარციტებს, ოქროს და სპილენძის კონცენტრატის მიღების ტექნოლოგიებს.
ბოლნისის რაიონის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობს პალეოზოური კრისტალური, მეზოზოური ვულკანოგენური და დანალექი ქანები, კაინოზოური ინტრუზიული სხეულები და დოლერიტული ლავური განფენები. ასევე ბოლნისში მდებარეობს ცნობილი ზოლიანი ტუფის – საუცხოო მოსაპირკეთებელი ქვის საბადო. აქედან გამომდინარე, ექსპედიციის ნომაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქანების მრავალფეროვნებას, მიიღონ ინფორმაცია მეურნეობის სხვადასხვა დარგში მათი გამოყენების შესახებ.
ამავე რეგიონში მრავალი არქიტექტურული ძეგლია, რომელთა შორის ისტორიული ღირებულებით გამორჩეულია ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, ქვეშის ციხე, სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი და სხვ.
განსაკუთრებით საინტერესოა პატარა დმანისის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები, სადაც აღმოჩნილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანების თავის ქალა, რომელთა ასაკი 1 800 000 წელია.
მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ სოფ. კაზრეთში არსებობს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო – კვლევითი ბაზა, რომელშიც სტუდენტებისთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობებია შექმნილი.
სტეფანწმინდის რაიონის პრაქტიკის ობიექტად შერჩევა იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ ეს რაიონი მდებარეობს კავკასიონის ნაოჭა სისტემის ფარგლებში.
სტეფანწმინდის რაიონში (დარიალის ხეობაში) გაშიშვლებულია პალეოზოური გრანიტოიდები, იურული ასაკის თიხაფიქლები, რაიონის სამხრეთ ნაწილში კი ცარცული კარბონატული ნალექები. სტეფანწმინდის რაიონში ფართო გავრცელება აქვს პლიოცენურ-მეოთხეული ასაკის ანდეზიტურ და დაციტურ ვულკანურ ქანებს. აქვეა ძველი, ეგზოტიკური ვულკანური ცენტრები -მყინვარწვერი, ქაბარჯინა და სხვ.
სტუდენტები გაეცნობიან კავკასიონის ქედის გეოლოგიურ აგებულებას და აქ გავრცელებული ქანების დიდ მრავალფეროვნებას.
გარდა აღნიშნულისა, სტეფანწმინდის რაიონი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით, უნიკალური მინერალური წყლების ბუნებრივი გამოსავლებით და სხვა წიაღისეული.
ამგვარად, საერთაშორისო საველე გეოლოგიური ბანაკის მონაწილეებს სასწავლო და სამეცნიერო პრაქტიკის გავლის შედეგად საშუალება ეძლევათ გაეცნონ ლანდშაპტითა და გეოლოგიურად ორ ერთმანეთისაგან განსხვავებულ რეგიონს, სადაც ტურიზმის (ზოგჯერ ექსტრემალური) მოყვარულებს ელოდებათ ადამიანური ურთიერთობების, კულტურული და ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნება.
ახლო მომავალში გათვალისწინებულია შედგენილ იქნას გეოლოგიურ-ბუნებრივი ძეგლის “გოდერძის განამარხებული ხის” საბადოს გეოლოგიური მარშრუტების გზამკვლევი (აჭარის რეგიონი), კატალოგი და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდეს ინტერნეტში.
დასასრულს მოეწყობა ქართველ და უცხოელ სტუდენტთა და მაგისტრანტთა ერთობლივი კონფერენციები და სემინარები.
სიახლეებში დაბრუნება