სტუ- ში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დღე აღინიშნა

სტუ- ში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დღე აღინიშნა

 

სტუ- ში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დღე აღინიშნა

26-10-2023
სტუ- ში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დღე აღინიშნა


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დღე აღინიშნა. წელს ინსტიტუტს დაარსებიდან 63 წელი შეუსრულდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, დარგის სპეციალისტები, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და მიწვეული სტუმრები.

ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.

როგორც დავით გურგენიძემ განაცხადა, კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში დაფუძნდა, იმ დროს, როცა, მსოფლიოში დარგი ფეხს იდგამდა. ამ ფონზე საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნება, იმ პერიოდშიც და დღესაც ქართველი მეცნიერების  სიახლეებისკენ სწრაფვაზე მიუთითებს.

„63 წლის წინ, დიდი მეცნიერის, ფიზიკოსის, მათემატიკოსისა და კიბერნეტიკოსის, აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის დიდი შრომის და თამამად შეიძლება ითქვას, ბრძოლის შედეგად, საქართველოში დაფუძნდა პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სადაც ახალგაზრდა, პერსპექტიულმა მეცნიერებმა მოიყარეს თავი. ეს პირველი ნაბიჯი დაკავშირებული იყო გამოთვლითი ტექნიკისა და კიბერნეტიკის განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებთან, რომელთა გამოყენებამ მეცნიერების თითქმის ყველა სფეროში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვლადიმერ ჭავჭანიძის ხელმძღვანელობით, კიბერნეტიკის ინსტიტუტმა წამყვანი ადგილი მოიპოვა არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო სამეცნიერო წრეებში. შემთხვევითი არაა, რომ თბილისში ჩატარდა მე-4 საერთაშორისო კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტში, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს ყველა წამყვანი სამეცნიერო სკოლის მეცნიერები იაპონიიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან. დღეს ინსტიტუტი 63 წლისაა. ინსტიტუტმა ბევრი სირთულე  დასძლია, იყო წარმატებები და იყო შეფერხებაც, თუმცა, დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინსტიტუტი ღირსეულად აგრძელებს დიდი მეცნიერების გაკვალულ გზაზე სიარულს. დღეის მონაცემებით, ინსტიტუტს 100-ზე მეტი უცხოური თუ ეროვნული გრანტი აქვს მოპოვებული, ამ ეტაპზე  მეცნიერები მუშაობენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოთხი გრანტის,  DAAD-ის სამი და ერთი საერთაშორისო გრანტის შესრულებაზე. ბოლო პერიოდში გაიხსნა ახალი მიმართულებების, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ორი ლაბორატორია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, იმისათვის, რათა ინსტიტუტმა მიიზიდოს მეტი ახალგაზრდა მეცნიერი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასახელებენ. ვულოცავ ინსტიტუტს, მეცნიერებს, მკვლევრებს ამ მეტად მნიშვნელოვან თარიღს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.


ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევიტი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ თამაზ სულაბერიძის თქმით, ინსტიტუტში ახალი ლაბორატორიები ამოქმედდა და განახლდა ინფრასტრუქტურა. თამაზ სულაბერიძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ინსტიტუტის დღის დაარსება, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილება. ესაა დღე, როცა, ჩვენ, მეცნიერები ერთგვარად ვაჯამებთ მუშაობის შედეგებს. ეს არის ნაფიქრის, ნააზრევისა და განვლილი გზის ხელახლა გააზრების დღე. ეს არის ჩვენს მეცნიერთა მიერ მოპოვებული წარმატებებისა და სამომავლო გეგმების გაზიარების დღე და სიხარული, რომელსაც თითოეული ჩვენგანი და ინსტიტუტი ნამდვილად იმსახურებს. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამშრომელს ინსტიტუტის დაარსების დღეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, - განაცხადა თამაზ სულაბერიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და სტუმრებმა, დაათვალიერეს კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ასევე, სტუ-ის ინსტიტუტ „ტალღის“ ლაბორატორიები. კიბერნეტიკის ინსტიტუტი და „ტალღა“ ერთ სივრცეშია განთავსებული. ინსტიტუტ „ტალღის“ დირექტორის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, პროფესორ მედეა ბურჯანაძის თქმით, „ტალღა“ ახორციელებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და ატარებს მნიშვნელოვან კვლევებს, მათ შორის: შენადნობთა ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლას მათი შემდგომი გამოყენებისთვის ადამიანის ორგანიზმში. ურბანული გარემოს რადიოეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას და სხვ.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თამაზ სულაბერიძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ხოლო პროფესორებს, თერმო-ფიტოქრომული სტურუქტურების ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, გია პერტიაშვილსა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ნიკოლოზ მარგიანს საპატიო დიპლომები გადასცა. საქართველოს ტექნიკური უნივერსუიტეტის რექტორმა საპატიო დილომები გადასცა სტუ-ის ინსტიტუტ „ტალღის“ დირექტორს, მედეა ბურჯანაძეს, მეცნიერ-თანამშრომლს, იამზე კალანდაძესა და უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, კახა გორგაძეს.

 

სიახლეებში დაბრუნება