საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება - „ევროკავშირი - ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. საქართველო საზღვაო ქვეყანა“ - გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღონისძიების მონაწილეებს, სტუმრებს, სტუდენტებსა და საქართველოს ხელისუფლებას: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, გენერალურ მდივანს და თბილისის მერს, კახა კალაძეს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა.
სტუ-ის რექტორის განცხადებით, კავკასია ორი დიდი ცივილიზაციის ზღვარზეა. საქართველოში, ამ ორი ცივილიზაციის შეჯერების შედეგად, ჩამოყალიბდა ერთგვარი ინტერკულტურული გარემო, სადაც დასავლური ფასეულობები და აღმოსავლური კულტურის ნიშნებია შერწყმული. საქართველოში ქრისტიანული აღმსარებლობის დამკვიდრებამ მეტად ინტენსიური გახადა ევროპის ქრისტიანულ სამყაროსთან კავშირი.
„ქართველი ერი თავისი თვითშეგნებით ყოველთვის დასავლური ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენდა. ჩვენი წინაპრებისა თუ თანამედროვეთა სწრაფვა დასავლეთისკენ მოიცავდა და მოიცავს პოლიტიკურ, რელიგიურ, ეკონომიკურ, კულტურულ ნაწილს. თანამედროვე სწრაფვა ევროპული ოჯახისკენ, არის მცდელობა საქართველო თავის ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდეს. დღეს სანუკვარი ოცნება ახდა, პირველი წარმატებული ნაბიჯი გადადგმულია - საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის, ხელისუფლებისადმი თითოეული ჩვენგანის ნდობის გამოვლინებისა და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმების დამსახურებაა. ევროპისკენ სწრაფვამ, ხალხის და მთავრობის ერთიანობამ ჩამოაყალიბა ჩვენი ეროვნული ფასეულობანი და პოლიტიკური ინტერესები.
ევროკავშირი არის მეტი დემოკრატია, მეტი განათლება, მეტი შესაძლებლობა და ღრმად გვწამს, რომ ჩვენი მეცნიერები, მკვლევრები, სტუდენტები კიდევ უფრო მეტად ასახელებენ თავიანთ ალმა-მატერს და სამშობლოს. გილოცავთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ ქართველ ერს, საქართველოს მთავრობასა და მხედრობას“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
საზეიმო ღონისძიებაზე - „ევროკავშირი - ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. საქართველო საზღვაო ქვეყანა“, საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ სემეკის თავმჯდომარე, პროფესორი დავით ნარმანია, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, აკადემიკოსი ვაჟა ლორთქიფანიძე, სტუ-ის პროფესორი მამუკა გიორგაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების ფარგლებში, შედგა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ყოფილი დეკანისა და პრორექტორის, საქართველოს ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის მერაბ ადეიშვილის წიგნის „საქართველო საზღვაო ქვეყანა“, პრეზენტაცია.
მერაბ ადეიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს, საზოგადოებას და ხელისუფლებას მიულოცა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და აუდიტორიას წიგნი წარუდგინა.
„ჩემი მეხუთე წერილი ციკლიდან „დიდი გზა სამხრეთ კავკასიისთვის“ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს კითხვაზე ცდილობს პასუხის გაცემას: ვართ თუ არა საზღვაო ქვეყანა? როგორი იყო ისტორიული საფეხურები, როგორია დღევანდელი რეალობა და პერსპექტივა, როგორ გვაქვს ყოველივე აღქმული და გათავისებული, დღეს რას ვაკეთებთ და რა ვერ გავაკეთეთ, რომ სათანადო გარემო და ინფრასტრუქტურა შეგვექმნა, რათა ქვეყნის ეს უდიდესი შესაძლებლობა - საზღვაო ფუნქცია - მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. ვწერ იმის შესახებ, რომ მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობებისა, მაინც როგორ ვახერხებდით, ვყოფილიყავით დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. შევეცადე საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებისთვის გამეცა პასუხი. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ჩემს კოლეგებს ამ ღირსშესანიშნავ დღეს წიგნის პრეზენტაციის შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა თავის გამოსვლაში მერაბ ადეიშვილმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მერაბ ადეიშვილი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.